UFC-მ ახალი შოუ „UFC Rivals“ დააანონსა, რომელიც სპორტის ისტორიაში ყველაზე ხმაურიან დაპირისპირებებს მიეძღვნება.
თუმცა, გადაცემის მონაწილეების სიამ გულშემატკივრებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მიზეზი WWE-ს ვარსკვლავის, სი ემ პანკის „ექსპერტთა მრგვალ მაგიდასთან“ გამოჩენაა.
ლეგენდები და მოჭიდავე
21 ივნისიდან ეთერში ორი ეპიზოდი გავა, სადაც ჩაკ ლიდელისა და ტიტო ორტისის, ასევე ჟორჟ სენ-პიერისა და მეტ სერას ლეგენდარულ მეტოქეობებს განიხილავენ. გადაცემას მარიო ლოპესი გაუძღვება, ექსპერტების ამპლუაში კი მაიკლ ბისპინგი, მიშა ტეიტი და კენ შემროკი იქნებიან.
ფანების გაღიზიანება სწორედ სი ემ პანკის ფაქტორმა გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ პანკმა ოქტაგონზე მხოლოდ ორჯერ იჩხუბა და დამარცხდა. მისი ექსპერტად მოხსენიება ბევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
„ჩემი სული მოკვდა“ - ფანების რეაქცია
ზოგიერთი ფანი შოუს პირდაპირ აკრიტიკებს და კითხულობს, საერთოდ რაზე უნდა ისაუბროს ადამიანმა, რომელსაც პროფესიონალურ MMA-ში არაფრისთვის მიუღწევია.
შეგახსენებთ, რომ სი ემ პანკი დღესაც WWE-ს წამყვანი ვარსკვლავი და ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ათლეტია.