არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ ამერიკულ ფეხბურთში საკუთარი სახელი კიდევ უფრო მკაფიოდ ჩაწერა.
39 წლის ასაკში ინტერ მაიამის ლიდერი MLS-ის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ოქროს ბუცი ზედიზედ ორჯერ დაისაკუთრა.
2026 წლის რეგულარულ სეზონში მესიმ 31 მატჩი ჩაატარა (29 ძირითადში) და 26 გოლი გაიტანა. ამ შედეგით მან დალასის თავდამსხმელ პეტარ მუსას (22 გოლი) ოთხი ბურთით გაუსწრო. გოლების გარდა, ლეოს ანგარიშზე 17 შედეგიანი გადაცემაცაა, რაც საერთო ჯამში 43 შედეგიან მოქმედებას ნიშნავს, ამ მაჩვენებლით ის ლიგის აბსოლუტური ლიდერია.
2024 და 2025 წლებში მოპოვებული MVP-ის ტიტულების შემდეგ, არგენტინელი წელსაც მთავარი ფავორიტია. თუ ის ჯილდოს კვლავ მიიღებს, გახდება პირველი მოთამაშე MLS-ის ისტორიაში, ვინც სამგზის MVP გახდა. ინტერ მაიამის მთავარი მწვრთნელი, კილი გონსალესი დარწმუნებულია, რომ მესი ამ აღიარებას სრულად იმსახურებს და ESPN-თან ინტერვიუში მის გავლენასა და პროფესიონალიზმს ხაზს უსვამს.
გუნდური კუთხით, მიუხედავად ბოლო ტურში შარლოტთან ფრედ (3:3) დასრულებული შეხვედრისა და ხელიდან გაშვებული სამბურთიანი უპირატესობისა, ინტერ მაიამიმ აღმოსავლეთ კონფერენციაში 60 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფის საგზური დამაჯერებლად მოიპოვა. რეგულარული სეზონის გამარჯვებული ნეშვილი გახდა 77 ქულით.
ახლა მესი და მისი თანაგუნდელები ახალი ეტაპისთვის ემზადებიან. პლეი-ოფის პირველ რაუნდში, რომელიც ორი მატჩის მოგებამდე გრძელდება, ინტერ მაიამი მეშვიდე ნომრად განთესილ კოლამბუს ქრიუს დაუპირისპირდება. გარდა ამისა, რეგულარულში დაკავებული პოზიციით, გუნდმა კონკაკაფის ჩემპიონთა თასზე ზედიზედ მეოთხედ თამაშის უფლებაც გაინაღდა.