ენჯ პოსტეკოგლუსგან განსხვავებით, შონ დაიჩი ნოტინგემში იდეალურად იწყებს.
ინგლისელმა სპეციალისტმა ფორესტი რამდენიმე დღის წინ ჩაიბარა და გუშინ დებიუტიც ჰქონდა, როცა ევროპა ლიგაზე შინ პორტოს უმასპინძლა.
ამ მატჩამდე პორტო ამ სეზონში დაუმარცხებელი იყო - გუნდს 11 წაუგებელი მატჩი ჰქონდა დაგროვებული, ნოტინგემს კი ამ სეზონში მხოლოდ ერთი მატჩი ჰქონდა მოგებული და ისიც პრემიერ ლიგის პირველ ტურში. მას შემდეგ გუნდმა 10 მოუგებელი თამაში ჩაატარა და ორი მწვრთნელი გამოიცვალა.
ამ გარემოებებიდან გამომდინარე მარტივი იქნებოდა თქმა, რომ მატჩის აშკარა ფავორიტი პორტოა, თუმცა ასე არ მოხდა - დაიჩის გუნდმა დამაჯერებელი 2:0 გამარჯვება მოიპოვა და პორტუგალიურ გრანდს სეზონის პირველი მარცხი აგემა.
შონ დაიჩის ერა ფორესტში იდეალურად დაიწყო. პრემიერ ლიგაში სადებიუტო გამარჯვებას ინგლისელი 26 ოქტომბერს, ბორნმუთთან სტუმრად შეეცდება, რაც მასპინძელთა ფორმის (8 მატჩში 4 მოგება, 3 ფრე და 1 მარცხი, 15 ქულა და მე-4 ადგილი) გათვალისწინებით ადვილი სულაც არ იქნება.