სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
14 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლეგენდარულმა როჯერ ფედერერმა არანაკლებ ლეგენდარულ რაფა ნადალს, რომელიც ამ კვირაში საჩოგბურთო კარიერას ასრულებს, გულისამაჩუყებელი წერილით მიმართა.
Vamos, Rafa Nadal!
„რადგან ჩოგბურთს ამთავრებ, რაღაცების გახსენება მინდა, სანამ ემოციები წამძლევს.
მოდი, აშკარა ფაქტით დავიწყოთ: შენ მიგებდი - ძალიან ხშირად. იმაზე მეტჯერ მომიგე, ვიდრე მე მოვახერხე შენი დამარცხება. ისე ახერხებდი ჩემს გამოწვევას, როგორც არავინ სხვა. თიხის კორტზე გამოსვლისას, მეუფლებოდა შეგრძნება, რომ შენს სამეფოში ვდგამ ფეხს და იმაზე მეტი შრომისკენ მიბიძგე, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი. საკუთარი სათამაშო სტილის გადახედვა მაიძულე - იქამდეც კი მივედი, რომ ჩოგნის ზომა შევცვალე იმ იმედით, რომ უკეთესობა მექნებოდა.
მე არ ვარ ძალიან ცრუმორწმუნე ადამიანი, თუმცა შენ ეს საკითხიც სხვა დონეზე აიყვანე, მთელი შენი პროცესებით, შენი რიტუალებით, ბოთლების ჯარისკაცების სტილში განლაგებით, თმის შესწორებით, საცვლის მორგებით. და ეს ყველაფერი უდიდესი ინტენსივობით კეთდებოდა. ეს ყველაფერი მალულად ძალიან მიყვარდა. იმიტომ, რომ ეს იყო ძალიან უნიკალური - ეს იყავი მთლიანად შენ.
და იცი რა, რაფა, შენ თამაშით კიდევ უფრო მეტი სიამოვნება მიმაღებინე.
კარგი, თავიდანვე არა. 2004 წლის ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ, რეიტინგს სათავეში პირველად ჩავუდექი. მეგონა, რომ მსოფლიოს მწვერვალზე ვიდექი და ასეც იყო მომდევნო ორი თვე - იქამდე, სანამ მაიამის კორტებზე შენი წითელი, უმკლავებო მაისურით შემოაბიჯებდი, როცა ყველას აჩვენე შენი ბიცებსები და დამაჯერებლადაც მომიგე. მაშინ დავინახეთ, რომ მთელი ეს ჰაიპი ვიღაც ახალგაზრდა ტალანტზე მალიორკადან, რომელსაც ბევრი ტიტულის მოგებას უწინასწარმეტყველებენ, უბრალო ჰაიპი სულაც არ ყოფილა.
კვლავაც მეფიქრება იმ მოგონებებზე, რომელიც მე და შენ გვაკავშირებს. ამ სპორტის განვითარება, ნახევრად თიხის და ნახევრად ბალახის კორტზე დაპირისპირება, დასწრების ყველანაირი რეკორდის დამხობა - სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპ თაუნში ჩვენს სანახავად 50.000-ზე მეტი ადამიანი მოვიდა. მუდამ ერთმანეთის წაკბენაში, კორტზე ყველანაირი დანდობის გარეშე და ზოგჯერ, დაჯილდოვების ცერემონიალებზე ერთმანეთი ლამის ხელითაც გვეკავა.
დღემდე შენი მადლიერი ვარ იმისთვის, რომ მალიორკაში, შენი აკადემიის გახსნაზე მიმიწვიე 2016 წელს. რეალურად, გარკვეულწილად ჩემი თავი მე თვითონ დავიპატიჟე. ვიცოდი, რომ ზედმეტად ზრდილობიანი იყავი იმისთვის, რომ ჩემთვის ჩამოსვლა დაგეძალებინა, მაგრამ რეალურად, ამ ყველაფრის გამოტოვება მე თვითონაც არ მინდოდა. შენ მთელი მსოფლიოს ბავშვებისთვის ყოველთვის მისაბაძი მაგალითი იყავი და მე და მირკა [მეუღლე - ავტ] სულ მადლიერები ვიქნებით, რომ შენს აკადემიაში ჩემი შვილებიც ვარჯიშობდნენ. მათ იქ ძალიან ბევრი რამ ისწავლეს, ისევე, როგორც ათასობით სხვა ბავშვმა. თუმცა, ცოტათი ვღელავდი, რომ ჩემი შვილები ჩოგბურთის ცაცია ხელით თამაშს დაიწყებდნენ.
შემდეგ კი იყო ლონდონი - 2022 წლის ლეივერის თასი, ჩემი ბოლო მატჩი. ჩემთვის ყველაფერს ნიშნავდა ის ფაქტი, რომ გვერდს შენ მიმშვებებდი - არა როგორც ჩემი მეტოქე, არამედ წყვილების პარტნიორი. იმ ღამეს კორტის შენთან ერთად გაყოფა და იმ ცრემლების გაზიარება ჩემი კარიერის ერთ-ერთი მთავარი მომენტი იქნება, სამუდამოდ.
რაფა, ვიცი, რომ ახლა შენი დიდებული კარიერის ბოლო დეტალებზე ხარ კონცენტრირებული. როცა მორჩები, დავილაპარაკოთ. ახლა კი, უბრალოდ მინდა მოგილოცო შენ და შენს ოჯახს, ვინც შენს წარმატებაში უდიდესი როლი შეასრულა. მინდა იცოდე, რომ ძველი მეგობარი ყოველთვის აქ არის, გგულშემატკივრობს და ისევ ისე გიგულშემატკივრებს იმ ყველაფერში, რასაც მომავალში გააკეთებ."
ასეა, რაფა!
ყოველთვის ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ. შენი ფანი,
როჯერი!"
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები