ოლიმპიურ მუზეუმში, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, თავისუფალ ჭიდაობაში პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონისა და ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორის, ვახტანგ ბალავაძის, 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა თამარ ბალავაძის მიერ გადაღებული ფილმის, ჭიდაობის პროფესორის ჩვენება. სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებმა სახელოვანი მოჭიდავის ცხოვრების გზა და გამარჯვებები გაიხსენეს.
ვახტანგ ბალავაძემ თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული პირველად 1954 წელს ტოკიოში მოიპოვა, მეორედ კი 1957 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. მის ანგარიშზეა ასევე მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალი და 1956 წლის მელბურნის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაო.
ლეგენდარული სპორტსმენი თავისუფალ ჭიდაობაში სსრკ-ის ხუთგზის ჩემპიონი იყო, სამბოში კი სსრკ-ის ჩემპიონატის გამარჯვებული და მეორე პრიზიორი.
გამორჩეული, ლაღი და რაინდული სტილის გამო მას ჭიდაობის პროფესორი შეარქვეს.