UFC-მ ჩინეთის ქალაქ შანხაიში დაგეგმილი ღონისძიების მთავარი ბრძოლა ოფიციალურად დააანონსა.
სუპერმსუბუქი წონის რეიტინგის მე-3 ნომერი და ტიტულის ყოფილი პრეტენდენტი უმარ ნურმაგომედოვი ჩინელ, რეიტინგის მეხუთე ნომერ სონ იადონს დაუპირისპირდება, რომელმაც მიმდინარე წლის დასაწყისში, მაკაოში გამართულ ბრძოლაში შთამბეჭდავი გამარჯვება მტკივნეული ილეთით მოიპოვა.
თავდაპირველად ნურმაგომედოვს 25 ივლისს, აბუ-დაბიში გასამართ ღონისძიებაზე დავიდ მარტინესთან უნდა ებრძოლა, თუმცა ეს დაპირისპირება აღარ შედგება.
უმარ ნურმაგომედოვი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ტიტულისთვის ბრძოლის შემდეგ ზედიზედ 2 გამარჯვების სერიას აგრძელებს.
ნურმაგომედოვს დამარცხებული ჰყავს UFC-ის ყოფილი ჩემპიონი დეივესონ ფიგეირედო, ტიტულის ყოფილი პრეტენდენტი კორი სენდჰეგენი და მარიო ბაუტისტა.
სონთან ბრძოლაში გამარჯვება მას შესაძლოა საჩემპიონო ტიტულის პრეტენდენტის სტატუსის მოპოვებაში დაეხმაროს.
სონ იადონი კარიერაში მეექვსედ მიიღებს მონაწილეობას UFC-ის ღონისძიების მთავარ ბრძოლაში.
მიმდინარე წლის მაისში, მან დეივესონ ფიგეირედო მტკივნეული ილეთით დაამარცხა. სონის ანგარიშზე 9 ნოკაუტი, 4 გამარჯვება მტკივნეული ილეთით და პირველ რაუნდში დასრულებული 7 ბრძოლაა.
მას დამარცხებული ჰყავს UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი ჰენრი სეხუდო, მარლონ მორაეში და ტიტულის ყოფილი პრეტენდენტი ჩიტო ვერა.
სონ იადონი ნურმაგომედოვთან დამაჯერებელი გამარჯვებით საჩემპიონო ტიტულისთვის ბრძოლაში ჩართვას გეგმავს.
UFC შანხაის ღონისძიება 28 აგვისტოს გაიმართება.