-
Aa
+
ფონტის ზომა
წარმოგიდგენთ 10 ტრანსფერს, რომელსაც უახლოეს კვირებში თვალი უნდა ადევნოთ.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებთან ერთად ტრიუმფისა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის ოქროს ბურთის მოპოვების შემდეგ, როდრი ყურადღების ცენტრშია. 30 წლის ნახევარმცველი მედიის ყურადღების ცენტრში მთელი ზაფხულის განმავლობაში დარჩება, რადგან სამშობლოში დაბრუნების სურვილი აქვს.
წლის დასაწყისში როდრიმ აღნიშნა, რომ ლა ლიგაში დაბრუნება სურს, ესპანეთის ნაკრების კაპიტნით კი რეალია დაინტერესებული. მანჩესტერ სიტის, რომელთანაც ფეხბურთელს კონტრაქტი კიდევ ერთი სეზონით აკავშირებს, მისი გაშვება არ გეგმავს.
ატლეტიკო მადრიდმა თავისი პრინციპული მეტოქის, მადრიდირს რეალის 150-მილიონიანი შეთავაზება ხულიან ალვარესზე უკვე უარყო. ამავდროულად, ბარსელონას საკუთარი წინადადება ჯერ კიდევ ძალაში აქვს დატოვებული.
ალვარესს ატლეტიკოს დატოვება და ბარსელონაში გადასვლა სურს, თუმცა დიეგო სიმეონეს გუნდი პოზიციებს არ თმობს. ფეხბურთელის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას არსენალი და პსჟ-ც აკვირდებიან.
ევროპის ტოპ-5 ლიგის გასული სეზონის მთავარმა აღმოჩენამ, იან დიომანდემ, მსოფლიო ჩემპიონატზე ბრწყინვალე თამაშით თავისი რეპუტაცია კიდევ უფრო გაიმყარა.
ლივერპულმა ზაფხულის დასაწყისში 85 მილიონი ფუნტის ოდენობის ოფიციალური წინადადება წარადგინა, თუმცა ლაიპციგმა ეს თანხა დაიწუნა. თავად დიომანდემ უპირატესობა პარი სენ-ჟერმენს მიანიჭა, რომელსაც გარიგების დახურვის იმედი აქვს.
პარიზში დიომანდეს შესაძლო გადასვლამ შესაძლოა ბრედლი ბარკოლას პსჟ-დან წასვლა დააჩქაროს. ფრანგი ფეხბურთელი გასულ სეზონში ვარსკვლავურ შეტევაში ხშირად სათადარიგოთა შორის რჩებოდა, რის გამოც მეტი სათამაშო დროის მისაღებად კლუბის შეცვლაზეფიქრობს.
23 წლის მოთამაშის მიმართ ინტერესს არსენალი და ლივერპული გამოხატავენ, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 80 მილიონ ფუნტზე მეტია.
მოჰამედ სალაჰმა ეგვიპტის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში ისტორიაში პირველად გაუძღვა, სადაც გუნდი არგენტინასთან მარცხით გამოეთიშა ტურნირს. მუნდიალის დასრულების შემდეგ სალაჰი ახალი კლუბის ძიებას განაგრძობს.
34 წლის თავდამსხმელმა ლივერპული გასული სეზონის ბოლოს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დატოვა. მისით თურქული, საუდის არაბეთის და ამერიკული MLS-ის კლუბები ინტერესდებიან.
არსენალის მხრიდან ინტერესის შემდეგ, ბრუნო გიმარაეშმა ნიუკასლ იუნაიტედს აცნობა, რომ კლუბის დატოვება სურს. გუნდის კაპიტანმა ენტონი გორდონისა და სანდრო ტონალის გაყიდვის შემდეგ კლუბის პროექტის წარმატებულობაში ეჭვი შეიტანა.
ბრუნო ნოემბერში 29 წლის ხდება და თვლის, რომ ეს მისი ბოლო შანსია გადავიდეს გუნდში, რომელიც უმაღლესი ტიტულებისთვის იბრძვის. მსოფლიო ჩემპიონატზე გაკეთებული ოთხი საგოლე გადაცემით მან დაამტკიცა, რომ უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლია.
ლილმა აიუბ ბუადის ტრანსფერზე რამდენიმე ოფიციალური მოთხოვნა მიიღო მას შემდეგ, რაც ფეხბურთელმა მაროკოს ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატზე იბრწყინა. სატრანსფერო რბოლას მანჩესტერ სიტი ლიდერობს, თუმცა ინგლისელებს კონკურენციას არსენალი, რეალი და პსჟ უწევენ.
რომას ფინანსური ფეარ-პლეის წესების დასაცავად ფეხბურთელების გაყიდვა სჭირდება, მანჩესტერ იუნაიტედს კი საყრდენი ნახევარმცველი ეძებს, რამაც კონეს ოლდ ტრაფორდზე შესაძლო გადასვლას საფუძველი ჩაუყარა. ფრანგი ნახევარმცველის დინამიკური თამაში იდეალურად ერგება პრემიერლიგას და რომა იძულებულია მისი ტრანსფერი დაამტკიცოს.
მარკუს რაშფორდის მომავალი კვლავ გაურკვეველია მას შემდეგ, რაც ბარსელონამ მისი იჯარის გამოსყიდვაზე უარი თქვა. ინგლისელს იმედი არ დაუკარგავს, რომ კვლავ კატალონიურ კლუბში ითამაშებს და კარიერის უცხოეთში გაგრძელება სურს.
28 წლის თავდამსხმელით პრემიერლიგის რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, თუმცა მანჩესტერ იუნაიტედს მისი პირდაპირ კონკურენტზე გაყიდვა არ სურს.
კრისტიან რომეროს მიერ ტოტენჰემ ჰოტსპურის დატოვება თითქმის გადაწყვეტილია, რადგან წასვლაზე თანახმა ორივე მხარეა. გუნდის კაპიტანმა ღიად გამოხატა უკმაყოფილება მას შემდეგ, რაც ტოტენჰემმა პრემიერლიგა ზედიზედ ორჯერ მე-17 ადგილზე დაასრულა.
ტოტენჰემმა რომეროს შემცვლელებად იან პოლ ვან ჰეკე და მარკოს სენესი უკვე დაიმატა, არგენტინელი მცველის გადაბირებისთვის კი ინტერ მილიანი და იუვენტუსი იბრძვიან.

თამარ თაბუკაშვილი
კომენტარები

