ატალანტასთან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში, სადაც ბაიერნმა მეტოქე 6:1 გაანადგურა, ჯოშუა კიმიხმა და მაიკლ ოლისემ ყვითელი ბარათები მიიღეს.
ამის გამო, ორივე ფეხბურთელი მიუნხენურ განმეორებით შეხვედრას გამოტოვებს, თუმცა, სამაგიეროდ, ისინი „სუფთა“ იქნებიან სავარაუდო მეოთხედფინალისთვის, სადაც გერმანელებს შესაძლოა მანჩესტერ სიტი ან რეალ მადრიდი დაუპირისპირდნენ.
ბაიერნისთვის ეს საკმაოდ ხელსაყრელი სცენარია. სწორედ ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ დუეტმა ბარათები განზრახ მიიღო, რათა დისკვალიფიკაცია უფრო რთულ ეტაპამდე მოეხადათ.
გერმანული საინფორმაციო სააგენტოს (DPA) კითხვაზე, დაიწყება თუ არა გამოძიება ამ ფაქტზე, უეფაში არც დაადასტურეს და არც უარყვეს:
„როდესაც მსგავსი ინციდენტების შესახებ ოფიციალური შეტყობინება შემოდის, შესაბამისი პროცედურები ყოველთვის იწყება. თუ საქმე დისციპლინარულ ზომებამდე მივა, ინფორმაცია უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება,“ — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
Sport1-ის ინფორმაციით, კიმიხისა და ოლისეს დამატებითი დასჯა ნაკლებად სავარაუდოა. უეფას რეგულაციების მიხედვით, სანქცია მხოლოდ მაშინ გაიცემა, როცა ბარათის „აშკარად განზრახ მიღება“ მტკიცდება.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს სერხიო რამოსს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია სწორედ იმის გამო მიესაჯა, რომ რეალ მადრიდის მცველმა საჯაროდ აღიარა ბარათის განზრახ მიღება.
რამოსისგან განსხვავებით, კიმიხმა მატჩის შემდეგ თავისი გაფრთხილება საკმაოდ ლოგიკურად განმარტა:
„ეს სრულიად ზედმეტი იყო. პასის ვარიანტს ვეძებდი და ბურთის ამოტანა მინდოდა. ეს ყვითელი ბარათი ძალიან მაღიზიანებს,“ — აღნიშნა ფეხბურთელმა.