-
Aa
+
ფონტის ზომა
ისინი ერთმანეთს სკოლაში, 12 წლის ასაკში შეხვდნენ, ხოლო ურთიერთობა 16 წლისებმა დაიწყეს.
მათმა ახალგაზრდულმა რომანმა პირველი სერიოზული დარტყმა 2002 წელს მიიღო, როდესაც უეინი ლივერპულის მასაჟის სალონს ეწვია და სექს-მუშაკთან ჰქონდა კავშირი.
ამის შესახებ კოლინმა წლების შემდეგ, თავის ავტობიოგრაფია My Account-ში ისაუბრა და აღიარა, რომ მომავალმა ქმარმა ეს ამბავი პირადად უამბო:
როდესაც უეინმა დამსვა და მითხრა, რომ ყველაფერი სიმართლე იყო და ამბავი ეროვნულ პრესაში უნდა გამოსულიყო, დათრგუნული და მტკივნეულად განცვიფრებული ვიყავი. ლაპარაკი არ შემიძლო... ყველაზე მეტად კი სირცხვილის გრძნობა მქონდა.
მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია ძალიან მძიმე იყო და კოლინმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნა, მან გადაწყვიტა, ნაჩქარევი ნაბიჯები არ გადაედგა და უეინს მეორე შანსი მისცა. 2003 წელს წყვილი ბენზინგასამართ სადგურზე დაინიშნა, ხოლო 2008 წელს, 22 წლის ასაკში, იტალიაში ჯვარი დაიწერეს.
2010 წელს, როცა კოლინი პირველ ბავშვზე იყო ორსულად, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უეინმა მას უღალატა და ესკორტ ქალებთან, ჯენიფერ ტომპსონთან და ჰელენ ვუდთან ჰქონდა კავშირი. ამის გამო კოლინმა სახლი დროებით დატოვა, თუმცა წყვილმა პრობლემები საბოლოოდ ისევ მოაგვარა და შერიგდა. მომდევნო წლებში ოჯახი კიდევ უფრო გაფართოვდა და კიდევ სამი შვილი შეეძინათ.
რუნის ღალატზე პირველად ინფორმაცია ჯენიფერ ტომპსონმა გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ მან და მისმა მეგობარმა ფეხბურთელთან ინტიმური კავშირი დაამყარეს. მოგვიანებით საზოგადოებამ გაიგო მეორე ქალის, ჰელენ ვუდის ვინაობაც, რომელმაც აღიარა, რომ უეინმა მანჩესტერის პრესტიჟულ სასტუმროში მათთან ერთად ყოფნისთვის 1 000 ფუნტი გადაიხადა.
ეს ამბავი ბრიტანული პრესის მთავარ თემად იქცა. სკანდალიდან წლების შემდეგ, ჰელენ ვუდმა გადაწყვიტა წარსულზე ღიად საუბარი და 2019 წელს ავტობიოგრაფიული წიგნი გამოუშვა, სადაც მომხდარი დეტალებიც აღწერა. ინტერვიუებსა და სატელევიზიო ეთერებში ჰელენმა საჯარო ბოდიში მოუხადა კოლინს და აღნიშნა, რომ ახალგაზრდობაში საკუთარ ქმედებებს მსუბუქად უყურებდა, თუმცა დროთა განმავლობაში მიხვდა, თუ რაოდენ მტკივნეული იყო ეს ყველაფერი იმ ქალისთვის, რომელიც უბრალოდ ოჯახის შენარჩუნებას ცდილობდა.
თავად უეინსა და კოლინს ამ თემაზე საჯაროდ აღარ უსაუბრიათ და ცდილობდნენ, ყურადღება ოჯახსა და შვილების აღზრდაზე გადაეტანათ.
2017 წლის ზაფხულში უეინ რუნი კიდევ ერთხელ მოექცა სკანდალის ეპიცენტრში, როდესაც ის პოლიციამ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მართვისთვის დააკავა. მანქანა, რომელსაც ის მართავდა, ეკუთვნოდა ლორა სიმპსონს, ქალს, რომელიც უეინმა იმავე ღამით ბარში გაიცნო.
ამ ინციდენტს ფეხბურთელისთვის ორწლიანი მართვის მოწმობის ჩამორთმევა მოჰყვა, ხოლო კოლინმა შვილებთან ერთად დროებით ისევ დატოვა სახლი. იმავე წლის მიწურულს, ფეისბუქის პოსტით მან საჯაროდ განაცხადა, რომ ქმარს აპატია. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე პერიოდი გამოიარა, მას სურდა ოჯახის შენარჩუნება.
2019 წლის თებერვალში უეინ რუნი კიდევ ერთხელ მოექცა ბრიტანული პრესის ყურადღების ცენტრში, როდესაც ის ფლორიდაში ადგილობრივ ბარმენ ქალთან, ვიკი როსიეკთან ერთად შენიშნეს. იმ პერიოდში უეინი DC United-ის შემადგენლობაში თამაშობდა და გუნდთან ერთად სავარჯიშო შეკრებაზე იმყოფებოდა Clearwater Beach-ზე.
