2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გადავხედოთ ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის (პლეი-ინის) პერიპეტიებს.
ბენფიკა – რეალი
შანსები: 35% – 65%
ბენფიკამ სრულიად დამსახურებულად დაამარცხა რეალი მე-8 ტურში (4:2). ჟოზე მოურინიომ შესანიშნავად მოამზადა გუნდი შემტევების თავისუფალი გადაადგილების წინააღმდეგ, აქტიურად ტვირთავდა მარცხენა ფლანგს, მწვავედ სჯიდა კონტრშეტევებზე და თავისი საუკთესო ვერსიაც გაგვახსენა.
მაგრამ შეძლებს თუ არა ბენფიკა ამის გამეორებას პლეი-ინში? რეალი მაინც უფრო ძლიერია ინდივიდუალური ოსტატობით და მეტოქის მაქსიმალური კონცენტრაციის პირობებშიც კი ქმნის მომენტებს შეტევის ლიდერების კომბინაციებიდან. გარდა ამისა, ალვარო არბელოაც ეცდება გუნდს მეტი ბალანსი შემატოს, რათა ნაკლებად მტკივნეულად დაისაჯოს მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს ბურთის დაკარგვებისთვის.
ბენფიკას შანსი იმაშია, რომ მოურინიო კიდევ ერთხელ მოამზადებს მატჩს დეტალურად და გამოიყენებს მიმდინარე რეალის სუსტ მხარეებს. თუმცა მაინც არ არსებობს გარანტია, რომ ჟოზეს კიდევ ერთი კარგი გეგმა გადაწონის ისეთი ფეხბურთელების ტალანტს, როგორებიც არიან კილიან მბაპე ან ვინისიუს ჯუნიორი.
ბოდო გლიმტი – ინტერი
შანსები: 5% – 95%
ბოდო-გლიმტი მოგვწონს. ფეხბურთი, რომელსაც ისინი თამაშობენ, მითუმეტეს საკუთარი რესურსების გათვალისწინებით, აღფრთოვანებას იწვევს. სიმამაცე, რომლითაც ისინი ამ სტილს ავლენენ მეტოქის მიუხედავად, დიდ პატივისცემას იმსახურებს.
თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ხარისხში სხვაობა ძალიან დიდია.
ურვილის შემთხვევაში ბუდეს გულშემატკივრობა მარტივი და სასიამოვნოა. მაგრამ თუ ინტერი კატასტროფულ კრიზისში არ ჩავარდება, ნორვეგიელებს ვერც ყინვა, ვერც ხელოვნური საფარი და ვერც ჰაიკინის სეივები ვერ უშველის.
მონაკო – პსჟ
შანსები: 20% – 80%
როგორც ერთი წლის წინ, პსჟ პლეი-ოფის გზას კვლავ ლიგა 1-ის გუნდთან იწყებს. მონაკოსთვის რთული იქნება ბრესტზე უარესად თამაში (ორი მატჩის ჯამში 0:10). უფრო მეტიც, ჩემპიონატის პირველ წრეში მონაკომ პსჟ 1:0 დაამარცხა და პრესინგში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. თუმცა ნიუანსი ისაა, რომ ეს მონაკოს ბოლო 10 მატჩში ლიგა 1-ში ერთადერთი გამარჯვებაა.
პსჟ აღარ ჰგავს იმ შეუჩერებელ მანქანას, როგორიც შარშან გაზაფხულზე იყო, მაგრამ მაინც ძალიან ძლიერი გუნდია და მისი დაუფასებლობა არ შეიძლება. მონაკო მეტისმეტად ბევრ მომენტს უშვებს, ამიტომ ორი მატჩის განმავლობაში პსჟ-ს სრულად განეიტრალება ძალიან გაუჭირდება. შეტევაში მონაკოს შეუძლია საფრთხის შექმნა, მაგრამ ყველაფერი სუსტ რეალიზაციას ეჯახება. ამას ემატება მუდმივად გრძელი ტრავმირებულთა სია.
საბედნიეროდ, ნიუკასლთან მიღებული ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ხვიჩა კვარაცხელია მონაკოსთან პირველივე მატჩისთვის მწყობრში უნდა იყოს.
