მსოფლიო ჩემპიონატის K ჯგუფის დასკვნით ტურში კოლუმბიამ და პორტუგალიამ ქულები გაიყვეს.
ორივე გუნდს პლეი-ოფში მონაწილეობა განაღდებული ჰქონდა, თუმცა ისინი პირველადგილოსანს არკვევდნენ - პორტუგალიას ჯგუფის მოსაგებად და შედარებით მარტივ ბადეში მოსახვედრად გამარჯვება სჭირდებოდა.
თუმცა, თამაშიდან გამომდინარე ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს გამარჯვება ამ მატჩში მხოლოდ ერთ გუნდს, კოლუმბიას უნდოდა, რომელიც შეტევაში ბევრად უფრო მონდომებული იყო და ბევრად უფრო მეტი საგოლე მომენტიც შექმნა.
შედეგად, მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა და ჯგუფი 7 ქულით კოლუმბიამ მოიგო, პორტუგალიამ კი 5 ქულა დააგროვა და მეორე ადგილიდან გავიდა შემდეგ ეტაპზე.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ 1/16 ფინალში პორტუგალია ხორვატიას და 1/8 ფინალში პოტენციურად ესპანეთს დაუპირისპირდება, პირველ ადგილზე გასული კოლუმბიის მეტოქე კი ჯერ განა იქნება, შემდეგ კი, ამ ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, სავარაუდოდ შვეიცარია.
პორტუგალია ჯგუფში პირველზე რომ გასულიყო და ორივე გუნდი 1/4 ფინალამდე მისულიყო, პორტუგალია-არგენტინისა და შესაბამისად, მესი-რონალდუს დაპირისპირებას ვიხილავდით, რომელიც ახლა ფინალამდე, ან მე-3 ადგილის მატჩამდე ვეღარ შედგება.