1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
რა არის ოქროს ბურთი
ავტორიტეტულმა ფრანგულმა ჟურნალმა FRANCE FOOTBALL ოქროს ბურთის გადაცემა 1956 წლიდან დაიწყო და მათი ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელი უკვე 69-ჯერ დააჯილდოვა. პირველი ჯილდო ლეგენდარულმა ინგლისელმა სტენლი მეთისუმა დაისაკუთრა, მას შემდეგ ეს პატივი კიდევ 45 მოთამაშეს ერგო - მათ შორის ყველაზე მეტჯერ ლიონელ მესის, არგენტინელი ბალონ დორის გამარჯვებული რვაჯერ გახდა, მეორე ადგილს ხუთი ტრიუმფით კრიშტიანუ რონალდუ იკავებს.
"ფრანს ფუტბოლის" 1956 წლის გამოშვება და პირველი გამარჯვებული - სტენლი მეთიუზი.
როგორ ხდება ხმის მიცემა
ოქროს ბურთი მკაცრ პროცედურას მიჰყვება, რომელიც მისი პრესტიჟისა და სამართლიანობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. შერჩეული საერთაშორისო ჟურნალისტები, თითოეული უფლებამოსილი ქვეყნიდან, ხმას აძლევენ ფეხბურთელების მიერ სეზონის განმავლობაში ნაჩვენები შედეგების მიხედვით. თითოეული ამომრჩეველი ასახელებს თავის საუკეთესო ათეულს, სადაც ქულები კლებადობის პრინციპით ნაწილდება. ეს პროცესი უზრუნველყოფს გლობალურ წარმომადგენლობას და აფასებს მიღწევებს მსოფლიოს ყველა მთავარ ტურნირზე.
რა ძირითადი კრიტერიუმებია გათვალისწინებული
ოქროს ბურთი სამი ძირითადი კრიტერიუმის საფუძველზე გაიცემა - ინდივიდუალური თამაში, გუნდური მიღწევები და ოსტატობა სამართლიანი თამაშის (Fair Play) პრინციპებთან შერწყმით. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას თითოეულ კრიტერიუმს უდიდესი წონა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალურ ოსტატობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, ჯილდო ასევე აფასებს მოთამაშის წვლილს გუნდის წარმატებაში. ტალანტის, სპორტული სულისკვეთებისა და უმაღლესი ოსტატობის სინთეზი განსაზღვრავს ბალონ დორის ნამდვილ მფლობელს.
მართალია 2025/26 წლების სეზონი მსოფლიო თასმა დააგვირგვინა, მიუხედავად იმისა რომ ბევრმა დიდმა ვარსკვლავმა საოცარი მუნდიალი შემოგვთავაზა, ერთი გამოკვეთილი ფავორიტი მაინც არ გვყავს - სხვადასხვა ბეჭდური თუ ონლაინ გამოცემა სხვადასხვა კანდიდატს ასახელებს - ზოგიც მედიის სიმპათიით სარგებლობს, ზოგიც კი გულშემატკივრის. ხვიჩა კვარაცხელია ჩვენს დღევანდელ კანდიდატებში ერთადერთია, რომელსაც მუნდიალზე მონაწილეობა არ მიუღია - და აქვს თუ არა შანსი კვარას, მოუგია თუ არა ვინმეს ოქროს ბურთი მსოფლიო თასზე ასპარეზობის გარეშე? - კი. 1978 წელს კევინ კიგანმა ეს ჯილდო მუნდიალზე ასპარეზობის გარეშე მოიპოვა.
თუმცა მაშინ სხვა სიტუაცია იყო - 1995 წლამდე ჯილდო მხოლოდ ევროპელ ფეხბურთელებს გადაეცემოდათ. სწორედ ამ მიზეზით არ მოუგიათ ბალონ დორი პელეს, მარადონას თუ სხვა არაევროპელ ლეგენდებს - იგივე მიზეზით 1978 წლის ხმის მიცემაში ვერ განიხილავდნენ თუმდაც იმავე წლის მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელს, მარიო კემპესს.
