2 ივლისს სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღე საზეიმო მიღებითა და დაჯილდოებით აღინიშნა. ღონისძიების მასპინძელი აჭარაბეთ არენა იყო.
სსჟა-ს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით და 2024 წლის შედეგებით, სპორტული ჟურნალისტები მამუკა კვარაცხელია და კობა ინასარიძე მიხეილ კაკაბაძის სახელობის პრემიით დაჯილდოვდნენ.
ნოდარ გუგუშვილის სახელობის პრემია, სპორტულ პუბლიცისტიკაში განსაკუთრებული ღვაწლისთვის, არჩილ გოგელიას მიენიჭა.
კოტე მახარაძის სახელობის პრემია გიორგი თვალაბეიშვილს გადაეცა. ეროსი მანჯგალაძის სახელობის პრემია კი გიორგი დარჯანიას ერგო.
გურამ თიკანაძის პრემია სპორტულ ფოტოჟურნალისტიკაში ხატია ჯიჯეიშვილს გადაეცა, საფეხბურთო ევროპის ჩემპიონატზე და ოლიმპიურ თამაშებზე ნაყოფიერი მუშაობისთვის.
სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, სსჟა-ს საპატიო წევრის მოწმობა გადაეცა ლეგენდარულ ნინო სალუქვაძეს, ხოლო ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი, ვლადიმერ გუცაევი საზეიმო ვითარებაში იქნა მიღებული ასოციაციის წევრად.
ღონისძიებას სპორტული ფედერაციების და კლუბების პრეზიდენტები და წარმომადგენლები, ასევე ეროვნული ნაკრები გუნდების მთავარი მწვრთნელები და მოთამაშეები დაესწრნენ.
მათ შორის სსჟა-ს ვერსიით საქართველოს 2024 წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად აღიარებული მსოფლიოს ჩემპიონი, ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი, საკალათბურთო ნაკრების ვეტერანი გიორგი შერმადინი, ძალოსანთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე და ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე.

სპორტული ჟურნალისტებისთვის სამახსოვრო პრიზები დაწესდა. პრიზების და საჩუქრების ნაწილი კონკრეტულ ჟურნალისტებს ერგოთ, უმეტესობა კი გათამაშდა.


ცერემონიას სსჟა-ს პრეზიდენტი გიგა გვენცაძე, აღმასრულებელი კომიტეტის წევრები მაგდა კლდიაშვილი და ლაშა გოდუაძე, ასევე სპორტული ჟურნალისტი ნინო თვალავაძე უძღვებოდნენ.
ფოტოები: ხატია ჯიჯეიშვილი