3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კრისტალ პალასის მთავარმა მწვრთნელმა, ოლივერ გლასნერმა დაადასტურა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, კლუბს დატოვებს და „ახალი გამოწვევის“ ძიებას დაიწყებს.
ავსტრიელი სპეციალისტი, რომელმაც არწივები ისტორიაში პირველ მნიშვნელოვან ტიტულამდე მიიყვანა და გასულ სეზონში ინგლისის თასი მოაგებინა, ივნისში მოქმედი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება.
გლასნერის მომავალზე სპეკულაციები ბოლო პერიოდში გაძლიერდა და მან თავადვე განმარტა ვითარება, როდესაც აღნიშნა, რომ კლუბის თავმჯდომარეს, სტივ პერიშს, უკვე დიდი ხნის წინ აცნობა, ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ ვაპირებო.
გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მივიღე
„ოქტომბერში, სანაკრებო პაუზის დროს, სტივთან შეხვედრა მქონდა. ძალიან გრძელი საუბარი გამოგვივიდა და პირდაპირ ვუთხარი, რომ ახალ კონტრაქტს ხელს არ მოვაწერდი.
იმ მომენტში შევთანხმდით, რომ ეს ინფორმაცია ჩვენს შორის დარჩებოდა. ასე სჯობდა კლუბისთვის და სამი თვის განმავლობაში კონფიდენციალურად შევინახეთ.
ახლა კი მნიშვნელოვანია, სიცხადე იყოს. დატვირთული გრაფიკის გამო ამ თემაზე საუბარს თავს ვარიდებდით. მე და სტივს ერთნაირი სურვილი გვაქვს — კრისტალ პალასისთვის საუკეთესო შედეგი“.
გლასნერმა ასევე აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილება მხოლოდ კარიერაში ახალი ეტაპის დაწყების სურვილით არის განპირობებული და ამას არანაირი კავშირი არ აქვს კლუბის სატრანსფერო პოლიტიკასთან.
ახალი გამოწვევები მსურს
„სტივს პირდაპირ ვუთხარი, რომ უბრალოდ ახალი გამოწვევა მსურს“, — განაცხადა გლასნერმა. „ეს ჯერ კიდევ ოქტომბერში ვთქვი და ამას სატრანსფერო ფანჯარასთან საერთო არაფერი აქვს.
ძალიან არ მომწონს, როცა იწერება ან ითქმის ის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და ჩემთვის რთული იყო, ამ ყველაფერზე არ მეპასუხა. სტივთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, რაც კრისტალ პალასისთვის არის საუკეთესო“.
ბოლო პერიოდში გლასნერს მანჩესტერ იუნაიტედის პოსტსაც უკავშირებდნენ, სადაც სეზონის ბოლომდე მთავარი მწვრთნელის მოვალეობას მაიკლ კერიკი ასრულებს.
თუმცა 51 წლის სპეციალისტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სხვა კლუბთან კონტაქტი არ ჰქონია და მისი სრული ყურადღება კრისტალ პალასის ევროპულ კამპანიაზე — კონფერენს ლიგაზე არის მიმართული.
„არც ერთ სხვა კლუბთან არ მისაუბრია. ეს ფეხბურთელებსაც ვუთხარი და დღეს დავპირდი, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა კრისტალ პალასის ისტორიაში საუკეთესო სეზონი ჩავატაროთ.
ამ ეტაპზე ოთხი ქულით უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე გასულ სეზონში იგივე დროს და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სელჰერსტ პარკზე კიდევ ერთი ტიტული ჩამოვიტანოთ.
დღეს კონფერენს ლიგის წილისყრაც გაიმართა. პლეი-ოფში ბოსნიური ზრინსკი მოსტარის წინააღმდეგ ვითამაშებთ. ბადის სტრუქტურასაც გადავხედე და საკმაოდ საინტერესოა, ვინ შეიძლება შეგვხვდეს ჩვენს ნაწილში.
ყველაფერს გავაკეთებ, რომ სელჰერსტ პარკზე კიდევ ერთი ტიტული ჩამოვიდეს“. — აღნიშნა გლასნერმა.

ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები