არენამაქსი
ქვიზები
სპორტის გურუ
სიახლეები
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
კილიან მბაპემ ფრანგულ L'Equipe-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც პსჟ-ს მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე, წარუმატებლობასთან გამკლავებასა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.
იმედია, ჩემს შვილს ფეხბურთი შესძულდება
შეცდომის უფლება არ გვაქვს. მაგრამ, სწორედ ასეთ დროს ხარ დაფასებული. ამ ყველაფერს იღებ, მდგრადობას იჩენ და სულ გამარჯვება გინდება. არასდროს არ მიყვარდა წარუმატებლობასთან შეგუება, ასე რომ მსგავსი კრიტიკა არ მადარდებს. საკუთარი თავის მიმართ სხვებზე მეტად მომთხოვნი ვარ და ამ ყველაფერს მშვიდად ვიღებ.
ფულს გამანადგურებელი ეფექტი გააჩნია. რაც მეტი ფულია - მით მეტი პრობლემაა. ფულს ცხოვრების განადგურება შეუძლია. ზოგი ადამიანი ვერ ეგუება ფაქტს, რომ ცხოვრება იცვლება - მათ სურთ დარჩე ისევ ისეთი ბავშვური, როგორიც მათ გვერდით იყავი. თუმცა, შენ უკვე განსხვავებული ხარ. უკვე გაქვს პასუხისმგებლობა, ვალდებულება, სამსახური - ეს ყველაფერი შენს თავს გართმევს.
პსჟ-ს მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგება: ამ გუნდში ბევრი მეგობარი მყავს. ვინც მიცნობს, იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის მეგობრობა. არ შეიძლება იფურთხებოდე იმ გუნდის მისამართით, სადაც შენი მეგობრები თამაშობენ, სულ რომ პსჟ-ზე არ იყოს საუბარი. ჩემი ისტორია იქ დასრულდა და მე ყველანაირი მწუხარების გარეშე წავედი. ის შეცდომებიც, რომელიც დავუშვი - ჩემი ისტორიის ნაწილია. როცა იქ ვთამაშობდი, ლიგის მოგებასთან ბევრჯერ ვიყავით ახლოს: ორჯერ ნახევარფინალში გავედით, ერთხელ ფინალშიც. შემდეგ კი რეალმა დამიძახა - კლუბმა, რომელიც მუდამ ჩემი ოცნება იყო. ამიტომ, არაფერს არ ვნანობ.
კარმა: შეიძლება იფიქროთ, რომ მე წყეული ლუზერი ვარ. პსჟ კარგად გაძლიერდა, ჩემპიონთა ლიგის მოგებასთანაც იყო ახლოს. თუმცა, დორტმუნდის ბორუსიასთან დავმარცხდით. ორი მატჩის ჯამში 40-ჯერ დავარტყით კარისკენ, 8-ჯერ ბურთი ძელს მოვარტყით. ახლაც ვერ ვხვდები, როგორ ვერ გავედით ფინალში, მართლა. ლუის ენრიკეს მეორე სეზონში პსჟ კიდევ უფრო უკეთ გაძლიერდა, განსაკუთრებით პაჩოს მოსვლით, ჩვენ კი ლა ლიგის ტიტული ბარსელონას დავუთმეთ, რომელსაც საუცხოო სეზონი ჰქონდა. დეტალებს როცა ჩაუღრმავდები, ყველაფრის ახსნას იპოვი.
