კანადის ქალაქ ვანკუვერში, ფიფა-ს 76-ე კონგრესის წინ, 28 აპრილს, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ ფიფა-ს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს 2029 წელს საქართველო და სომხეთი უმასპინძლებენ.
საქართველომ და სომხეთმა ფიფას 2029 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო თასის მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადი 2024 წლის ივნისში შეიტანეს.
ფიფა-ს 20-წლამდელთა მსოფლიო თასი 1977 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ფინალურ ეტაპზე 24 გუნდი მონაწილეობს. ისტორიაში 6-ჯერ ტიტული - არგენტინის, ხოლო 5-ჯერ ბრაზილიის ნაკრებს აქვს მოგებული, ხოლო 2-2-ჯერ ჩემპიონი პორტუგალია და სერბეთი გახდნენ.
აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, საქართველო 20-წლამდელთა მსოფლიო თასის სახით, ფიფა-ს ეგიდით გამართულ მსოფლიო რანგის ტურნირს პირველად უმასპინძლებს.
"მართლაც აღსანიშნავი მოვლენაა, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ფიფა-ს ეგიდით გასამართი მსოფლიო რანგის ტურნირის მასპინძლობა. ჩვენი ქვეყნებისთვის და ფეხბურთისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია და მიხარია, რომ ერთად მოგვიწევს ამ პროექტზე მუშაობა. ყველა ფეხბურთის ქომაგს ვულოცავ და დარწმუნებული ვარ ეს ტურნირიც ისეთივე კვალს დატოვებს ჩვენი ფეხბურთის განვითარების საქმეში როგორიც იმ საერთაშორისო ტურნირებმა დატოვა, რომელთა მასპინძლობის პოზიტიური გამოცდილება ახლო წარსულში გვქონდა", - განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა.
"ამ ტურნირის მასპინძლობას ორივე ფედერაციისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოც და სომხეთიც მსოფლიო თასს ღირსეულად უმასპინძლებს. ყველაფერს ვეცდებით, რომ ფიფა-ს ახალგაზრდული მსოფლიო რანგის ტურნირების ისტორიაში, ეს ტურნირი გამორჩეული იყოს", - ეს უკვე სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ არმენ მელიქბეკიანის შეფასებაა.
მასპინძელი ქალაქების, სტადიონებისა და ტურნირთან დაკავშირებული სხვა საორგანიზაციო-ტექნიკური დეტალების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გამოცხადდება.
ფოტო: NAKREBI.GE