კატალონიის ბარსელონა მანჩესტერ სიტის ესპანელი ნახევარმცველის, როდრის ტრანსფერთან დაკავშირებით საბოლოო წინადადებას ამზადებს.
ინგლისურმა კლუბმა ბარსელონას წინა შეთავაზება, რომელიც გარანტირებულ 60 მილიონ ევროსა და 10-მილიონიან ბონუსებს ითვალისწინებდა, უარყო. სიტი ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს ითხოვს, რადგან ჩელსიდან ენცო ფერნანდესის ტრანსფერის განსახორციელებლად ფინანსური ფეარ-პლეის წესების დაბალანსება სჭირდება.
არსებული ინფორმაციით, კატალონიელთა ახალი და საბოლოო წინადადება 65 მილიონ ევროს შეადგენს, რასაც დამატებით 10 მილიონი ბონუსის სახით დაემატება. ამ ბონუსებიდან ნახევარი იოლად მიღწევად პირობებზეა გათვლილი, ხოლო დარჩენილი ნაწილი უფრო რთულად შესასრულებელ მიზნებს უკავშირდება. ბარსელონაში იმედოვნებენ, რომ ეს პირობები მანჩესტერელებისთვის მისაღები აღმოჩნდება, რადგან თავად ფეხბურთელს კლუბის შეცვლა და ესპანეთში დაბრუნება სურს.
მოლაპარაკებებში გადამწყვეტი ფაქტორი სწორედ როდრის პოზიციაა. ფეხბურთელმა ბარსელონასთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა და ხელფასის შემცირებაზეც თანხმობა განაცხადა. მანჩესტერ სიტიში უკვე შეეგუნენ ესპანელის წასვლას და მის შემცვლელად აიუბ ბუადისა და ენცო ფერნანდესის კანდიდატურებს განიხილავენ. უახლოეს საათებში ცნობილი გახდება, მიიღებს თუ არა ინგლისური გრანდი ბარსელონას საბოლოო წინადადებას.