ბელგიის ფეხბურთის ასოციაციამ ფოლარინ ბალოგუნის დისკვალიფიკაციის მოხსნასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
„ბელგიის სამეფო ფეხბურთის ასოციაცია (RBFA) გაოცებულია FIFA-ს გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც შეერთებული შტატების ფეხბურთელი ფოლარინ ბალოგუნი უფლებამოსილი გახდა მონაწილეობა მიიღოს აშშ–ბელგიის მატჩში.
გადაწყვეტილება FIFA-ს სადისციპლინო კოდექსის 27-ე მუხლს ეფუძნება. აღნიშნული მუხლის თანახმად, FIFA-ს სადისციპლინო კომიტეტს შეუძლია გადაწყვიტოს ადრე დაკისრებული სადისციპლინო სანქციის აღსრულების შეჩერება.
თუმცა, იმავე FIFA-ს სადისციპლინო კოდექსის 66.4 მუხლი ცალსახად განსაზღვრავს, რომ წითელი ბარათი (მოედნიდან გაძევება) ავტომატურად იწვევს ფეხბურთელის დისკვალიფიკაციას გუნდის მომდევნო მატჩისთვის, როგორც ეს ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მანამდე ნაჩვენები ყველა წითელი ბარათის შემთხვევაში მოხდა.
გარდა ამისა, ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად, ეს გადაწყვეტილება პირდაპირ ეწინააღმდეგება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის რეგლამენტის 10.5 მუხლს, სადაც წერია:
„თუ ფეხბურთელი ან გუნდის ოფიციალური პირი მოედნიდან გააძევეს პირდაპირი ან არაპირდაპირი წითელი ბარათის (მეორე გაფრთხილების) შედეგად, ის ავტომატურად გამოეთიშება თავისი გუნდის მომდევნო მატჩს. ამასთან, შესაძლოა დამატებითი სანქციებიც დაწესდეს.“
ამ ავტომატური დისკვალიფიკაციის პრინციპი ასევე მკაფიოდ არის დადასტურებული 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის FIFA-ს ცირკულარ №16-ში, რომელიც ყველა მონაწილე წევრ ასოციაციას 2026 წლის 12 მაისს გადაეგზავნა.
იგივე წესი მეორდება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყოველი მატჩის წინ გამართულ საკოორდინაციო შეხვედრებზე და ასევე შეტანილია FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ყველა სამუშაო პრეზენტაციაში.
მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე ყველა გუნდის კანონიერი უფლებების დასაცავად და ფეხბურთში სამართლიანი თამაშის ფუნდამენტური პრინციპების შესანარჩუნებლად, როგორც მიმდინარე, ისე მომავალი მსოფლიო ჩემპიონატების ფარგლებში, ბელგიის სამეფო ფეხბურთის ასოციაცია ამჟამად განიხილავს ყველა შესაძლო სამართლებრივ და რეგულაციურ ნაბიჯს.“
FIFA-ს გადაწყვეტილება - შეძლებს ბალოგუნი ბელგიასთან თამაშს?