სოციალურ ქსელებში პოპულარულია თეორია, თითქოს ანიმაციურმა სერიალმა სიმფსონებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური წყვილი ჯერ კიდევ 1997 წელს იწინასწარმეტყველა.
საუბარია მე-9 სეზონის ეპიზოდზე The Cartridge Family, სადაც საფეხბურთო მატჩის რეკლამაა ნაჩვენები მექსიკასა და პორტუგალიას შორის. ინტერნეტმომხმარებლები ამ კადრს სერიალის მიერ მომავლის მორიგ ზუსტ პროგნოზად მიიჩნევენ, რაც ანიმაციის გარშემო არსებულ მითებს კიდევ უფრო აძლიერებს.
რეალურად, ეს მტკიცებულება ყალბია. სერიალის აღნიშნულ ეპიზოდში არც 2026 წელი არის ნახსენები და არც მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებული რაიმე მინიშნება არსებობს. მსგავსი დეზინფორმაცია სოციალურ ქსელებში 2018 და 2022 წლების ჩემპიონატების დროსაც აქტიურად ვრცელდებოდა.
წლევანდელი აჟიოტაჟი განპირობებულია იმ ფაქტით, რომ მექსიკა ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანაა, თუმცა თავად ანიმაციაში მატჩი იმდენად მოსაწყენია, რომ მაყურებელი არეულობას იწყებს და გამარჯვებულიც კი არ ვლინდება.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი 19 ივლისს, ნიუ-ჯერსიში გაიმართება. თუ ფინალში მართლაც მექსიკა და პორტუგალია აღმოჩნდებიან, ონლაინ სივრცეში, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტი თეორია გავრცელდება და სიმფსონების გავლენაზე მსჯელობაც მოიმატებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს უბრალოდ დამთხვევა იქნება.