გავრცელებული ინფორმაციით, უეინი და ვიკი თითქმის ათი საათი სვამდნენ, რა დროსაც ისინი რამდენიმე ბარს ესტუმრნენ, მათ შორის The Brown Boxer-სა და The Shipwreck-ს. საღამოს განმავლობაში რუნი და ვიკი ერთმანეთს ახლოს ესაუბრებოდნენ, ხოლო მოგვიანებით ფეხბურთელი ქალის ნისანის მარკის ავტომობილში ჩაჯდა და მასთან ერთად მარტო გაემგზავრა შემდეგი ბარისკენ. ვიკის თქმით, უეინი საკმაოდ უბრალო და წყნარი ადამიანი ჩანდა, რომელსაც უბრალოდ სურდა, ისეთ ხალხთან ურთიერთობა ჰქონოდა, ვინც ფეხბურთზე არ ელაპარაკებოდა.
ეს ინციდენტი იმ დროისთვის განსაკუთრებით სენსიტიური აღმოჩნდა, რადგან დაემთხვა პერიოდს, როდესაც კოლინ რუნი თავის ოთხ ვაჟთან ერთად ვაშინგტონში იმყოფებოდა, ხოლო უეინის წარსულიდან გამომდინარე ამ ფაქტმა მედიაში მწვავე რეაქციები გამოიწვია. წყაროების ცნობით, ამან კოლინი ძალზე გააბრაზა, რადგან ის თვლიდა, რომ ოჯახის გამო ამერიკაში გადასვლით დიდი მსხვერპლი გაიღო, უეინი კი მსგავსი საქციელით მის ნდობასა და ოჯახურ სიმშვიდეს კვლავ საფრთხეს უქმნიდა.
დოკუმენტურ ფილმში Coleen Rooney: The Real Wagatha Story კოლინის დედამ, კოლეტმა, ღიად ისაუბრა იმ სირთულეებზე, რაც მის შვილს გადაატანინა:
როგორც მშობელს, არ გსურს, რომ შენმა ქალიშვილმა ეს ყველაფერი გამოიაროს. გაბრაზებული და განრისხებული ვარ. ერთადერთი, რაც მსურს, მისი დაცვაა. ის ესაუბრებოდა უეინს, რომელიც ცდილობს, სიტუაცია მოაგვაროს. მე ის მიყვარს, მაგრამ ზოგჯერ არ მომწონს. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მინდა, კარგად შევანჯღრიო. მან კოლინს ატკინა და სწორედ ეს არის მთავარი.
მოგვიანებით კოლეტმა დასძინა:
უეინმა ბოდიში მოგვიხადა - ჩვენც და კოლინსაც. საბოლოო გადაწყვეტილება კი, თუ როგორ მოიქცეოდა, თავად კოლინზე იყო დამოკიდებული. ჩვენ ვუთხარით: რაც არ უნდა აირჩიო, ჩვენ გვერდში დაგიდგებით. ჩვენ შენს გვერდით ვიქნებით.
2024 წელს კოლინმა მონაწილეობა მიიღო პოპულარულ შოუში I’m A Celebrity… Get Me Out Of Here!, სადაც ღიად ისაუბრა უეინის შეცდომებზე და აღნიშნა, რომ 16 წლიდან ასეთ პირობებში ცხოვრება რთული იყო, მაგრამ უეინს ფიგურა და დიდება არასდროს ჰყვარებია, მას მხოლოდ ფეხბურთი უნდოდა.
მიმდინარე წლის, 2026 წლის მარტის დასაწყისში, უეინ რუნი კიდევ ერთხელ გახდა სკანდალის ეპიცენტრი. ბრიტანეთის დაჯილდოების შემდეგი წვეულების დროს, მანჩესტერის პრესტიჟულ სასტუმროში, უეინი გვიან ღამემდე სვამდა და ორ უცნობ ქალთან ერთად შენიშნეს.
როგორც The Sun იუწყებოდა, დილის 1:30 საათზე ფეხბურთელი საკმაოდ არაკომფორტულ მდგომარეობაში დაინახეს ტუალეტიდან გამოსვლისას, ხოლო საბოლოოდ შენობა ქალთან ერთად დატოვა და ისინი ცალ-ცალკე მანქანებში ჩასხდნენ.
მედიის ცნობით, ამჯერად კოლინმა ეს ინციდენტი შედარებით გულგრილად მიიღო. მისმა მეგობრებმა აღნიშნეს, რომ ის თითქოს უკვე გაყინულია მსგავსი ამბების მიმართ და მთელ ყურადღებას საკუთარ კარიერაზე (Primark-ის ტანსაცმლის ხაზის გამოშვებასა და ახალ Disney+-ის რეალითი შოუზე The Real Rooneys) ამახვილებს.
წყვილის ახალი ერთობლივი პროექტი, დოკუმენტური სერიალი The Real Rooneys, ეკრანებზე 2026 წლის სექტემბერში გამოვიდა. ამ პერიოდში მიცემულ ინტერვიუებში უეინი და კოლინი ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ქორწინებაში ბევრი რამ გადაიტანეს, თუმცა დღეს ერთმანეთს უფრო კარგად უგებენ.
უეინმა თავის ინტერვიუში აღნიშნა:
ჩვენ ერთად ვიყავით და ვართ... ეს არის ის, რაც ზოგადად ხდება ქორწინებაში მთელ მსოფლიოში.
კოლინმა კი დასძინა:
ხალხი ჩვენ გვიყურებს, როგორც ცოლ-ქმარს ოთხი შვილით, რომლებიც რთულ პერიოდებს გადიან... მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთთან კარგ დროს არ ვატარებთ.

ანანო მკალავიშვილი
კომენტარები