თუმცა ჩვენ გვაქვს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ფეხბურთელმა ოქროს ბურთი ჩაგდებული მუნდიალის შემდეგაც მოიგო - მაგალითად კრიშტიანუ რონალდუ 2014 წელს ან ლიონელ მესი 2010-ში. კრიშტიანუმ 2014 წლის მსოფლიო თასი ცალსახად ჩააგდო, რონალდუმ ერთი გოლი გაიტანა, ხოლო პორტუგალია ჯგუფში ჩარჩა, იგივეს თქმა შეიძლება ლეო მესის 2010 წლის კამპანიაზე - მართალია არგენტინა ტურნირს მეოთხედფინალში გამოეთიშა, თუმცა მესის მსოფლიო თასზე გოლის გატანა ვერ შეძლო. ორივე ფეხბურთელმა ბალონ დორი საკლუბო სეზონის ხარჯზე მოიგო - და ვფიქრობ, შესაძლოა სეზონის რეზიუმეში ჩაწერილ ჩავარდნილ მუნდიალს, მუნდიალზე საერთოდ არ მონაწილეობა სჯობდეს.
წლევანდელი ოქროს ბურთის მთავარ ფავორიტად ჰარი კეინი მიიჩნევა - ზოგიერთი ავტორიტეტული მედია ინგლისელის შანსებს 60%-ის ფარგლებშიც აფასებს. ამის მთავარი მიზეზი ალბათ საკლუბო და სანაკრებო სეზონების ყველა სხვა პრეტენდენტთან შედარებით უკეთესი ბალანსია. გავიხსენოთ როგორი სეზონი ჰქონდა ჰარის:
კლუბში ინგლისელმა 51 მატჩში 61 გოლსა და 7 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.
ბუნდესლიგა: 31 მატჩი - 36 გოლი - 5 საგოლე გადაცემა. გამარჯვებული. საუკეთესო ბომბარდირი.
ჩემპიონთა ლიგა: 13 მატჩი - 14 გოლი - 2 საგოლე გადაცემა. ნახევარფინალი. 8 გ+ა (გოლს+ასისტი) პლეი-ოფში. 3 გ+ა რეალთან, 3 გ+ა პსჟ-სთან.
გერმანიის თასი: 6 მატჩი - 10 გოლი. გამარჯვებული. გერმანიის სუპერ თასი: 1 მატჩი - 1 გოლი. გამარჯვებული.
მსოფლიო თასი: 7 მატჩი - 6 გოლი - 1 საგოლე გადაცემა. მესამე ადგილი.
2 გოლი ხორვატიასთან ჯგუფურ ეტაპზე. 1 გოლი პანამასთან ჯგუფურ ეტაპზე. 2 გოლი კონგოსთან მეთექვსმეტედფინალში. 1 გოლი და 1 ასისტი მექსიკასთან მერვედფინალში.
კილიან მბაპე
უტიტულო სეზონის მიუხედავად, კილიანს საოცარი ინდივიდუალური სეზონი გამოუვიდა - ფრანგი ყველა დიდი ტურნირის ბომბარდირი გახდა და ოქროს ბურთის მომგებ მთავარ პრეტენდენტებს შორის დამსახურებული ადგილი დაიკავა.
კლუბში ფრანგმა 44 მატჩი ჩაატარა და 42 გოლსა და 8 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.
ლა ლიგა: 31 მატჩი - 25 გოლი - 5 საგოლე გადაცემა. საუკეთესო ბომბარდირი.
ჩემპიონთა ლიგა: 11 მატჩი - 15 გოლი - 1 საგოლე გადაცემა. მეოთხედფინალი. ბომბარდირი. 3 გ+ა პლეი-ოფში.
ესპანეთის თასი: 1 მატჩი - 2 გოლი.
მსოფლიო თასი: 8 მატჩი - 10 გოლი - 4 საგოლე გადაცემა. მეოთხე ადგილი.
