-
Aa
+
ფონტის ზომა
ახლა კი სცენაზე ახალი ტალანტი გამოდის: გაიცანით ტვენტეს 18 წლის ცენტრალური მცველი, რუდ ნაისტადი, რომლის ხელში ჩასაგდებად ევროპის გრანდები უკვე ემზადებიან.
მიუხედავად იმისა, რომ ნაისტადი პროფესიონალურ დონეზე მხოლოდ პირველ სეზონს ატარებს, მან უკვე მოახერხა ტვენტეს ძირითადში დამკვიდრება და გრანდების ყურადღების მიპყრობა. ბარსელონა, ბაიერნი და ჩელსი იმ კლუბების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ნაისტადს აქტიურად აკვირდებიან.
ნაისტადი 2008 წლის 17 იანვარს, ქალაქ ალმელოში დაიბადა. 11 წლის ასაკში ის ტვენტესა და ჰერაკლესის გაერთიანებულ აკადემიაში ჩაირიცხა. 16 წლის ასაკში მას იუვენტუსი და მილანი ეპატიჟებოდნენ, ის იტალიაშიც კი იმყოფებოდა მოლაპარაკებებზე, თუმცა საბოლოოდ მშობლიურ ტვენტეში დარჩენა ამჯობინა.
მისი პროგრესი ელვისებური აღმოჩნდა: 16 წლისა 19-წლამდელებში დააწინაურეს, მიმდინარე სეზონის დასაწყისში კი უკვე 21-წლამდელებში გადაიყვანეს. თუმცა, პირველ გუნდში დებიუტმაც არ დააყოვნა.
ნაისტადის დებიუტი 2025 წლის ოქტომბერში, ჰერაკლესის წინააღმდეგ დერბიში შედგა. მან ტრავმირებული რობინ პროპერი შეცვალა და იმდენად დაჯერებულად ითამაშა, რომ გულშემატკივრებმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
მას შემდეგ რუდმა ადგილი ძირითად შემადგენლობაში შეინარჩუნა და კაპიტანი პროპერი სათადარიგო სკამზე დასვა. აპრილში მან აიაქსთან (2:1) ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, მომდევნო კვირას კი ვოლენდამის წინააღმდეგ სადებიუტო გოლიც გაიტანა. მარტში კი მას ჰოლანდიის 19-წლამდელთა ნაკრებშიც უხმეს.
ნაისტადი თანამედროვე მცველის ეტალონია. მისი სიმაღლე 190 სანტიმეტრია, თუმცა გამოირჩევა ბურთთან მუშაობის საოცარი ტექნიკითა და პასის დიდი დიაპაზონით. მას შეუძლია ითამაშოს როგორც ცენტრში, ისე „ინვერტირებულ“ მარცხენა მცველად და ხშირად ერთვება შეტევებში ნახევარდაცვის ხაზიდან.
მისი სათამაშო სტილი ბევრს ლეგენდარულ ფრანკ დე ბურს აგონებს, რომელიც ასევე მარცხენა ფეხით მოთამაშე, ტექნიკური მცველი იყო. ასევე ხშირია შედარება მანჩესტერ სიტის ნათან აკესთან.
ნეისტადს ტვენტესთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. კლუბს რთული არჩევანი აქვს: ან ამ ზაფხულს გაყიდოს ის დაახლოებით 8 მილიონ ევროდ, ან მომავალ წელს მისი უფასოდ დაკარგვის რისკი აიღოს. თავად ფეხბურთელი სიმშვიდეს ინარჩუნებს:
„ან კონტრაქტს გავახანგრძლივებ, ან წავალ. ახლა ტვენტეს ფეხბურთელი ვარ და მხოლოდ თამაშზე ვკონცენტრირდები, დანარჩენს ჩემი აგენტები და მშობლები მიხედავენ“, - განაცხადა მან ESPN-თან.
მისი მწვრთნელი, ჯონ ვან დენ ბრომი დარწმუნებულია, რომ რუდი დიდ ფეხბურთს ითამაშებს: „ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ნანახ საუკეთესო ხუთ ტალანტს შორის ნეისტადი ნამდვილად შედის“.

თამარ თაბუკაშვილი
კომენტარები