ლივერპულის მეკარეების საკითხი ოლდ ტრაფორდზე გასამართ მატჩამდე გაურკვეველია.
ალისონ ბეკერს მანჩესტერ იუნაიტედთან პრემიერ ლიგის ამ უქმეების შეხვედრამდე ვარჯიშში მონაწილეობა ჯერ არ მიუღია, რაც არნე სლოტმა დაადასტურა. ბრაზილიელ მოთამაშეს ლივერპულის შემადგენლობაში 18 მარტს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გალათასარაისთან მოგებული მატჩის შემდეგ არ უთამაშია კუნთის მსუბუქი ტრავმის გამო, რის შედეგადაც მან ზედიზედ ბოლო შვიდი შეხვედრა გამოტოვა.
ალისონის არყოფნის პერიოდში მეკარის მოვალეობებს გიორგი მამარდაშვილი და ფრედი ვუდმენი ინაწილებდნენ. ამ უკანასკნელმა კლუბის რიგებში პრემიერ ლიგაში თავისი პირველი სასტარტო მატჩი გასულ უქმეებზე, კრისტალ პალასთან 3-1 მოგებულ შეხვედრაში ჩაატარა, რადგან მამარდაშვილი მერსისაიდულ დერბიში ევერტონთან გამარჯვებისას მიღებული მუხლის ტრავმის გამო მოედნიდან გაიყვანეს.
შესაძლოა კვირას ოლდ ტრაფორდზე ვუდმენის დახმარება კვლავ გახდეს საჭირო, რადგან სლოტმა ვერ დაადასტურა, იქნება თუ არა ალისონი ხელმისაწვდომი.
სლოტმა განაცხადა:
ალი ჩვენთან ერთად ჯერ არ ვარჯიშობს. ის ძალიან ახლოსაა ვარჯიშის დაწყებასთან, ამიტომ დღეს სამედიცინო პერსონალისგან უნდა მოვისმინო, შეძლებს თუ არა ის ვარჯიშს დღეს ან ხვალ, თუ ეს მომავალი კვირის დასაწყისისთვის გადაიდება. ის ძალიან ახლოსაა, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვინდა რაიმე რისკზე წასვლა, რადგან მოთამაშესთან მიმართებაში ამას არასდროს ვაკეთებთ და არც ახლა ვაპირებთ.