ბარსელონას დაცვის ხაზში ნამდვილი ეპიდემიაა.
ანდრეას კრისტენსენი, ერიკ გარსია, ჟიულ კუნდე და ჩუს ესპარტი ტრავმირებულები არიან, ჟერარ მარტინს კი დასვენება სჭირდება.
ამ ეტაპზე ცენტრალურ მცველთაგან 100%-ით მზად მხოლოდ პაუ კუბარსია. ამის გამო, დეპორტივო ალავესთან ჰანსი ფლიკს დაცვის ხაზში ექსპერიმენტების ჩატარება მოუხდა - ბრაიან ფარინიასმა მარჯვენა ფლანგზე ითამაშა, ფრენკი დე იონგმა ცენტრში დაიწია, ჟოაუ კანსელუმ კი მარცხენა პოზიცია შეინარჩუნა.
ესპანური გამოცემა Sport წერს, რომ გერმანელი სპეციალისტი შექმნილი ვითარებით უკიდურესად შეშფოთებულია. ალავესთან გამარჯვების შემდეგ ფლიკმა ღიად განაცხადა, რომ მომდევნო ორ მატჩში გუნდმა მაქსიმალურად უნდა გაძლოს. მწვრთნელის თქმით, მიუხედავად პოზიტიური დინამიკისა, მოთამაშეების დაბრუნების ზუსტი თარიღი უცნობია და სრულ გამოჯანმრთელებამდე რისკზე წასვლას არ აპირებს.
კატალონიელებს წინ ურთულესი კვირა ელით. სამშაბათს ისინი ჩემპიონთა ლიგაზე კამპ ნოუზე ასტონ ვილას უმასპინძლებენ, კვირას კი ლა ლიგის ლიდერობისთვის ბრძოლაში მადრიდის ატლეტიკოს რიად ეარ მეტროპოლიტანოზე დაუპირისპირდებიან, რომელსაც ცხრილში მხოლოდ 2 ქულით უსწრებენ.
Cadena SER-ის ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ინგლისურ კლუბთან მატჩისთვის რომელიმე ტრავმირებული დაბრუნდეს. თეორიული შანსი არსებობს, რომ მადრიდელებთან ერთ-ერთი მცველი (სავარაუდოდ, ერიკ გარსია) განაცხადში მოხვდეს, თუმცა ძირითად შემადგენლობაში თამაშს ისიც ვერ შეძლებს. რაც შეეხება ესპარტს, მისი დაბრუნება 2026 წლის ბოლომდე ან 2027 წლის დასაწყისამდე არ იგეგმება.