საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის B დივიზიონში ურთულესი დასკვნითი ეტაპი ელის.ნოემბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში, ჩვენი გუნდი ჯერ უნგრეთს უმასპინძლებს, შემდეგ კი სტუმრად უკრაინას დაუპირისპირდება.
მომავალი თამაშებისთვის მზადება უკვე დაიწყო უნგრეთის ნაკრებმაც. თბილისში 14 ნოემბერს გასამართ დაპირისპირებაზე გალათასარაის შემტევმა, როლანდ შალაიმ ისაუბრა, რომელსაც ერთი თვის წინ, ბუდაპეშტში გამართული პირველი შეხვედრა (რომელიც მასპინძლებმა 1:0 მოიგეს) ტრავმის გამო გაუცდა. შალაის თქმით, საქართველოს წინააღმდეგ თამაშის გამოცდილება არ აქვს, თუმცა უდიდესი მოლოდინი აქვს, რომ შაბათის მატჩი დასამახსოვრებელი გამოდგება და უნგრეთი სახლში სასურველი 3 ქულით დაბრუნდება. ფეხბურთელი ხაზს უსვამს გუნდის პროგრესს და სჯერა,რომ ისინი A ლიგაში დაბრუნების მთავარ მიზანს შეასრულებენ.
უნგრელთა ბანაკში სიახლეებიცაა, ეროვნულ გუნდში პირველი გამოძახება მიიღო იოჟეფ ურბლიკმა. ახალწვეული მოტივირებულია, რომ ვარჯიშებზე ბოლომდე დაიხარჯოს და თავი გამოიჩინოს. მიუხედავად იმისა, შედგება თუ არა მისი დებიუტი უშუალოდ თბილისში, ურბლიკი აცხადებს, რომ ნაკრებში მოხვედრა მისთვის უკვე უდიდესი პატივია.
რაც შეეხება ჯგუფში არსებულ მდგომარეობას, სატურნირო ცხრილი საქართველოსთვის საკმაოდ მძიმედ გამოიყურება. 4 ტურის შემდეგ 8 ქულით ჩრდილოეთ ირლანდია ლიდერობს, უნგრეთს 7 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზეა, უკრაინა 4 ქულით მესამეა, ხოლო ჩვენი ნაკრები მოუგებლად და რაც ყველაზე დასანანია, გატანილი გოლის გარეშე, 2 ქულით ბოლო ადგილს იკავებს. ვნახოთ, შეძლებენ თუ არა ბიჭები უსიამოვნო სერიის დასრულებას ჯერ 14 ნოემბერს თბილისში უნგრეთთან, შემდეგ კი 17 ნოემბერს უკრაინასთან.