2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ამერიკა უკვე მეორედ მასპინძლობს მსოფლიო თასს - მაურისიო პოჩეტინოს გუნდი კი მშვენივრად გამოიყურება და გულშემატკივარს შორს გასვლის იმედს უჩენს. დღევანდელ ბლოგში მუნდიალის ამერიკულ ისტორიებს მოგიყვებით.
მუნდიალზე ამერიკელთა ისტორია 1930 წელს, მსოფლიოს თასის რიგით პირველ გათამაშებაში იწყება - ჯგუფში ამერიკამ ჯერ ბელგია გაანადგურა 3:0, ხოლო შემდეგ პარაგვაის სძლია იგივე ანგარიშით. ნახევარფინალში გასული შტატელები არგენტინასთან 6:1 განადგურდნენ - პირველი ამერიკული მუნდიალი ბრინჯაოს მედლით დასრულდა.
აშშ 3:0 ბელგია. 1930.
1934 წლის მუნდიალი განსხვავებული ფორმატით ჩატარდა - გუნდებმა ასპარეზობა პირდაპირ პლეი-ოფიდან დაიწყეს. არგენტინელების არ იყოს, ამერიკელები არც იტალიელებმა დაინდეს - ვიტორიო პოცოს შეგირდებმა აშშ 7:1 გაანადგურეს.
გასაგები მიზეზების გამო 1942 და 1946 წლის მუნდიალები არ ჩატარებულა, ხოლო 1938 წლის მსოფლიო თასს აშშ-მ ბოიკოტი გამოუცხადა. ამერიკა მსოფლიო თასს 1950 წელს დაუბრუნდა - მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიაში ჩასულმა ლურჯ-წითლებმა მუნდიალების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაცია შემოგვავაზეს, ჯგუფური ეტაპის დაძლევა ვერ შეძლეს - აშშ-მ მუნდიალის დებიუტანტი ინგლისის ნაკრები ჯო გაეტჯენსის გოლით დაამარცხა.
ამერიკა დიდი ხნის მანძილზე ვერ ახერხებდა მუნდიალზე ასპარეზობას. 40 წლიანი მოლოდინი 1990 წელს დასრულდა - იტალიაში ჩასულმა ამერიკელებმა ჯგუფური ეტაპის გადალახვა ვერ მოახერხეს. 1994 წელს მუნდიალს ამერიკამ უმასპინძლა - ჯგუფში რუმინეთთან, შვეიცარიასთან და კოლუმბიასთან მოხვედრილმა ლურჯ-წითლებმა პლეი-ოფის საგზურის მოპოვება მოახერხეს. მესამე ადგილით გასული აშშ მერვედფინალში მომავალ ჩემპიონ ბრაზილიას დაუპირისპირდა - კალიფორნიაში გამართულ შეხვედრაში სელესაომ ბებეტოს 72-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით იმარჯვა.
ბრაზილია 1:0 აშშ. 1994.
წარუმატებელი აღმოჩნდა ამერიკელთათვის საფრანგეთში გამართული 1998 წლის მუნდიალი - ლურჯ-წითლები კიდევ ერთხელ ჩარჩნენ ჯგუფში. 2002 წელს კი ამერიკული ოცნება ლენდონ დონოვანმა გააცოცხლა. ჯგუფში ჩატოვებული პორტუგალია და საკულტო დაპირისპირება მერვედფინალში - ამერიკა მექსიკის წინააღმდეგ.
მატჩი რომელიც ისტორიაში დოს ა სეროს (ორით ნული) სახელით შევიდა - ამერიკელებმა მეზობლები ბრაიან მაკბრაიდისა და ლენდონ დონოვანის გოლებით დაამარცხეს და ამერიკის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვება იზეიმეს. მექსიკელებისთვის ეს მარცხი დღემდე შეუხორცებელ ჭრილობად რჩება.
ლენდონ დონოვანი. აშშ 2:0 მქესიკა. 2002.
მეოთხედფინალში ამერიკა მომავალ ფინალისტ გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დამარცხდა - ერთადერთი გოლი მიხაელ ბალაკმა პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანა. ამერიკა მუნდიალს დაემშვიდობა - ლენდონ დონოვანი კი ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.
2006 წელს ამერიკელებმა წინა მუნდიალზე შექმნილი მოლოდინები ვერ გაამართლეს - ჯგუფში აშშ იტალიასთან და განასთან დამარცხდა, ხოლო ჩეხეთთან ფრეს დასჯერდა. უკეთესი შედეგები ჰქონდათ ლურჯ-წითლებს სამხრეთ აფრიკასა და ბრაზილიაში, თუმცა ორივე მუნდიალი მათთვის მძიმედ დასრულდა.
