პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ სუმოს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე (21 და 23-წლამდელთა შორის) საქართველოს ნაკრებმა ტრიუმფით იასპარეზა და ასპარეზობა ჯამში 15 მედლით დაასრულა.
23-წლამდელთა შორის ქართველმა სუმოსტებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს, ინდივიდუალურ ჩემპიონატში კი 8 მედალი (3 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო) მოიპოვეს.
ამ ასაკობრივ კატეგორიაში ევროპის ჩემპიონები ლუკა ავაზაშვილი (+115 კგ და აბსოლუტური წონა) და ავთო ლიკლიკაძე (-77 კგ) გახდნენ. ვერცხლის მედალი დავით აბალაკმა (+115 კგ) მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს ჯილდოები დავით აბალაკმა (აბსოლუტური წონა), დავით აქუბარდიამ (-92 კგ) და გიორგი ჭელიძემ (-100 კგ) მიიღეს.
შესანიშნავი შედეგები აჩვენა 21-წლამდელთა ნაკრებმაც, რომელმაც გუნდური ბრინჯაოს მედალი და ინდივიდუალურში მოპოვებული 5 ჯილდო (1 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო) ჩაიწერა აქტივში.
ამ ჯგუფში ევროპის ჩემპიონის ტიტული ავთო ლიკლიკაძემ (-77 კგ) მოიპოვა, ვიცე-ჩემპიონები დავით აქუბარდია (-92 კგ), ნიკოლოზ აქუბარდია (-65 კგ) და დავით აბალაკი (აბსოლუტური წონა) გახდნენ, ბრინჯაოს მედალი კი ასევე დავით აბალაკს (+100 კგ) ხვდა წილად.