4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კონტეს გუნდი პლეი-ოფისთვის იბრძვის, ტოპ-კლუბები — რვა საუკეთესოში მოსახვედრად.
უკვე სიახლე აღარაა, მაგრამ მაინც უჩვეულოდ ჟღერს: ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპი ოთხშაბათს, ერთდროულად, 18 მატჩით დასრულდება — ნამდვილი საფეხბურთო კარნავალი.
ბოლო ტურის წინ ინტრიგა ჯერ კიდევ ძალიან ბევრია. სატურნირო მოტივაცია მხოლოდ ექვს გუნდს აღარ აქვს: უკვე გამოვარდნილები არიან აინტრახტი, სლავია, ვილიარეალი და კაირატი, ხოლო არსენალსა და ბაიერნს მერვედფინალის საგზური მოპოვებული აქვთ.
დანარჩენი 30 გუნდი კვლავ აქტიურად იბრძვის საკუთარ მიზნებისთვის.
მოკლედ გიამბობთ თითოეული კლუბის ამოცანების შესახებ:
1. არსენალი
ლონდონელებს ფაქტობრივად ამხანაგური მატჩი ელით ისეთივე უმოტივაციო კაირატის წინააღმდეგ, რომელსაც პლეი-ოფის შანსი უკვე დაკარგული აქვს. მიკელ არტეტას გუნდს პირველი ადგილის შესანარჩუნებლად ფრეც ჰყოფნის. თუნდაც სენსაციური მარცხი, დიდი ალბათობით, ვერ შეარყევს მეთოფეების პოზიციას — ბაიერნთან შედარებით ძალიან კარგი ბურთების სხვაობა აქვს (+5).
თუმცა მოტივაცია მაინც არსებობს: გამარჯვების შემთხვევაში არსენალი გახდება პირველი გუნდი, რომელმაც საერთო ეტაპზე რვავე მატჩი მოიგო. გასულ სეზონში ლივერპულს 7 მოგებასთან ერთად ერთი მარცხი ჰქონდა.
2. ბაიერნი
მიუნხენელები გასვლაზე ხვდებიან პსვ-ს, რომელიც პლეი-ოფისთვის იბრძვის. არსენალის გადასასწრებად საჭიროა ჰოლანდიელების დიდი ანგარიშით დამარცხება და პარალელურად კაირატის გამარჯვება ემირეიტსზე — რაც ფანტასტიკის სფეროს უფრო ჰგავს. ბაიერნი უკვე მერვედფინალშია და შეუძლია ფართო როტაციაც გამოიყენოს.
3. რეალი
მადრიდელები ძალიან კარგ პოზიციაში არიან. ბენფიკასთან გასვლაზე გამარჯვება გარანტირებულად შეიყვანს ტოპ 8-ში, თუმცა დიდი ალბათობით ფრეც საკმარისი იქნება. მარცხის შემთხვევაში საჭირო იქნება კონკურენტების შედეგებზე ყურება — თეორიულად ქულებით შეიძლება მე-15 ადგილზე მყოფმა იუვენტუსიც კი დაეწიოს. რეალს დიდი უპირატესობა აქვს ბურთების სხვაობაში, რასაც წინა ტურში მონაკოსთან 6:1-იც დაეხმარა.
4. ლივერპული
სურათი რეალის მსგავსია, მაგრამ ბევრად სუსტი ბურთების სხვაობით (+6 და +11). მერსისაიდელები მასპინძლობენ ყარაბაღს, რომელიც პლეი-ოფისთვის იბრძვის და ამ სეზონში უკვე დაამტკიცა, რომ ტოპ-გუნდებს ქულებს ართმევს.
5. ტოტენჰემი
გამარჯვება გარანტირებულად ნიშნავს ტოპ 8-ში დასრულებას. ლონდონელები უკვე გამოვარდნილ აინტრახტს გასვლაზე ხვდებიან. თუმცა ტოტენჰემმა ასეთ მაღალ პოზიციას ძირითადად საშინაო მატჩების ხარჯზე მიაღწია — ოთხი მოგება ბურთების სხვაობით 10:0. გასვლაზე სურათი ბევრად უარესია: ფრეები ბოდო-გლიმტთან და მონაკოსთან, ხუთი გაშვებული გოლი პსჟ-სგან (3:5).
6. პსჟ
სახლში ნიუკასლის დამარცხებაა საჭირო — ეს მათი პირდაპირი კონკურენტია. ასეთი შედეგი პრაქტიკულად ტოპ 8-ის გარანტიას მისცემს პარიზელებს, მით უფრო რომ კარგი ბურთების სხვაობა აქვთ.
7. ნიუკასლი
ამოცანა იგივეა, რადგან პსჟ-სთან ბურთების სხვაობაც ერთნაირი აქვთ. ფაქტობრივად, ერთმანეთს ეთამაშებიან როგორც პლეი-ოფის მატჩში მერვედფინალის საგზურისთვის. ინგლისელებს უფრო გაუჭირდებათ, რადგან თამაში პარიზში ტარდება და არა სენ-ჯეიმს პარკზე, სადაც გუნდი გაცილებით ძლიერია.
8. ჩელსი
გასვლაზე უნდა დაამარცხონ ნაპოლი და სასურველია დიდი ანგარიშით. ასეთ შემთხვევაში ლონდონელები ტოპ 8-ში დარჩებიან. თუმცა, ნეაპოლელები მაქსიმალურად მოტივირებულები იქნებიან — ისინი ამ მომენტისთვის ტოპ 24-შიც კი არ არიან.
9. ბარსელონა
კოპენჰაგენთან დამაჯერებელი საშინაო გამარჯვება მნიშვნელოვნად გაზრდის პირდაპირ მერვედფინალში გასვლის შანსებს. მთავარი პირობაა ბევრი არ გაუშვან, თუმცა ჰანსი ფლიკის გუნდს სწორედ ამ მხრივ აქვს პრობლემები.
10. სპორტინგი
სიტუაცია დაახლოებით ბარსელონას მსგავსია, თუმცა მეტოქე უფრო ძლიერი ჰყავს — ატლეტიკ ბილბაო. ბასკები 23-ე ადგილზე არიან და პლეი-ოფის ზონისთვის იბრძვიან.
11. მანჩესტერ სიტი
სახლში აუცილებლად უნდა დაამარცხონ გალათასარაი და სასურველია დიდი ანგარიშით, რათა სამ კონკურენტს გადაასწრონ. პსჟ-სა და ნიუკასლის მატჩი გარანტირებულად ნიშნავს, რომ ამ წყვილიდან მინიმუმ ერთ გუნდს სიტი ქულების აღების შემთხვევაში უკან ჩამოიტოვებს.
12. ატლეტიკო
საჭიროა დიდი გამარჯვება ბოდო-გლიმტთან, თუმცა ესეც კი არ იქნება ტოპ 8-ის გარანტია. სამაგიეროდ, ტოპ-24-ში ადგილი მადრიდელებს უკვე უზრუნველყოფილი აქვთ.
13. ატალანტა
გუნდს რვა საუკეთესოში მოხვედრის კიდევ უფრო მცირე შანსები აქვს — იტალიელებს ძალიან სუსტი ბურთების სხვაობა აქვთ (+1). სასწაულისთვის საჭიროა კონკურენტების შეცდომები და, რა თქმა უნდა, გამარჯვება უნიონთან.
14. ინტერი
მილანელებმა ჩემპიონთა ლიგა ოთხი მოგებით დაიწყეს, შემდეგ კი სამჯერ დამარცხდნენ. ტოპ 24-ში კომფორტულად არიან, ხოლო უფრო მაღალი მიზნებისთვის საჭიროა გამარჯვება ბორუსიასთან და ერთდროულად ბევრი კონკურენტის წაგება, რაც ნაკლებად რეალისტურია.
15. იუვენტუსი
სურათი თითქმის იგივეა, თუმცა ტურინელებს ბურთების სხვაობა კიდევ უფრო სუსტი აქვთ. ბოლო ტურში იუვე გასვლაზე მონაკოს ხვდება.
16. ბორუსია დორტმუნდი
მათემატიკური შანსები ტოპ 8-ზე ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა რეალურად გუნდის მთავარი მიზანი ინტერთან ქულების აღებაა, რათა 1/16 ფინალში განთესილთა შორის დარჩნენ. ამ კატეგორიაში ხვდებიან მე-9-დან მე-16 ადგილზე გასული გუნდები.
17. გალათასარაი
გამარჯვება პლეი-ოფს გარანტირებულად ნიშნავს, თუმცა მეტოქე მანჩესტერ სიტია. გარკვეულ სცენარებში ფრეც მცირე მარცხიც შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს.
18. ყარაბაღი
სიტუაცია მსგავსია, თუმცა აზერბაიჯანელებს უფრო სუსტი ბურთების სხვაობა აქვთ (-2). ენფილდზე გამარჯვება პლეი-ოფში გასვლას პირდაპირ უზრუნველყოფს და სიმართლე რომ ვთქვათ, ამჟამინდელი ლივერპულის ფონზე ეს მთლად შეუძლებლადაც აღარ გამოიყურება. თუმცა მარცხმაც კი შეიძლება ყარაბაღი ბრძოლაში დატოვოს.
19. მარსელი
ბრიუგეში გამარჯვება პლეი-ოფს უზრუნველყოფს. დიდი ალბათობით, ფრეც საკმარისი იქნება.
