ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მსოფლიო ჩემპიონატის 64 გუნდამდე გაფართოების შესაძლებლობას განიხილავს, რადგან მიმდინარე 48-გუნდიანი ტურნირი წარმატებულად მიიჩნია.
ინფანტინოს თქმით, მსოფლიო ჩემპიონატი მთელი მსოფლიოსთვის უნდა იყოს განკუთვნილი და არა მხოლოდ ევროპისა და სამხრეთ ამერიკისთვის, რათა ყველა ერს ჰქონდეს მონაწილეობის შესაძლებლობა. ფიფას პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მცირე ქვეყნებისთვის ტურნირზე მონაწილეობის შანსის მიცემა აუცილებელია მათი განვითარების სტიმულირებისთვის.
აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით არსებობს განსხვავებული მოსაზრებები. სამხრეთ ამერიკის მმართველმა ორგანომ, კონმებოლმა, 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 64 გუნდამდე გაფართოების ოფიციალური წინადადება 2025 წლის აპრილში წარადგინა, თუმცა გადაწყვეტილება ამ დრომდე არ არის მიღებული.
უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა ამას „ცუდი იდეა“ უწოდა, ხოლო აზიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტმა შეიხ სალმან ბინ იბრაჰიმ ალ ხალიფამ განაცხადა, რომ გაფართოება ქაოსს მოიტანს.
კონკაკაფის პრეზიდენტმა ვიქტორ მონტალიანიმ აღნიშნა, რომ გაფართოება საფეხბურთო ეკოსისტემას დააზიანებს. მეორეს მხრივ, თეთრი სახლის მსოფლიო ჩემპიონატის სამუშაო ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, ენდრიუ ჯულიანიმ განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია 2038 წლის ჩემპიონატის მასპინძლობა, თუ ის 64 გუნდამდე გაფართოვდება.
სპორტული მიმომხილველის, დეილ ჯონსონის თქმით, ჩემპიონატის მასშტაბის ზრდა ართულებს მასპინძლობას, რადგან რაც უფრო დიდია ტურნირი, მით უფრო რთულია მისი ჩატარება. 64-გუნდიანი მსოფლიო ჩემპიონატი დაახლოებით 128 მატჩს მოიცავს და ფიფას ასოცირებული 211 ქვეყნის თითქმის მესამედს კვალიფიკაციის საშუალებას მისცემს, რაც ასევე ნიშნავს წევრი ასოციაციებისთვის გასანაწილებელი შემოსავლის ზრდას.