ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის მე-2 ტურის მატჩების შემდეგ C ჯგუფში სიტუაცია დაიძაბა.
საქართველო საფრანგეთთან 3-2 დამარცხდა, პორტუგალიამ კი პოლონეთი 5-0 გაანადგურა. ჯგუფში კი ახლა ასეთი სიტუაციაა.
1. პორტუგალია - 4 ქულა
2. საფრანგეთი - 4 ქულა
3. საქართველო - 3 ქულა
4. პოლონეთი - 0 ქულა
დასანანი მარცხი - საქართველომ საფრანგეთთან ბოლო წუთებზე წააგო
პოლონეთი ჯგუფში უკვე ოფიციალურად ჩარჩა, დანარჩენი 3 გუნდი კი, მათ შორის საქართველოც პლეიოფის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს. მე-3 ტურში ჩვენი გუნდი პორტუგალიას დაუპირისპირდება, საფრანგეთი კი პოლონეთს შეხვდება, რომელიც კარის გაჯახუნებას შეეცდება.
რამაზ სვანაძის გუნდის ერთადერთი შანსი, რომ ჯგუფიდან გავიდეს, პორტუგალიის დამარცხებაა. ამ შემთხვევაში ჩვენები 6 ქულას დააგროვებენ, რაც ბარიერის დასაძლევად საკმარისი იქნება, მიუხედავად იმისა თუ როგორ მორჩება პარალელური მატჩი.
პორტუგალიასთან ფრედ თამაშის შემთხვევაში, საქართველოს 4 ქულა ექნება, პორტუგალიას კი - 5. ასეთ სიტუაციაში საფრანგეთმა პოლონეთთან რომც წააგოს, ჩვენ და ფრანგებს თანაბარი ქულები გვექნება, თუმცა ურთიერთშეხვედრაში უპირატესობის გამო შემდეგ ეტაპზე ლურჯები გავლენ.
ასე რომ, საქართველოსთვის მე-3 ტურის მატჩი გადამწყვეტია და სვანაძის გუნდს მხოლოდ გამარჯვება და 3 ქულა ესაჭიროება, რათა წინა ევროს მსგავსად პლეიოფში გავიდეს.
ის კი იმედისმომცემია, რომ წინა ორ ზაფხულში პორტუგალია როგორც ახალგაზრდულმა, ისე ეროვნულმა ნაკრებმა დაამარცხა. გადამწყვეტი შეხვედრა 17 ივნისს გაიმარტება.