-
Aa
+
ფონტის ზომა
ამით ფრანგი მომდევნო კვირაში ალიანც არენაზე გასამართ შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვან საპასუხო მატჩს გამოტოვებს. თუმცა უეფამ შესაძლოა უფრო მკაცრი სანქცია დააწესოს.
ეს იყო გათვლილი ნაბიჯი, რომელიც შეიძლება უკუშედეგით დასრულდეს. მაიკლ ოლისემ დიდი რისკი აიღო, როცა შეგნებულად სცადა ყვითელი ბარათის მიღება.
77-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი უკვე 6-0-ს იგებდა, საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა, რომელმაც ორი შესანიშნავი გოლი გაიტანა და სერჟ გნაბრის საგოლე გადაცემაც გაუკეთა, კუთხურის შესრულება შეგნებულად გააჭიანურა. მან არ იჩქარა, მიუხედავად მსაჯების გაფრთხილებებისა.
24 წლის ფეხბურთელი, რომელსაც ამ ტურნირზე უკვე ორი ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული, საბოლოოდ მაინც გააფრთხილეს. ეს ნიშნავს, რომ ის დისკვალიფიცირებული იქნება მერვედფინალის საპასუხო მატჩში, რომელიც მომავალ ოთხშაბათს ალიანც არენაზე გაიმართება. თეორიულად, ამან მას ტურნირის დარჩენილი ნაწილი არ უნდა გამოატოვებინოს.
იოზუა კიმიხიც ყურადღების ცენტრშია
თუმცა უეფამ შესაძლოა მაიკლ ოლისეს ამ ქცევის გამო უფრო მკაცრი სასჯელი დაუწესოს. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს სადისციპლინო წესები ითვალისწინებს უფრო მძიმე სანქციას იმ მოთამაშეებისთვის, რომლებიც შეგნებულად ცდილობენ ყვითელი ბარათის მიღებას, რათა შემდეგ მატჩში იყვნენ დისკვალიფიცირებული.
ეს გაკეთებულია იმისთვის, რომ ფეხბურთელებმა ვერ „აირჩიონ“, რომელ მატჩს გამოტოვებენ. ახლა უნდა გაირკვეს, მიიჩნევს თუ არა უეფა ოლისეს ქცევას ასეთ შემთხვევად, როგორც ეს წარსულში მოხდა სერხიო რამოსისა და დანი კარვახალის შემთხვევაში.
თუ ასე მოხდა, მაშინ იოზუა კიმიხსაც აქვს სანერვიულო. 83-ე წუთზე ბაიერნის ლიდერმა, რომელსაც ასევე ჰქონდა დისკვალიფიკაციის საფრთხე, საჯარიმოს შესრულება საკმაოდ გააჭიანურა.
ოლისეს მსგავსად, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა საბოლოოდ ყვითელი ბარათი მიიღო, რაც საშუალებას მისცემს გამოტოვოს მერვედფინალის საპასუხო მატჩი და უპრობლემოდ დაბრუნდეს მეოთხედფინალში, სადაც ბაიერნი რეალსა და მანჩესტერ სიტის დაპირისპირების გამარჯვებულს შეხვდება.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები