ანხელ დი მარია არგენტინულ ფეხბურთს ერთ-ერთი, სრულიად ნათელი მიზნით და ალბათ მისი ლეგენდარული კარიერის ერთადერთი აუსრულებელი ოცნების ასასრულებლად დაუბრუნდა, რათა როსარიო სენტრალთან ერთად ჩემპიონობა მოეპოვებინა.
ეს არის კლუბი, რომელსაც ის ბავშვობიდან ქომაგობს და სადაც პროფესიონალური დებიუტი ჰქონდა, სანამ ევროპასა და არგენტინის ნაკრებში მსოფლიო ვარსკვლავად გადაიქცეოდა.
დღეს, ყველაზე მოულოდნელი გზით, მან საბოლოოდ შეძლო ამ ოცნების ასრულება: AFA-მ (არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ) როსარიო სენტრალის ხელმძღვანელობას 2025 წლის ჩემპიონატის თასი გადასცა, როგორც გუნდს, რომელმაც კალენდარულ წელიწადში ყველაზე მეტი ქულა დააგროვა.

რატომ იწვევს როსარიო სენტრალის ტიტული დაპირისპირებას?
დაბნეულობა და კრიტიკა თავად როსარიო სენტრალს არ უკავშირდება, პრობლემას AFA-ს გადაწყვეტილება წარმოადგენს, შეეცვალათ წესები სეზონის მიმდინარეობისას.
ამჟამინდელი არგენტინული პროფესიონალური ლიგა 30 გუნდს აერთიანებს, რომლებიც ორ ჯგუფად, 15-15 გუნდად არიან გადანაწილებული. რეგულარული სეზონის შემდეგ, თითოეული ჯგუფიდან რვა საუკეთესო გადის პლეი ოფში, სადაც ჩემპიონი უნდა გაირკვეს.
წლის პირველ ნახევარში პლატენსემ თავის ისტორიაში პირველი ტიტული მოიგო. მეორე ნახევარში რეგულარული სეზონი გასულ კვირას დასრულდა, ხოლო შაბათს მერვედფინალი დაიწყება, რომელიც ახალ ჩემპიონს გამოავლენს.
ამავდროულად, კოპა ლიბერტადორესის საგზურები წლის ერთობლივი ცხრილით განისაზღვრება - რეიტინგით, რომელშიც როსარიო სენტრალმა ყველაზე მეტი ქულა დააგროვა და ბოკა ხუნიორსსა და არგენტინოს ხუნიორსთან ერთად კონტინენტურ ტურნირზე ადგილი მოიპოვა.
აქამდე, სწორედ ეს იყო ერთადერთი აღიარება, რომელიც წლის საუკეთესო გუნდს ეკუთვნოდა, მაგრამ დღეს როსარიო სენტრალი მოულოდნელად 2025 წლის ჩემპიონად გამოცხადდა.
„ეს რამდენიმე წელია გაწერილი გეგმის ნაწილია, წლიური ჩემპიონატის დაბრუნება. ამიერიდან ეს ტიტული აპერტურას, კლაუსურას, ჩემპიონთა თასს დაემატება და წლიური ჩემპიონობა კვლავ დაბრუნდება.
დღეს ჩვენ ახალი ჩემპიონი ვაღიარეთ. სრულად დამსახურებული კლუბისთვის, რომელმაც პირველი ტურიდან ბოლო ტურამდე ლიდერობა შეინარჩუნა, ყველაზე მეტი ქულა დააგროვა და მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ ორი მატჩი წააგო,“ - განმარტა კლუბის პრეზიდენტმა გონსალო ბელოსომ „კორონაციის“ შემდეგ.
გადაწყვეტილება, რომელმაც კითხვები გააჩინა
მიუხედავად როსარიო სენტრალის უდავო დამსახურებისა, რეალობა ასეთია: არგენტინის ჩემპიონატი არ არის სრული ლიგა, თითოეული კლუბი მხოლოდ გუნდების ნახევარს ხვდება.
ამ კონტექსტში, კლაუდიო ტაპიასა და AFA-ს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებამ დიდი ხმაური გამოიწვია, მით უფრო, რომ იგი რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ გამოცხადდა.
არგენტინულმა კლუბმა ესტუდიანტესმა გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.
"ესტუდიანტესი თავის წევრებს, პარტნიორებს, გულშემატკივრებსა და საზოგადოებას აცნობებს, რომ არგენტინის პროფესიონალური ფეხბურთის ლიგის აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრაზე 2025 წლის საჩემპიონო ტიტულის აღიარებასთან დაკავშირებით კენჭისყრა არ ჩატარებულა."
როსარიო სენტრალმა არგენტინის ჩემპიონატი ისტორიაში მეხუთედ, ხოლო 1987 წლის შემდეგ პირველად მოიგო.
37 წლის დი მარიამ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 15 მატჩში 7 გოლი და 3 საგოლე გადაცემა დააგროვა და ბავშვობის კლუბთან ერთად კარიერაში 37-ე ტიტული მოიგო.