20. ბაიერი
იგივე სცენარი. ლევერკუზენელები უკვე გავარდნილ ვილიარეალს ეთამაშებიან.
21. მონაკო
მონეგასკებს ყველაზე ცუდი ბურთების სხვაობა აქვთ კონკურენტებს შორის — დიდწილად მადრიდში განცდილი მარცხის გამო. ამიტომ, სხვებზე დამოკიდებულების თავიდან ასაცილებლად, თავად უნდა მოიგონ. მეტოქე იუვენტუსია, თუმცა თამაში სახლშია და ტურინელები ძლიერ მოტივირებულები არ არიან.
22. პსვ
ბოლო ტურის წინ ხუთ გუნდს რვა ქულა აქვს, თუმცა მხოლოდ ეინდჰოვენელებს აქვთ დადებითი ბურთების სხვაობა. უმოტივაციო ბაიერნთან გამარჯვება პლეი-ოფში გასვლის თითქმის პირდაპირი გარანტიაა.
23-26. ატლეტიკი, ოლიმპიაკოსი, ნაპოლი, კოპენჰაგენი
სწორედ ის ოთხი გუნდი, რომლებსაც 8 ქულა აქვთ და დაახლოებით ერთნაირი უარყოფითი ბურთების სხვაობა. პლეი-ოფში გავა ის, ვინც ქულებს უფრო დამაჯერებლად მოიპოვებს.
ანტონიო კონტეს გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე სეზონი კარგად არ მისდის, თუმცა ჩელსის წინააღმდეგ ნაპოლი მაქსიმალურად მობილიზებული იქნება, მით უმეტეს სერია A-ში იუვენტუსთან 0:3-ის შემდეგ რეაბილიტაცია სჭირდება.
კოპენჰაგენს გასვლაზე ბარსელონასთან თამაში ელის, ამიტომ რთულია იმის დაჯერება, რომ დანიელები აქ ბურთების სხვაობას გაიუმჯობესებენ.
27. ბრიუგე
აუცილებლად უნდა დაამარცხოს მარსელი და პარალელურად კონკურენტების შეცდომებს დაელოდოს. გარკვეულ სცენარში ფრეც შეიძლება საკმარისი იყოს, მაგრამ შანსი მცირეა.
28-32. ბოდო-გლიმტი, ბენფიკა, პაფოსი, უნიონი, აიაქსი
ხუთი გუნდი, რომელთაც 6 ქულა აქვთ და მხოლოდ თეორიული შანსები შემორჩათ. ყველას სჭირდება გამარჯვება და იმედი, რომ კონკურენტებს არ წაუვა საქმე.
ნორვეგიელები ეთამაშებიან ატლეტიკოს, პორტუგალიელები — რეალს, კვიპროსელები — სლავიას, ბელგიელები — ატალანტას, ნიდერლანდელები — ოლიმპიაკოსს.
აიაქსსა და უნიონს ასევე კატასტროფული ბურთების სხვაობა აქვთ. მხოლოდ სასწაული თუ გადაარჩენს.
აინტრახტი, სლავია, ვილიარეალი და კაირატი უკვე ოფიციალურად უშანსოდ არიან.
გადავხედოთ დამატებით მაჩვენებლებს — რა არის პრიორიტეტული?
მოკლედ შეგახსენებთ: საუკეთესო რვა გუნდი პირდაპირ გადის მერვედფინალში, ხოლო მე-9-დან 24-ე ადგილამდე გასულები ითამაშებენ 1/16 ფინალში. ამ მომენტისთვის ბარსელონას ტოპ-8-მდე მხოლოდ ერთი გოლი აშორებს, ხოლო ნაპოლი ტოპ 24-ს მიღმაა კიდევ უფრო დეტალური დამატებითი მაჩვენებლების გამო.
რა პრინციპით ხდება გუნდების დალაგება ქულების ტოლობის შემთხვევაში:
1. უკეთესი ბურთების სხვაობა
2. მეტი გატანილი გოლი
3. მეტი გოლი გასვლაზე
4. მეტი გამარჯვება
5. მეტი გასვლითი გამარჯვება
6. მეტოქეების მიერ დაგროვებული ქულების მეტი რაოდენობა
7. მეტოქეების საერთო ბურთების სხვაობა
8. მეტოქეების საერთო გატანილი გოლების რაოდენობა
9. ნაკლები დისციპლინარული ქულა (მხოლოდ ყვითელი და წითელი ბარათები: წითელი = 3 ქულა, ყვითელი = 1 ქულა, ორი ყვითლით გაძევება ერთ მატჩში = 3 ქულა).
10. კლუბის უფრო მაღალი რეიტინგი.

ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები