ჰარი კეინი მიუნხენის ბაიერნთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
როგორც ირკვევა, მხარეებს შორის ფინანსური დეტალები პრობლემას არ წარმოადგენს და 33 წლის ინგლისელი თავდამსხმელის ხელფასი წელიწადში კვლავ დაახლოებით 25 მილიონი ევროს ფარგლებში შენარჩუნდება.
გარკვეული უთანხმოებაა ახალი ხელშეკრულების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია 2029 წლამდე კონტრაქტზე, სპორტული გამოცემების ცნობით, კეინის აგენტები და გარემოცვა უფრო გრძელვადიან შეთანხმებას, 2030 წლამდე პერიოდს ითხოვენ.
ამ სიტუაციიდან გამოსავალი შესაძლოა გამოცემა ბილდის მიერ შეთავაზებული კომპრომისი გახდეს, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთელი ბაიერნთან კონტრაქტს 2029 წლამდე გააფორმებს, თუმცა ხელშეკრულებაში შევა სპეციალური პუნქტი, რომელიც თანამშრომლობის 2030 წლამდე ავტომატურად ან დამატებითი პირობებით გახანგრძლივების შესაძლებლობას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ კეინი მიუნხენურ კლუბს 2023 წელს ტოტენჰემიდან შეუერთდა და მას შემდეგ გუნდის მაისურით ჩატარებულ 147 შეხვედრაში უკვე 146 გოლი აქვს გატანილი.