2 გოლი სენეგალთან, 2 გოლი ერაყთან და 2 ასისტი ნორვეგიასთან ჯგუფურ ეტაპზე. 2 გოლი შვედეთთან მეთექვსმეტედფინალში, 1 გოლი პარაგვაისთან მერვედფინალში, 1 გოლი და 1 ასისტი მაროკოსთან მეოთხედფინალში და 2 გოლი და 1 ასისტი ინგლისთან მესამე ადგილისთვის მატჩში.
ხვიჩა კვარაცხელია
ქართველს ზურგს საოცარი ჩემპიონთა ლიგის სეზონი უმაგრებს - სეზონი, რომლის მსგავსებიც ხშირად სწორედ ოქროს ბურთით მთავრდებოდა, თუმცა სასწორის მეორე მხარეს საკმაოდ უფერული ლიგა 1-ის პერფორმანსი და როგორც ზემოთ ვახსენეთ მუნდიალის გამოტოვებაა. ამისდა მიუხედავად, სპორტული მედიების ნაწილი ხვიჩას ხშირად ტოპ 5 ფავორიტშიც კი მოიხსენიებს.
ქართველმა კლუბში 48 მატჩი ჩაატარა და 19 გოლსა და 11 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.
ლიგა 1: 28 მატჩი - 8 გოლი - 4 საგოლე გადაცემა. გამარჯვებული.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: 1 მატჩი - 1 გოლი. გამარჯვებული.
ჩემპიონთა ლიგა: 16 მატჩი - 10 გოლი - 6 საგოლე გადაცემა. გამარჯვებული. ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი. 10 გ+ა პლეი-ოფში.
1 გოლი მონაკოსთან გარდამავალ ეტაპზე. 3 გოლი და 1 ასისტი ჩელსისთან მერვედფინალში. 1 გოლი და 1 ასისტი ლივერპულთან
მეოთხედფინალში. 2 გოლი და 1 ასისტი ბაიერნთან ნახევარფინალში. მოპოვებული თერთმეტმეტრიანი არსენალთან ფინალში.
ლამინ იამალი
ფეერიული საკლუბო სეზონის შემდეგ, სადაც 18 წლის ესპანელმა ლა ლიგა მოიგო და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა, მუნდიალზე ვერ გაიბრწყინა, ხოლო ჩემპიონთა ლიგას ნაადრევად დაემშვიდობა. დე ლა ფუენტეს გუნდის მნიშვნელოვანი წევრობის მიუხედავად, შემტევი მუნდიალზე მხოლოდ ერთი გოლითა და საფრანგეთთან, ნახევარფინალში მოპოვებული თერთმეტმეტრიანით გამოირჩა.
ესპანელმა კლუბში 45 მატჩი ჩაატარა და 24 გოლსა და 17 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.
ლა ლიგა: 28 მატჩი - 16 გოლი - 11 საგოლე გადაცემა. გამარჯვებული. საუკეთესო ფეხბურთელი.
ჩემპიონთა ლიგა: 10 მატჩი - 6 გოლი - 4 საგოლე გადაცემა. მეოთხედ ფინალი. 4 გ+ა პლეი-ოფში.
ესპანეთის თასი: 5 მატჩი - 2 გოლი - 2 საგოლე გადაცემა.
მსოფლიო თასი: 8 მატჩი - 1 გოლი. გამარჯვებული.
უსმან დემბელე
უსმანი ზედიზედ მეორე ოქროს ბურთზე იწევს, თუმცა ამჯერად ამ ჯილდოს მოგება გაუჭირდება. ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელების მიუხედავად, ფრანგმა ჩემპიონატში ძირითადიდან მხოლოდ 11 მატჩი დაიწყო, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მშვენიერი სტატისტიკისა და ლიგის ფინალში გოლის მიუხედავად, თავის გუნდში საუკეთესო არ ყოფილა.
ფრანგმა კლუბში 37 მატჩი ჩაატარა და 19 გოლსა და 9 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.
ლიგა 1: 22 მატჩი - 10 გოლი - 7 საგოლე გადაცემა. გამარჯვებული. საუკეთესო ფეხბურთელი.
ჩემპიონთა ლიგა: 13 მატჩი - 8 გოლი - 2 საგოლე გადაცემა. გამარჯვებული. 8 გ+ა პლეი ოფში.
საფრანგეთის თასი: 2 მატჩი - 1 გოლი. მეთექვსმეტედფინალი.
მსოფლიო თასი: 8 მატჩი - 6 გოლი - 2 საგოლე გადაცემა.
1 გოლი და 1 ასისტი ერაყთან და 3 გოლი ნორვეგიასთან ჯგუფურ ეტაპზე. 1 ასისტი შვედეთთან მეთექვსმეტედფინალში, 1 გოლი მაროკოსთან მეოთხედფინალში და 1 გოლი ინგლისთან მესამე ადგილისთვის მატჩში.
როდრი
ესპანელს საკლუბო სეზონი ისეთი არ გამოუვიდა, როგორიც ბოლო წლებში. მძიმე ტრავმის გამო როდრიმ მხოლოდ 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 2 გოლი გაიტანა - მოიგო ინგლისის ასოციაციისა და ლიგის თასები. წარუმატებელი აღმოჩნდა სიტის ჩემპიონთა ლიგური კამპანია - როდრის გუნდი ტურნირს მერვედფინალში გამოეთიშა, ხოლო პრემიერ ლიგა სიტიმ მეორე ადგილზე დაასრულა - როდრიმ მონაწილეობა მხოლოდ 21 მატჩში მიიღო - საიდანაც სასტარტოდან 17 დაიწყო.
პეპ გვარდიოლამ ესპანელი მაესტროს მუნდიალისთვის ფორმაში დაბრუნება იწინასწარმეტყველა და მართალიც აღმოჩნდა - მსოფლიო თასზე გულშემატკივარმა კიდევ ერთხელ ნახა როდრის საუკეთესო ფორმა. ერნანდესი კიდევ ერთხელ მოგვევლინა დე ლა ფუენტეს ნაკრების ხერხემლად და მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთად ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც დაისაკუთრა.
ლიონელ მესი
38 წლის ასაკში საოცრად ჩატარებული მუნდიალის შემდეგ ლეო მესი თავისი მეცხრე ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში ჩაება. MLS-ში გატარებული შთამბეჭდავი სეზონისა და კიდევ უფრო შთამბეჭდავი მსოფლიო თასის შემდეგ ლეომ შემდეგი კითხვები გააჩინა - შეუძლია თუ არა ევროპის გარეთ მოთამაშე ფეხბურთელს ამ ჯილდოს მოგება? - კი. 2007 წლის შემდეგ ოქროს ბურთის დაუფლება დედამიწის ყველა წერტილში მოთამაშე ფეხბურთელს შეუძლია, თუმცა ფინალში უსახური თამაშისა და მარცხის შემდეგ ეს ყველაფერი ცოტა არარეალურად მოჩანს. წარმოგიდგენთ არგენტინელის სტატისტიკას:
ამერიკის ჩემპიონატის სეზონი წლებითაა, ამიტომ ერთ ევროპულ სეზონში 2025-ის სეზონის ბოლო და 2026-ის პირველი ნახევარი მოთავსდა. თუმცა სტატისტიკა აღებულია აგვისტოდან მაისამდე პერიოდში:
ყველა ტურნირზე არგენტინელმა 36 მატჩი ჩაატარა და 32 გოლსა და 25 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.
MLS(ამერიკის ჩემპიონატი) : 24 მატჩი - 23 გოლი - 16 საგოლე გადაცემა. გამარჯვებული, საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო ბომბარდირი (2025).
მსოფლიო თასი: 8 მატჩი - 8 გოლი - 4 საგოლე გადაცემა. ფინალი.
3 გოლი ალჟირთან, 2 გოლი ავსტრიასთან, 1 გოლი იორდანიასთან ჯგუფურ ეტაპზე. 1 გოლი კაბო-ვერდესთან მეთექვსმეტედფინალში. 1 გოლი და 1 ასისტი ეგვიპტესთან მერვედფინალში. 1 ასისტი შვეიცარიასთან მეოთხედფინალში და 2 ასისტი ინგლისთან ნახევარფინალში.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები