თურქეთის სუპერლიგის მე-11 ტურში სტუმრად გოზტეპესთან წაგებულ მატჩში (1:2) ბაშაქშეჰირის შემადგენლობაში საბა ხარებაშვილი არ გამოჩენილა.
როგორც ირკვევა, 18 წლის ქართველმა მარცხენა მცველმა მუხლის ტრავმა მიიღო. არსებული ინფორმაციით, დაზიანება მძიმე არ არის და ახალგაზრდა ტალანტი მოედანს დაახლოებით ორ კვირაში დაუბრუნდება.
ეს იძულებითი პაუზა საბასთვის საკმაოდ უდროო აღმოჩნდა, რადგან წინა ტურში მან ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა. სამსუნსპორთან მოგებულ (5:2) დაპირისპირებაში ხარებაშვილმა ორი საგოლე გადაცემა მიითვალა, რის შემდეგაც ავტორიტეტულმა თურქულმა გამოცემამ, Asist Analiz-მა ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. ამასთან, Futbol Verileri-ს სტატისტიკით, მე-10 ტურში ყველაზე მეტი (25) სპრინტი სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი, ნური შაჰინი ახალგაზრდა ქართველს უდიდეს ნდობას უცხადებს. მას შემდეგ, რაც 3 სექტემბერს საბას 18 წელი შეუსრულდა და თურქეთში თამაშის ოფიციალური უფლება მიიღო, ბაშაქშეჰირმა 8 მატჩი ჩაატარა.