ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა რეალ მადრიდის ვარსკვლავის ირგვლივ ატეხილი ხმაური შეაფასა.
ბრაზილიის ნაკრებში არადამაჯერებელი გამოსვლის გამო, ვინისიუს ჟუნიორი სამშობლოში მწვავე კრიტიკის ქარცეცხლშია.
ტებასი ესპანეთში გამართულ ტურნირს დაესწრო, სადაც ჟურნალისტებთან საუბრისას ბრაზილიელი შემტევის მდგომარეობასაც შეეხო.
მოთმინება ვინისიუსის მიმართ
ბრაზილიელ გულშემატკივრებს ერთ რამეს ვეტყოდი: თავის დროზე ლიონელ მესისაც სასტიკად აკრიტიკებდნენ არგენტინაში, თუმცა საბოლოოდ მან ქვეყანას მსოფლიო თასი მოუპოვა. ამიტომ, ცოტა მოთმინებაა საჭირო, ვინისიუსიც აუცილებლად მოგიტანთ მსოფლიო ჩემპიონობას.
ლა ლიგის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა ბრაზილიური საკლუბო ფეხბურთის პროგრესს და აღნიშნა, რომ ფლამენგო და პალმეირასი მსოფლიოს წამყვან ლიგებს ბევრი კომპონენტით უსწრებენ, რაც ბრაზილიაში ტალანტების სიმრავლესა და ფეხბურთის მაღალ დონეზე მიუთითებს.
ესპანური ფეხბურთის დომინაცია
ტებასმა არც ესპანური ახალგაზრდული აკადემიები დაივიწყა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მსოფლიოში საუკეთესო სისტემაა შექმნილი. მისი თქმით, ამას სტატისტიკაც ადასტურებს: ევროპის ჩემპიონობისა და ოლიმპიური ოქროს მომგები შემადგენლობების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ესპანურ კლუბებში თამაშობს.
ლა ლიგის პრეზიდენტი განსაკუთრებით მოიხიბლა რეალ მადრიდის აკადემიის წევრის, ბალბა უმცროსის თამაშით, რომელმაც ტურნირზე საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვა. რაც შეეხება ფინალისიმას გაუქმებას, ტებასმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე იმდენი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება, რომ რთულია რაიმე კონკრეტული დასკვნის გამოტანა.