2010 წელს ამერიკამ ინგლისის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა - 1950 წლის რემატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ნიუ იორკ პოსტმა კი მკითხველს ერთ-ერთი ყველაზე იკონური სათაური აჩუქა:
მსოფლიო თასის სენსაცია: აშშ-მ მოიგო - 1:1
მერვედფინალში ამერიკა სამხრეთ აფრიკული მუნდიალის აღმოჩენას, განას ნაკრებს დაუპირისპირდა - ანგარიში მე-5 წუთზე კევინ პრინს ბოატენგმა გახსნა. ამერიკელებმა 62-ე წუთზე უპასუხეს - ვინ თუ არა ლენდონ დონოვანი. დამატებულ დროში გადასული დაპირისპირება აფრიკელთა გამარჯვებით დასრულდა - გამარჯვების გოლი 93-ე წუთზე ასამოა გიანმა გაიტანა.
განა 2:1 აშშ. 2010.
2014 წელს ამერიკის ნაკრებმა ისტორიაში პირველად ზედიზედ მეორედ გადალახა ჯგუფური ეტაპი - აშშ-მ კლინტ დემფსის კაპიტნობით ჯერ განა დაამარცხა, ხოლო კრიშტიანუს პორტუგალიის დამარცხებამდე წამები დააკლდა. იურგენ კლინსმანის შეგირდებმა პორტუგალია ჯგუფში ჩატოვეს და გერმანიასთან ერთად პლეი-ოფში ასპარეზობა განაგრძეს.
მერვედფინალში ამერიკა ბელგიის ოქროს თაობად წოდებულ გუნდს დაუპირისპირდა. ტიმ ჰოვარდის გმირული პერფორმანსი ამერიკელებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა - უგოლო ძირითადი დროის შემდეგ, ბელგიელებმა დამატებით დროში 2:1 იმარჯვეს.
ამერიკელებს სანუგეშოდ მათი კიპერის მუნდიალების რეკორი დარჩათ - 16 მოგერიება ერთ მატჩში. მატჩის შემდეგ გუნდის კაპიტანსა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეს პრეზიდენტმა ობამამ დაურეკა:
უბრალოდ მინდოდა დამერეკა და მეთქვა რომ თქვენით ვამაყობთ
"ტიმ, არ ვიცი, სახლში რომ დაბრუნდები, გულშემატკივრების უზარმაზარ არმიას როგორ დააღწევ თავს. ალბათ წვერის გაპარსვა მოგიწევს, რომ ვერ გიცნონ! იმედი მაქვს, მალე ისევ მომეცემა შესაძლებლობა, თეთრ სახლში გნახო."
“პრეზიდენტის ზარი დიდი პატივი იყო, მაგრამ შენ დიდებას 15 წუთით იღებ, მე 14 მქონდა” - ჰოვარდმა ენდი უორჰოლის ცნობილი ციტატა გააცოცხლა. “ ჩემს პერფორმანსს მალე დაივიწყებენ “ - თქვა ამერიკელმა კიპერმა, მაგრამ მისი ლეგენდარული მატჩი დღემდე ფეხბურთის გულშემატკივრების მოგონებებშია, ხოლო მისი შედეგი დღემდე მიუღწეველია მეკარეებისთვის.
ტიმ ჰოვარდი. ბელგია 2:1 აშშ. 2014.
აშშ 2018 წლის მუნდიალზე ვერ მოხვდა, ხოლო 2022 წელს კატარში მშვენივრად დაიწყო - უელსთან და ინგლისთან ფრეების შემდეგ, გრეგ ბელჰარტერის გუნდმა ირანს სძლია და ფლეი-ოფის საგზური მოიპოვა. მერვედფინალში აშშ-ს ლუი ვან გაალის ნიდერლანდები დაუპირისპირდა. ამერიკელთა საუბედუროდ დოჰაში დუმფრისის დღე გათენდა - დენზელ ვაშინგტონის სეხნიამ ჯერ მემფის დეპაის გაატანინა, შემდეგ დეილი ბლინდს, ბოლოს კი თავადაც აიღო მატ ტერნერის კარი. ჰოლანდიელებმა ამერიკელებს 3:1 სძლიეს.
დენზელ ფუმფრისი. ნიდერლანდები 3:1 აშშ.
ხუთშაბათს, დილის 04:00-ზე მაურისიო პოჩეტინოს შეგირდები სანტა კლარაში მერვედფინალის საგზურისთვის ბოსნია და ჰერცოგოვნის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები

