-
Aa
+
ფონტის ზომა
ბრაზილიელმა კლუბის წევრებს სპორტული ანგარიში წარუდგინა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ის, რაც მოედანზე ხდება, შემთხვევით არ ხდება“.
დეკუმ გამოსვლა რაფინიას კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ განცხადებით დაიწყო.
გუშინდელი დღიდან ყველაფერი შეთანხმებისკენ მიდის. შევთანხმდით, რომ ის 2030 წლამდე დარჩება.
ეს ნიშნავს, რომ პირველი გუნდის კაპიტანი მოქმედ კონტრაქტს კიდევ 2 სეზონით გაახანგრძლივებს.
ბრაზილიელის გუნდში დარჩენაზე მუშაობა გასულ სამშაბათს გამართულ შეხვედრაზე დაიწყო, რომლის შესახებაც SPORT-მა გაავრცელა ინფორმაცია.
შეხვედრას დეკუ, ბოიანი, ალეხანდრო ეჩევარია, რაფინია და მისი პარტნიორი ესწრებოდნენ. მხარეები ყველაფერზე სიტყვიერად შეთანხმდნენ და ახლა მხოლოდ კონტრაქტზე ხელმოწერაა დარჩენილი.
დეკუმ ასევე განაცხადა, რომ წინ არის წასული ჩავი ესპარტისა და მარკ ბერნალის კონტრაქტების გახანგრძლივების საკითხიც. პირველს მოქმედი ხელშეკრულება 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს კლუბთან, მეორეს კი - 2029 წლამდე.
ორივე ფეხბურთელთან შეთანხმება უკვე მიღწეულია და მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში გაგრძელდება. ყველაფერი შეთანხმებისკენ მიდის - მცველი კონტრაქტს 2030 წლამდე გაახანგრძლივებს, ნახევარმცველი კი 2031 წლამდე.
კლუბის სპორტულმა დირექტორმა დადებითად ისაუბრა ორ ფეხბურთელზეც, რომლებმაც ბარსელონა დატოვეს.
რაშფორდმა გასულ სეზონში ფანტასტიკური შედეგი გვაჩვენა, ხოლო ლევანდოვსკი კლუბის ლეგენდა და ბოლო 15 წლის საუკეთესო თავდამსხმელია.
ბრაზილიელმა ასევე ყურადღება გაამახვილა ლა მასიას აღზრდილი არაერთი ფეხბურთელის გაყიდვაზე.
ყველა ახალგაზრდა ოცნებობს ამ კლუბში თამაშზე, მაგრამ ადგილი ყველასთვის არ არის. მათზე გარკვეულ უფლებებს ვინარჩუნებთ, რათა მომავალშიც კონტროლი გვქონდეს.
დეკუმ ხაზი გაუსვა პირველი გუნდის საბაზრო ღირებულებასაც, რომელიც 1.260 მილიარდ ევროს აღწევს. აქედან 583 მილიონი ევრო ლა მასიაში აღზრდილ ფეხბურთელებზე მოდის.
სპორტული დირექტორის თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ის, რომ 2022-დან 2026 წლამდე ბარსელონამ ლა მასიას იმ აღზრდილების ტრანსფერებიდან, რომლებსაც პირველ გუნდში მცირე სათამაშო დრო ჰქონდათ, 87.5 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები