VIDEO: სუპერ კლასიკო ბოკასია - რივერი სუპერ დამაჯერებლად დაამარცხეს
10 ნოე, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
"ბოკამ ბევრი გოლი იმიტომ არ გაიტანა, რომ არ სურდა, არა იმდენად იმიტომ, რომ ხელიდან გაუშვა გოლის გატანის არაერთი შანსი, არამედ იმიტომ, რომ სპეციალურად გოლის გასატანად არ თამაშობდა", - ასეთია გამოცემა OLE-ს ერთ-ერთი შეფასება ბოკა ხუნიორსის მიერ რივერ პლეიტის სუპერ კლასიკოში 2:0 დამარცხებაზე.
არგენტინული საკლუბო ფეხბურთის მთავარი მატჩი, რომელსაც არგენტინისავე ნაკრების ფორმაში გამოწყობილი ინგლისელი პოპ ვარსკვლავი დუა ლიპაც ესწრებოდა, Torneo Clausura-ს მე-15 ტურის ეგიდით, გაიმართა. ბოკამ რივერს ბომბონერაზე მოუგო, თავად ლიბერტადორესის თასის მომდევნო სეზონში მონაწილეობა გაინაღდა, ისტორიულ მეტოქეს კი საქმეები კიდევ უფრო გაურთულა.
თამაში ბოკელების დიდი უპირატესობის ფონზე წარიმართა და ამას ვიდეოდანაც ნახავთ. მსაჯს 28 ჯარიმის დანიშვნა და 10 ფეხბურთელისთვის ყვითელი ბარათის მიცემა მოუწია, აი, გაძევება არ ყოფილა.
მასპინძელთაგან გამორჩეული ექსეკიელ სებაიოსი იყო, რომელმაც პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე ჯერ ანგარიში გახსნა, მეორე ნახევრის სტარტზე კი მიგელ მერენტიელს საგოლე გადაცემა გაუკეთა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი, მარადონას სახელობის, პრიზი სწორედ 23 წლის სებაიოსს გადაეცა. კოჭის ტრავმის შემდეგ, ბოკას შეტევის ლიდერი ფორმას იბრუნებს და ბოლო 4 მატჩში 5 გოლი შექმნა - 3 გოლი და 2 საგოლე პასი.
კარგ სვლაზეა მერენტიელიც, რომელმაც ჩემპიონატის ზედიზედ მე-3 მატჩში შეაგდო, იქამდე კი ბელგრანოსთან ასისტი მიითვალა. ასე რომ, მასაც ზედიზედ 4 თამაშში აქვს საგოლე მოქმედება.
შედეგად, ბოკამ 15 ტურში 26 ქულა მოაგროვა და ერთპიროვნულად გალიდერდა - კონკურენტმა უნიონ სანტა ფემ (24 ქულა) თავისი მატჩი ფრედ დაასრულა, ხოლო თუკი სენტრალ კორდობა დღეს მოიგებს, დედაქალაქელებს 1 ქულამდე თავად მიუახლოვდება.
16 ნოემბერს, ხუნიორსს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვს და ისევ ბომბონერაზე - მე-4 ადგილოსან 22-ქულიან ტიგრესთან.