ყარაბაღი – ნიუკასლი
შანსები: 30% – 70%
შემადგენლობის ხარისხითა და სტატუსით ნიუკასლი აშკარად ძლიერია. ედი ჰაუს გუნდის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი ღრმა დაცვაა — ე.წ. „ავტობუსი“. ასეთ სცენარში ინგლისელებს ხშირად უჭირთ მეტოქის გატეხვა.
პრობლემა ისაა, რომ ამ წყვილის აუტსაიდერი ყარაბაღი აშკარად ვერ „აყენებს ავტობუსს“. გუნდს უყვარს უფრო მაღალი დაცვის ხაზი, იშვიათად ჯდება საკუთარ საჯარიმოში და ბურთის გარეშე თამაშის დროსაც რისკზე მიდის. გურბან გურბანოვის გუნდის საუკეთესო მონაკვეთები სწორედ მაშინ იყო, როცა მატჩის სურათი ან საკუთარი სტადიონის ატმოსფერო მათ შეტევისკენ უბიძგებდა. ისინი თავიანთ სტატუსთან შედარებით უკეთ თამაშობენ შემტევ ფეხბურთს.
მაგრამ შეძლებს თუ არა ყარაბაღი ნიუკასლის დამარცხებას ღია ფეხბურთში? ნაკლებად სავარაუდოა. ინგლისელები კვლავ ძალიან ძლიერები არიან პრესინგში, ამიტომ ყარაბაღი შეიძლება საკმაოდ კომფორტულ სამიზნედაც იქცეს.
გალათასარაი – იუვენტუსი
შანსები: 30% – 70%
ოდესღაც გალათასარაის მთავარი მწვრთნელი ოკან ბურუკი ინტერის ფეხბურთელი იყო და ხშირად უპირისპირდებოდა იუვენტუსს. საინტერესო დეტალია: როდესაც ბურუკი მოედანზე იყო, მილანელები თითქმის ყოველთვის კარგავდნენ ქულებს. იმ სამ სეზონში ერთადერთი ორი გამარჯვება იუვენტუსთან სწორედ მაშინ დაფიქსირდა, როცა ის განაცხადში ვერ მოხვდა.
გალათასარაი მარტივი მეტოქე ნამდვილად არ არის. გუნდს ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და ზოგ პოზიციაზე იუვენტუსსაც კი აჯობებს. თუმცა დიდი მატჩები მათ ხშირად არ გამოსდით. ამასობაში ტურინელები სპალეტის ხელმძღვანელობით ძალიან სწრაფად პროგრესირებენ და უკვე ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ კარგ დღეს ნებისმიერ გუნდს შეუძლიათ მოუგონ.
მიუხედავად ამისა, არ შეიძლება ოსიმენის ფაქტორის დავიწყება — ექვსი გოლი ჩემპიონთა ლიგის ექვს მატჩში. თუ ბრემერი ვერ აიძულებს მას ზურგით ითამაშოს კარისკენ, ნიგერიელი სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის იუვენტუსს როგორც საჯარიმოში, ისე თავისუფალ სივრცეებში.
ბრიუგე – ატლეტიკო
შანსები: 30% – 70%
ატლეტიკომ მოახერხა და სახლში ბოდო გლიმტთან დაკარგა ტოპ 8-ში ადგილი. ზედაპირულად ეს განაჩენივით ჟღერს, მაგრამ რეალურად დიეგო სიმეონეს გუნდში კრიზისი არ ჩანს. ატლეტიკო კარგ ფორმაშია და ნორვეგიელებთან მატჩშიც დომინირებდა. მთავარი პრობლემა რეალიზაციაა: მაგალითად, ხულიან ალვარესს დეკემბრიდან არ გაუტანია და მისი გოლები გუნდს აშკარად აკლია.
თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი ნიუანსი: ატლეტიკო სახლში და ატლეტიკო გასვლაზე — ორი სხვადასხვა გუნდია.
ამიტომ ბრიუგეს ჩამოწერა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ისინი კარგად ახერხებენ ძლიერ მეტოქეებთან მორგებას და მათ შეზღუდვას. ბარსელონამ ეს საკუთარ თავზე გამოცადა ბელგიაში. მართალია, არსენალმა და სპორტინგმა ბრიუგეს იოლად მოუგეს, როცა ბურთი დაუთმეს — პირველ ნომრად თამაში მასპინძლებს აშკარად უჭირთ.
ატლეტიკო ამ წყვილში აშკარა ფავორიტია, მაგრამ ბრიუგე საკუთარ მოედანზე დიდი ალბათობით რაღაცას მაინც გამოადნობს.
ბორუსია – ატალანტა
შანსები: 55% – 45%
ეს ორი გუნდი კარგად აჩვენებს, რამდენად განსხვავებულად შეიძლება გამოიყურებოდეს ერთი და იგივე სქემა – 3-4-2-1. ბორუსია მას იყენებს ბურთის კონტროლისთვისა და თამაშის ტემპის დასამორჩილებლად, ხოლო მეტოქეებს სჯის სხვა ფაზებში – სტანდარტებით, კონტრშეტევებითა და მაღალი პრესინგით. ნიკო კოვაჩის ინტერპრეტაციაში ამ სქემაში ყველაზე მეტი შეხება ბურთთან ცენტრალურ მცველებს აქვთ.
ატალანტას განლაგება ფორმალურად იგივეა, თუმცა რაფაელე პალადინოს მოსვლის შემდეგ მთავარი ცვლილება ვერტიკალიზაცია გახდა – გუნდი ბევრად უფრო პირდაპირ თამაშობს. ამის შედეგია ისეთი სურათი, სადაც ბურთთან შეხებების რაოდენობით ლიდერი შეიძლება გახდეს შემტევი ფეხბურთელი, მაგალითად, შარლ დე კეტელარე.
ცხადია, შეუძლებელია ყოველ მატჩში მთავარი შემოქმედი ლიდერი იყოს ყველა მოქმედებაში. ხანდახან თამაში არ გამოსდის, ხანდახან მეტოქე კარგად კეტავს, მაგრამ ატალანტას განზრახვა და თამაშის სტილის ეს ტრანსფორმაცია აშკარაა და სწორედ ამიტომ არის ეს გუნდი ასეთი საინტერესო საყურებლად.
ამ ეტაპზე წყვილი მართლაც შეიძლება აღვიქვათ როგორც სტილისტური დაპირისპირება. თანაც ეს კარგი შეხსენებაა, რამდენად განსხვავებული შეიძლება იყოს ფეხბურთი ერთი და იგივე სქემის ფარგლებში.
ინდივიდუალური კლასისა და გამოცდილების თვალსაზრისით ბორუსია უფრო მომწიფებულ გუნდად გამოიყურება. მათ მცირე უპირატესობას ვანიჭებთ, თუმცა მთლიანობაში ეს ერთ-ერთი ყველაზე თანაბარი წყვილია.
ოლიმპიაკოსი – ბაიერი
შანსები: 40% – 60%
ეს გუნდები ერთმანეთს უკვე შეხვდნენ ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპზე – სულ ცოტა ხნის წინ, მეშვიდე ტურში. ოლიმპიაკოსმა შინ 2:0 მოიგო და ფაქტობრივად მთელი მატჩის განმავლობაში წინ იყო (პირველი გოლი მე-2 წუთზე გაიტანა). ბაიერმა ვერ გაუძლო ბერძნების პრესინგს ხოსე ლუის მენდილიბარის ხელმძღვანელობით — პირველ მესამედში თითქმის 50 დაკარგული ბურთი დაუგროვდა. მეორე ტაიმში გერმანელებმა ბურთზე ტოტალური კონტროლი დაამყარეს, მაგრამ რეალურად სახიფათო მომენტები მაინც ცოტაა შექმნეს. სანამ ოლიმპიაკოსს ენერგია ეყო, ლევერკუზენს ძალიან ხისტი და აგრესიული ორთაბრძოლებით აწუხებდნენ.
ბაიერი, დიდი ალბათობით, მოკლე გათამაშებებზე უარს არ იტყვის – ეს მათი თამაშის ფუნდამენტია. ამიტომ ისევ ველით დუელს ლევერკუზენის ბურთის გათამაშებებსა და ოლიმპიაკოსის პრესინგს შორის. მიუხედავად ბოლო მატჩის შედეგისა, გერმანული გუნდი მაინც ფავორიტად ჩანს — ფეხბურთელების ინდივიდუალური კლასისა და იმის გამო, რომ კარგ დღეებში პრესინგის გადალახვა შეუძლია.

ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები