FIFA-ს მიმდინარე საკლუბო მსოფლიო პირველობამ უკვე გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა. ჩემპიონატი განახლებული ფორმატითა და 32 მონაწილე გუნდით პირველად ტარდება, მანამდე არსებული ტურნირი კი 2005 წლიდან 2023 წლის ჩათვლით, საკონტინენტათშორისო თასის გათამაშების გაგრძელებას წარმოადგენდა.
მიუხედავად ამისა, ფეხბურთის ბევრმა ქომაგმა შესაძლოა არ იცოდეს, რომ FIFA-ს მიერ ორგანიზებული პირველი საკლუბო მუნდიალი 2000 წელს გაიმართა და მასში პლანეტის სხვადასხვა კონფედერაციების წარმომადგენელი 8 გუნდი თამაშობდა.
საინაუგურაციო ტურნირის მასპინძლობის სურვილი 9 ქვეყანამ გამოთქვა, თუმცა მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს მოთხოვნები მხოლოდ ოთხმა მათგანმა, საუდის არაბეთმა, მექსიკამ, ურუგვაიმ და ბრაზილიამ დააკმაყოფილა.
საბოლოოდ ბრაზილია შეირჩა და სამხრეთ ამერიკის უდიდესმა ქვეყანამ გათამაშებას 2000 წლის დასაწყისში, 5-14 იანვარს უმასპინძლა. ჩემპიონატში შემდეგი გუნდები მონაწილეობდნენ:
კორინთიანსი - ბრაზილიის 1998 წლის ჩემპიონი (მასპინძელი)
ვასკო და გამა - ლიბერტადორესის თასის 1998 წლის გამარჯვებული
მანჩესტერ იუნაიტედი - 1998-99 წლების ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული
ნეკაქსა - 1999 წლის CONCACAF-ის ჩემპიონთა თასის გამარჯვებული
რაჯა კასაბლანკა - 1999 წლის აფრიკის ჩემპიონთა თასის გამარჯვებული
ალ-ნასრი - 1998 წლის აზიის სუპერთასის გამარჯვებული
საუთ მელბურნი - ოკეანიის საკლუბო ჩემპიონატის 1999 წლის გამარჯვებული
მადრიდის რეალი - 1998 წლის საკონტინენტათშორისო თასის მფლობელი
რვა მონაწილე გუნდი ორ ჯგუფში განაწილდა, მატჩებს კი ბრაზილიის ორმა გამორჩეულმა სტადიონმა, რიო დე ჟანეიროს ლეგენდარულმა „მარაკანამ“ და სან-პაულოს „მორუმბიმ“ უმასპინძლა.
A ჯგუფში კორინთიანსმა და ესპანეთის სამეფო კლუბმა აფრიკულ-არაბული კლუბები დაჩაგრეს, ერთმანეთთან კი მეორე ტურში ყაიმით (2:2) დაასრულეს შეხვედრა - ორივე გუნდიდან დუბლებით გამოირჩნენ ბრაზილიელი ედილსონი და ფრანგი ნიკოლა ანელკა. ერთბურთიანი უპირატესობის გამო ჯგუფის გამარჯვებული და შესაბამისად ფინალისტი „ტიმაო“ გახდა, რეალს კი მეორე ადგილი ერგო და ბრინჯაოსთვის ბრძოლა მოუწია.


ჩემპიონატში დიდ ინტერესს იწვევდა იმხანად უძლიერესი „წითელი ეშმაკების“ ასპარეზობა, თუმცა სერ ალექსის გუნდმა B ჯგუფში ჯერ პირველ ტურში ვერ მოუხერხა ვერაფერი მექსიკურ ნეკაქსას (მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა), სადაც ტაიმის მიწურულს ბექჰემი გააძევეს, მეორე ტურში კი ვასკო და გამასთან პირწინდად დათმო შეხვედრა - რომარიომ (დუბლით) და ედმუნდომ პირველივე ტაიმში მოუმთავრეს საქმე იუნაიტედს, ნიკი ბატის 81-ე წუთზე გატანილ გოლს კი პრესტიჟისღა ეთქმოდა. მესამე შეხვედრაში მანჩესტერელებმა კვინტონ ფორჩუნის დუბლით 2:0 სძლიეს მელბურნელებს, მაგრამ ბურთების უკეთესი სხვაობით ჯგუფში მეორე ადგილი ნეკაქსამ დაიკავა.


14 იანვარს, მე-3 ადგილისთვის გამართულ მატჩში ანგარიში მე-15 წუთზე რაულმა გახსნა, რასაც მეორე ტაიმში ეკვადორელი აგუსტინ დელგადოს გამათანაბრებელი გოლი მოყვა. საქმე პენალტებამდე მივიდა, სადაც მექსიკურმა გუნდმა იყოჩაღა და სახელოვან მეტოქესთან ბრძოლაში ბრინჯაოს მედლებს შეწვდა.
იმავე დღეს, 73 ათასი მაყურებლის წინაშე გამართული ასოცწუთიანი ფინალი უგოლოდ დასრულდა და საკლუბო მუნდიალის გამარჯვებული ასევე თერთმეტმეტრიანების სერიამ გაარკვია. ბრაზილიურ დაპირისპირებაში ოსვალდო დე ოლივეირას დამოძღვრილ კორინთიანსს გაუმართლა და ზეპ ბლატერისგან მიღებული თასი აღმართა.


საკლუბო მუნდიალის ტრიუმფატორ გუნდში ისეთი ცნობილი სახეები თამაშობდნენ, როგორებიც არიან: დიდა, ვამპეტა, მარსელინიო კარიოკა, ედუ, რიკარდინიო, ედილსონი, ლუიზაო (ფორვარდი), ფერნანდო ბაიანო და კოლუმბიელი კაპიტანი ფრედი რინკონი.
FIFA-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი მომდევნო წელსაც, 2001 წლის ზაფხულში (28 ივლისი-12 აგვისტო), ესპანეთში უნდა გამართულიყო და ტურნირში 12 გუნდს უნდა ეთამაშა: ლა ლიგის ჩემპიონ მასპინძელ დეპორტივოს, განადან ჰარტს ოფ ოუკსს, ეგვიპტურ ზამალექს, არაბულ ალ-ჰილალს, იაპონურ ჯუბილო ივატას, ლოს ანჯელეს გალაქსის, ჰონდურასის ოლიმპიას, ავსტრალიურ ვოლოგონგ ვულვზს, 1999 და 2000 წლების კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებულებს - პალემირასსა და ბოკა ხუნიორსს, ასევე - UEFA-ს თასის გამარჯვებულ გალათასარაისა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ მადრიდის რეალს, თუმცა ტურნირის ჩაშლის მიზეზი ფინანსური პრობლემები, მეტწილად - FIFA-ს პარტნიორი კომპანიის, ISL-ის დახურვა გახდა.
ასე იცვალა სახე საკლუბო მუნდიალმა და 2005 წლიდან იგი 6-7 გუნდიან ტურნირად იქცა, იქამდე სანამ FIFA-მ მასშტაბი და მონაწილეთა რაოდენობა არ გაზარდა.