მინდოდა მიმეღო ფული, რომლისთვის საკუთარი ოფლი დავღვარე
პსჟ-ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანა: ეს ფული კანონმდებლობით მეკუთვნის. პროცესი ქმნიდა შთაბეჭდილებას, თითქოს კლუბისთვის ზიანის მიყენება მინდოდა. არადა, მე კონტრაქტი გავაფორმე და მინდოდა იმის მიღება, რაც მეკუთვნოდა. პსჟ-ს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ეს კლუბი მიყვარს, იქ მეგობრები მყავს. ჩემი ერთადერთი მოტივაცია და მიზანი იყო იმის მიღება, რაც კანონით მე მეკუთვნოდა. რის გამოც ვიშრომე და ოფლი ვღვარე. მოგწონთ თქვენ ეს თუ არა, ეს პირველ რიგში ჩემი სამსახურია. ჯერ კიდევ პსჟ-ში ვიცოდი, რომ არ გადამიხდიდნენ ამ ფულს. მარტივი შესამჩნევია, რომ ფული აღარ გერიცხება. სკანდალის ატეხვა ჯერ კიდევ წასვლამდე შემეძლო, მაგრამ არ ღირდა. ასეა თუ ისე, როცა დრო გადის, ფულს კი არ გიხდიან, რაღაც რეაგირება ხდება საჭირო.
რატომ არ მოჰყავს ცოლი: ვმოქმედებ იმ მიდგომით, რომ ფეხბურთი - ჩემი ცხოვრებაა და მინდა, კარიერისგან მაქსიმუმი ავიღო. არ ვიცი, შეიძლება ვცდები, ან მართალი ვარ. ამას მხოლოდ მომავალი და ღმერთი გვიჩვენებს.
ფეხბურთისადმი მიდგომა: ფანატიკურად ვუდგები ფეხბურთის სამყაროს, მაგრამ არა ცხოვრებას. ცხოვრება მშვენიერია, ფეხბურთი კი ისეთია, როგორიც არის. ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ადამიანები, ვინც უბრალოდ მოდიან სტადიონებზე და შოუს უყურებენ - იღბლიანები არიან, იმიტომ რომ მათ წარმოდგენა არ აქვთ, რა ხდება კულისებს მიღმა. სიმართლე გითხრათ, ეს ვნება რომ არ მქონოდა, ფეხბურთი დიდი ხნის წინ შემზიზღდებოდა.
რატომ უჭირს ხალხის ნდობა: პარანოიაში გადავარდნა არ ღირს, მაგრამ უნდობლობას მცირედით მაინც იგრძნობ. "რატომ მეუბნება ამას? რა უნდა ჩემგან? რას ელოდება, რომ გავაკეთებ? ძალიან ბევრი "რატომ" გვაქვს. სიფრთხილეს და პარანოიას შორის ძალიან ვიწრო ხაზი გადის. შეიძლება გიჟადაც ჩაგთვალონ. იმდენჯერ გამიგია, რომ ადამიანები რომელიმე ფეხბურთელზე ამბობდნენ, გიჟიაო. არა, გიჟი არ არის, არც პარანოიკია, უბრალოდ გარშემო ბევრი სულელი ჰყავს. შეიძლება ახლა კარგი ადამიანი შეხვდა, მაგრამ იქამდე 20 სულელი ეხვია თავს, ასე რომ ახლა ეჭვები ღრნის და ეს ნორმალურია.
შვილები: არასდროს არ ვურჩევ ჩემს შვილს საფეხბურთო სამყაროში მოსვლას. იმედია, მეყოლება შვილი, რომელსაც ფეხბურთი შეზიზღდება.
ის მხოლოდ შენ კი, არა, ყველას ეკუთვნის
ინტერვიუში მონაწილეობა კილიანის დედამ, ფაიზა ლამარიმაც მიიღო და ხაზი გაუსვა, რომ შვილის კარიერის დაწყების შემდეგ, ეს მისი ყველაზე გულწრფელი საუბარია პრესასთან
რატომ ვერ გრძნობს ზოგჯერ, რომ მბაპეს დედაა: როცა პსჟ-დან მიდიოდა, მას აფრთხილებდნენ, რომ პსჟ უფრო ახლოს არის ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან, ვიდრე რეალი, სადაც ის მიდის, მან კი ბავშვის თვალებით უპასუხა: "ვიცი, მაგრამ ჩემთვის სულერთია, მე ყველაფერს ნულიდან ვიწყებ" - ამ მომენტში დავინახე ის პატარა კილიანი, რომელიც თავის ოთახში ოცნებობდა. მოედანზე, როცა ის დაცვას არ ეხმარება, მაშინაც პატარა კილიანს ვხედავ. მას დაცვაში თამაში ოთხი წლიდან არ უყვარს! უბრალოდ, როცა გულშემატკივრები მხარს უჭერენ ან უსტვენენ - აი მაშინ კარგავ შენს შვილს. ის ყველას ეკუთვნის და არა მხოლოდ შენ. ასეთ დონეზე ფეხბურთის გარდა არაფრის დრო აღარ რჩება. არ ვარ დარწმუნებული, რომ ვისურვებდი ასე ცხოვრებას, მაგრამ ეს მისი არჩევანია.
