ბარსელონას პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ მორიგი იურიდიული გამარჯვება მოიპოვა.
ესპანური მედიის ცნობით, რეუს დეპორტიუს საქმესთან დაკავშირებული თაღლითობის ბრალდება სასამართლომ არ დააკმაყოფილა, რითაც კატალონიური კლუბის პრეზიდენტს ამოსუნთქვის საშუალება მიეცა.
ბარსელონას 22-ე ინსტანციის სასამართლომ მარია ტერეზა ალიბაუ ბატჩის სარჩელი ჟოან ლაპორტას, მისი მოადგილის რაფაელ იუსტეს, ხავიერ სალა მარტინის, ჟოან ოლივერისა და კომპანიების Kor Stor და CSSB Limited-ის წინააღმდეგ სრულად უარყო. მოსამართლე მარტა ბომ გადაწყვეტილება მარტივად ახსნა და აღნიშნა, რომ სარჩელში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება, რომელიც თაღლითობის დანაშაულს დაადასტურებდა.
საქმე მოსარჩელის მიერ რეუს დეპორტიუში განხორციელებულ ორ ინვესტიციას ეხებოდა. პირველ ინვესტიციაზე მან მოიგო, მეორეზე კი სასამართლომ საჩივარი უარყო, რადგან კრიმინალური აქტივობის კვალი არ გამოკვეთილა.
ეს ლაპორტასთვის მოკლე დროში უკვე მეორე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. გასული ივნისის დასაწყისში ბარსელონას სასამართლომ ყოფილი ჩოგბურთელის, ალბერტ რამოსის ანალოგიური სარჩელიც უარყო, რომელიც თაღლითობაში ჟოან ოლივერს ადანაშაულებდა.