უეფამ ფოლარინ ბალოგუნის დისკვალიფიკაციის მოხსნის საქმეზე განცხადება გაავრცელა.
,,გუშინდელმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელ ფოლარინ ბალოგუნს წითელი ბარათის შემდეგ ავტომატურად დაკისრებული ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციის შესრულება ერთი წლის გამოსაცდელი ვადით შეუჩერდა, წითელი ხაზი გადაკვეთა.
ფეხბურთი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სპორტი, ეფუძნება წესებს, რომლებიც სამართლიანი, პატიოსანი და გამჭვირვალე კონკურენციის საფუძველია.
ზოგჯერ წესები ინტერპრეტაციის შესაძლებლობას ტოვებს. ამ შემთხვევაში კი - არა. წითელი ბარათის შემდეგ მინიმუმ ერთმატჩიანი ავტომატური დისკვალიფიკაცია არ არის დისკრეციული გადაწყვეტილება და მისი ამოქმედებისთვის უფლებამოსილი ორგანოს დამატებითი გადაწყვეტილება საჭირო არ არის.
ეს არის რეგლამენტებში მკაფიოდ გაწერილი პრინციპი, რომელიც გამონაკლისების საგანი ვერ გახდება, მით უმეტეს ტურნირის მიმდინარეობისას, როდესაც ანალოგიურ სიტუაციაში მყოფმა არაერთმა ფეხბურთელმა დისკვალიფიკაცია ჩვეულებრივ მოიხადა.
როდესაც წესების უცვლელობას მათი დაცვისთვის პასუხისმგებელი ორგანოები ვეღარ უზრუნველყოფენ, საფრთხის ქვეშ დგება თამაშის მთლიანობა და ზიანდება ტურნირის სანდოობა.
ამასთანავე, ასეთი გადაწყვეტილება მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სახიფათო პრეცედენტს ქმნის, რადგან მსგავსი შემთხვევები მომავალში თანაბარ მოპყრობას მოითხოვს, რაც თავად შეჯიბრების ინტერესებს დააზიანებს.
ფეხბურთი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტია, რადგან ის მშვენიერი თამაშია, ხოლო მისი მიმართ ნდობა იმაზეა დაფუძნებული, რომ ყველგან ერთი და იგივე წესებით თამაშობენ.
არცერთი ტურნირი არ არსებობს იზოლირებულად, ხოლო როდესაც საქმე მსოფლიო ჩემპიონატს ეხება, მის გადაწყვეტილებებს შეუძლია მთლიანად ფეხბურთზე როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.
ჩვენ გამოვთქვამთ ჩვენს გაოცებასა და აღშფოთებას ამ უპრეცედენტო, გაუგებარი და ყოველგვარ გამართლებას მოკლებული გადაწყვეტილების გამო." - წერია განცხადებაში.
ბელგიის ფეხბურთის ასოციაციის განცხადება ფიფას გადაწყვეტილებაზე