აშინებს თუ არა ვარსკვლავის დედობა: სიტყვა "კერპი" არ მომწონს. ის ზოგჯერ გაშინებს, ზოგჯერ კი განერვიულებს. ყველა მხოლოდ პოპულარობაზე საუბრობს და არ აღნიშნავს იმ მოლოდინის დონეს, რომელიც ამ პოპულარობას მოაქვს. ასე რომ კი, შიში არსებობს. თუმცა, არსებობს ასევე სიხარულიც, როცა ვხედავ, როგორი სამაგალითო შეუძლია რომ იყოს. უფრო იმით ვამაყობ, როგორი ადამიანიც გახდა ის, ვიდრე მისი ფეხბურთელობით.
დედა, აღარასდროს გარეცხო ეს ქურთუკი
პირველი შეხვედრა ზიდანთან: ის 14 წლის იყო, როცა მითხრა: "დედა, ზიზუ ქურთუკზე შემეხო. აღარასდროს გარეცხო ის."
კილიანისა და რონალდუს ემოციური კავშირი: ყველაფერი ოთხი წლის ასაკში, ზიდანით დაიწყო. შემდეგ მის ცხოვრებაში გამოჩნდა კრიშტიანუ, როცა ის მანჩესტერიდან რეალში გადავიდა. მას ასევე რობინიო და რონალდინიოც მოსწონდნენ. კრიშტიანუს გამო ის თავს პორტუგალიელად მიიჩნევდა. მისი თამაშების საყურებლად მეგობართან დადიოდა და მუდამ იმეორებდა, პორტუგალიელი ვარო.
კილიანის დაცვა: ჩემს შვილს ყოველთვის დავიცავ. თუმცა, ამ სამყაროში შენი პატარა ბიჭის დაკარგვა ძალიან მარტივია. იზოლირებას არა სიტყვები, არამედ გამტყუნება ახდენს. რასაც ადრე ბარში ლაპარაკობდნენ, ახლა სოციალურ ქსელში წერენ და ეს მილიონებში იფანტება. საერთო სურათს არა, მაგრამ დიდ ხმაურს ქმნის. ყველაზე გამაღიზიანებელი ისაა, რომ თქვენნაირი დიდი მედიაც კი, ამ ხმაურს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
მბაპეს გადაწყვეტილებებზე ზეგავლენა: 15 წლიდან ვიცოდით, სად წავიდოდა. ასე რომ მე და მამამისი უბრალოდ გვერდში ვედექით რეალისაკენ მიმავალ გზაზე. 2022 წელს, პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივება ჩვენ ვთხოვეთ. მაშინ იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ჩავერიეთ. უდიდესი ზეწოლა იყო. გვეუბნებოდნენ, რომ თუ კილიანი წავა - ბევრ თანამშრომელს გაუშვებენ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატს ტელეუფლებების პრობლემები შეექმნება, რომ ეს პარიზია, წინ ოლიმპიადა და მსოფლიო ჩემპიონატია - პსჟ კი ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი იყო. საბოლოოდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ვიცოდი, რომ ლუიშ კამპუშის მოსვლასთან ერთად, კლუბში ყველაფერი დალაგდებოდა.
