VIDEO: 3 მატჩში 7 ქულა - ქეცბაიას დინამომ კიდევ ერთხელ მოიგო
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ეროვნული ლიგის მე-11 ტური თბილისში, დინამო არენაზე, დინამო თბილისისა და სპაერის მატჩით, დაიხურა. 19-გზის ჩემპიონებმა დებიუტანტ მეტოქეს 2:1 აჯობეს.
თემურ ქეცბაიას გუნდმა პირველი ნახევარი ნანა კოფი დონკორისა და მათე ვაწაძის გოლებით მოიგო, სპაერმა კი პრესტიჟის გოლი 82-ე წუთზე შეაგდო - თავი ზურაბ გოლუბიანმა გამოიჩინა.
გამოცდილი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, დინამოელებმა 3 მატჩში 7 ქულა აიღეს. ვაწაძემ მიმდინარე ჩემპიონატში მე-3 გოლი შეაგდო და სამივე ქეცბაიას მოსვლის შემდეგ, დონკორმა თავი მეორედ გამოიჩინა.
რაც შეეხება სპაერს, მაგარი სტარტის შემდეგ გუნდს უკვე 7-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს - ბოლოს, 16 მარტს სამგურალი დაამარცხეს.
აღსანიშნავია, რომ დინამოს რიგებში 295 მატჩის აღსანიშნავად, გიორგი ლორიამ სპეციალური ჯილდო მიიღო - ის ალექსანდრე იაშვილმა და დინამოს ლეგენდარულმა მეკარემ, ირაკლი ზოიძემ დააჯილდოვეს.
ასევე, ეროვნულ ლიგაში მე-100 მატჩი ჩაატარა დინამოელთა მცველმა, სანდრო კალანდაძემ - მას სპეციალური პრიზი კლუბის დირექტორმა, ზაზა დოლიძემ გადასცა.
11 ტურის შემდეგ, საქართველოს მთავარ ლიგაში ასეთი მდგომარეობაა:
1. იბერია (თბილისი) - 23 ქულა;
2. რუსთავი (რუსთავი) - 19 ქულა;
3. ტორპედო (ქუთაისი) - 16 ქულა;
4. დილა (გორი) - 16 ქულა;
5. დინამო (თბილისი) - 15 ქულა;
6. სამგურალი (წყალტუბო) - 14 ქულა;
7. სპაერი (თბილისი) - 12 ქულა;
8. დინამო (ბათუმი) - 11 ქულა;
9. გაგრა (თბილისი) - 10 ქულა;
10. მეშახტე (ტყიბული) - 10 ქულა.
დინამო თბილისი შემდეგ ტურში, 11 მაისს, მე-2 ადგილოსან რუსთავს სტუმრად შეხვდება, ხოლო სპაერი იმავე დღეს გაგრას უმასპინძლებს.