საფრანგეთის ლიგა 1-ის შეხვედრაში, რომელშიც პარი სენ-ჟერმენმა სტუმრად ნიცა 3:2 დაამარცხა, დეზირე დუემ მუხლის ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა და სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს.
ფრანგმა შემტევმა მძიმე ტრავმა ხვიჩა კვარაცხელიას ანალოგიური დაზიანებიდან რამდენიმე კვირაში მიიღო, რის შემდეგაც დღის წესრიგში პარიზელთა ზამთრის სატრანსფერო გეგმების საკითხი დადგა.
მიუხედავად იმისა, რომ პსჟ-ს ლაზარეთიდან უსმან დემბელე, მარკინიოსი, ნუნუ მენდეში და მაგნეს აკლიუში დაუბრუნდნენ, დუესა და კვარაცხელიას დანაკლისი კლუბისთვის სერიოზული გამოწვევაა.
გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ და ლუის კამპოსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დიდი თანხების დახარჯვას არ გეგმავენ და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
სატრანსფერო ბაზარზე პარიზელებს ბენფიკას ფეხბურთელს, ჯანლუკა პრესტიანის და ლევერკუზენის შემტევს, იბრაჰიმ მაზას უკავშირებენ, თუმცა ორივე მოთამაშის ტრანსფერი საკმაოდ ძვირი დაჯდება და ისინი ამჟამინდელ კლუბებთან კონტრაქტების გახანგრძლივებასთან არიან ახლოს.
პრესაში ასევე გაიჟღერა ჩელსის ესტევაოს, ბორნმუთის რაიანისა და შახტარის ალისონ სანტანას სახელებმა, თუმცა პარიზულ კლუბს ოფიციალური წინადადებით ჯერ არავისთვის მიუმართავს.
კიდევ ერთ ვარიანტად განიხილება შიდა რესურსის გამოყენება. ამ შემთხვევაში ლუის ენრიკეს შეუძლია მეტი სათამაშო დრო მისცეს ზაფხულში დამატებულ მიკა გოდტსს, ფლანგზე გადაიყვანოს ფერან ტორესი ან უფრო აქტიურად დაეყრდნოს აკადემიის აღზრდილ კვენტინ ნჯანტუს.