უეფას ერთა ლიგის A დივიზიონის პლეი ოფში ნიდერლანდების ნაკრებმა ქალაქ როტერდამში ესპანეთი მიიღო. მატჩი უხვგოლიანი გამოდგა.
მე-9 წუთზე ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. თავი ნიკო ვილიამსმა გამოიჩინა. 28-ე წუთზე მასპინძლებმა კოდი გაკპოს გოლით წონასწორობა აღადგინეს, პირველი ტაიმი 1-1 დასრულდა.
მეორე ტაიმის სტარტზევე ნარინჯისფრები წინ გავიდნენ. ანგარიში 2-1 ტიჯანი რეინდერსმა გახადა.
მასპინძლები გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა მატჩის ბოლოსკენ მათი სიტუაცია შეიცვალა. 82-ე წუთზე ნიდერლანდების ნაკრები 10 კაცით დარჩა, მსაჯმა პირდაპირ წითელი ბარათი იორელ ჰატოს უჩვენა.
მიუხედავად კაცნაკლულობისა მასპინძლებს შეეძლოთ გამარჯვების მოპოვება, მაგრამ კომპენსირებულ დროში შეცვლაზე შემოსულმა მიკელ მარინომ ანგარიში გაათანაბრა და მატჩის საბოლოო ანგარიში (2-2) დააფიქსირა.
გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი 23 მარტს ვალენსიაში (მესტალია) გაიმართება და გაირკვევა ვინ გააგრძელებს ერთა ლიგის პლეიოფში ბრძოლას.
შეგახსენებთ, რომ ამ წყვილში გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში თურქეთის, საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებებთან მოხვდება.
