არნე სლოტმა გათავისუფლების შემდეგ ლივერპულის ფანებს ღია წერილით მიმართა, სადაც აღნიშნა, რომ კლუბთან და გულშემატკივრებთან მისი კავშირი ფეხბურთს სცილდება.
ნიდერლანდელი სპეციალისტი ენფილდიდან შაბათს გაუშვეს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც პრემიერ ლიგის შარშანდელი ტრიუმფალური მოგების შემდეგ (რაც კლუბისთვის ბოლო 35 წელში მხოლოდ მეორე ტიტული იყო), ლივერპულმა სუსტი სეზონი ჩაატარა და მეხუთე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა.
გამოცემა ლივერპულ ექოში გამოქვეყნებულ წერილში სლოტმა აღნიშნა, რომ პრემიერ ლიგის მოგება განსაკუთრებული მოვლენა იყო, რადგან ფანებს, 2020 წლის პანდემიური ჩემპიონობისგან განსხვავებით, ამჯერად ზეიმის სრულფასოვნად გაზიარების შესაძლებლობა მიეცათ.
მან წერილში გაიხსენა ქალაქის ცენტრში საჩემპიონო აღნიშვნის დროს მომხდარი ტრაგიკული ინციდენტი, როდესაც პოლ დოილი მანქანით შევარდა ხალხში და 134 გულშემატკივარი დააზიანა (დამნაშავეს 21 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა). სლოტმა ხაზი გაუსვა ლივერპულელების საოცარ ერთიანობასა და თანაგრძნობას ამ მძიმე მომენტში.
ყოფილი მწვრთნელი ასევე შეეხო კლუბის თავდამსხმელის, დიეგო ჟოტას ავტოკატასტროფაში ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტს და აღნიშნა, რომ ლივერპულის ოჯახის მიერ გამოხატული სიყვარული, მხარდაჭერა და ფეხბურთელის ხსოვნის პატივისცემა მას სამუდამოდ გაჰყვება.
სლოტმა მადლობა გადაუხადა ფეხბურთელებს, სტაფს და კლუბის მფლობელებს. მან დასძინა, რომ ლივერპულის მეოცე საჩემპიონო ტიტული ყველას ეკუთვნის და კლუბის მომავალს დიდი ნდობით უყურებს, რადგან გუნდში უკვე ჩამოყალიბებულია მყარი საძირკველი და ამავდროულად იზრდება ახალი თაობა, რომელიც მზად არის საკუთარი ისტორია დაწეროს.