ხშირად ახერხებს თუ არა შვილის ნახვას: არც ისე ხშირად, გრაფიკი ძალიან გადატვირთულია. როცა მას დასვენების სამი დღე აქვს, არ ვაიძულებ დედასთან ჩამოსვლას. მე და მამამისი დაშორებულები ვართ, თუმცა შობას ვცდილობთ ოთხი დღე ერთად გავატაროთ. ასევე ზაფხულში, ვცდილობთ 4-5 დღე გამოვნახოთ.
მონაკოში გამოჩენიდან პსჟ-ში გადასვლამდე სტრესის გამო 22 კგ მოვიმატე
ზეწოლის დონე და სტრესი: ამ ყველაფრისთვის მზად არ ვიყავი. მეშინოდა, კარგად არ ვგრძნობდი თავს. მონაკოში მანჩესტერ სიტისთან პირველი მატჩიდან ვფიქრობდი - ის ხომ ჯასტინ ბიბერივით არის! სტრესისგან ამ პერიოდიდან პსჟ-ში გადასვლამდე 22 კგ მოვიმატე. ახლა ამ ცხოვრებასთან გამკლავება ვისწავლე. სიმშვიდე შევიძინე - მაქვს ჩემი განსაკუთრებული ადგილი, სადაც ძალებს ვიღდგენ, როცა მიჭირს.
შიში, რომ მბაპე ქედმაღალი გახდება: იყო მომენტები, როცა მასში ქედმაღლობა შეინიშნებოდა. მაგრამ გვერდშიც იმისთვის ხარ, რომ ადამიანი მიწაზე დააბრუნო. გავიხსენოთ მისი რეაქცია საფრანგეთის ნაკრებში ყოფნის დროს, როცა მას გუნდის მოსაწყენ თამაშზე ჰკითხეს, მან კი უპასუხა, რომ არ ადარდებს, რას ფიქრობს ხალხი. როცა მისი ეს რეაქცია ვნახე ტელეფონში, პირველი, რაც მომინდა - დავურეკო და ვუყვირო: "უბრალოდ რატომ არ გაჩუმდი?" მაგრამ თავი შევიკავე. მას უჭირდა, მასაც აქვს უფლება საკუთარი აზრი გამოთქვას. მას ასეთი სიტყვების უფლება საკუთარი თავისთვის ბევრჯერ არ მიუცია. გაქვს უფლება იყო დაღლილი, ყველას დაანახო, რომ შენც ადამიანი ხარ, მაგრამ ეს არასწორად აღიქმება. მას ბავშვობიდან ყველა საკითხზე თავის აზრს ეკითხებიან. როცა ამბობენ, რომ მას კომუნიკაციის პრობლემები აქვს, სულ მინდა ვუპასუხო, რომ მას კრიზისული მენეჯმენტის დიპლომი არ აუღია. უბრალოდ მოუსმინეთ, რას ამბობს - ტყუილად სიტყვას პირიდან არ ამოუშვებს. თუმცა ხალხი ფიქრობს, რომ მას ყველა სიტყვა გათვლილი აქვს.
მბაპეს სიმარტივე ურთიერთობაში: კილიანი კამერუნელ ბებია-ბაბუასთან ერთად გაიზარდა, რომლებიც ფრანგულს ყველაზე კარგად ფლობდნენ. მეუღლე ამბობს, რომ მამამისს ორატორული ოსტატობის კონკურსების მოგება შეეძლო. შემდეგ, ის ასაკოვანი და განათლებული ხალხის გარემოცვაში იზრდებოდა. შეურიეთ ეს ყველაფერი მის ტვინს, რომელიც არ მუშაობს ისე, როგორც ყველა ადამიანის და მიიღებთ იმას, რასაც ეკრანებზე ხედავთ. ხუთი წლის ასაკში მან შარლ აზნავურის მთელი რეპერტუარი ზეპირად იცოდა - ეს ნორმა სულაც არ არის! ახლა კი, ის უფრო ტიაკოლას [ფრანგი რეპერი] უსმენს.
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები