ჯო როგანმა UFC-ის მებრძოლთა ანაზღაურების სისტემაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის უსიამოვნოა, როდესაც სპორტსმენები ოქტაგონიდან ბონუსებს ითხოვენ.
მისი თქმით, ორგანიზაციის ფინანსური სიძლიერის ფონზე, მებრძოლებს ამის გაკეთება საერთოდ არ უნდა უწევდეთ.
თავის პოდკასტში (JRE) როგანმა აღიარა, რომ UFC-ის მფლობელი რომ იყოს, თავს მშვიდად ვერ იგრძნობდა, თუ მისი მებრძოლები თავს დაუფასებლად მიიჩნევდნენ:
მეზიზღება ეს ყველაფერი. მეზიზღება, როდესაც ადამიანებს ბონუსების თხოვნა უწევთ. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ფული არსებობს? ეს 7-მილიარდიანი ბიზნესია. მე არ ვარ ბიზნესმენი, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ ორგანიზაციას ფლობ, არ უნდა გსიამოვნებდეს, როდესაც შენი ხალხი სწორად კომპენსირებული არ არის.
ეს განცხადება მოჰყვა UFC 328-ზე მომხდარ ამბებს, როცა ჯერემი სტეფენსმა ბონუსების სისტემა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის წლების განმავლობაში ინფლაციის შესაბამისად არ გაზრდილა. ასევე, მებრძოლმა დენი სილვამ გამოთქვა ვარაუდი, რომ ბონუსი სწორედ იმიტომ არ მისცეს, რომ ინტერვიუში საკუთარ ფინანსურ პრობლემებზე ისაუბრა.
საინტერესოა, რომ ამ თემას გამოეხმაურა ლეგენდარული რონდა როუზიც, რომელიც ამ უქმეებზე (16 მაისს) MMA-ში ბრუნდება და მისი ორთაბრძოლა Netflix-ზე გაშუქდება. როუზიმ დაადასტურა, რომ ამ ქარდზე მყოფი ნებისმიერი მებრძოლის მინიმალური ანაზღაურება 40,000 დოლარი იქნება, რაც UFC-ის სტანდარტულ მინიმუმზე მაღალია.