VIDEO: პარიზული ზღაპარი - კვარას დუბლი ჩემპიონთა ლიგის ისტორიულ 1/2 ფინალში
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, პსჟ-მ და ბაიერნმა 9-გოლიანი ზღაპრული სანახაობა შექმნეს - მასპინძელმა პარიზელებმა 5:4 მოიგეს და საპასუხო შეხვედრის წინ მცირე უპირატესობა მოიპოვეს.
დღევანდელი თამაში ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალების ისტორიაში პირველია, რომლის პირველ ტაიმში 5 გოლი გავიდა - პარიზელებმა 3:2 მოიგეს.
ასევე, ჩემპიონთა ლიგის 71-წლიან ისტორიაში არასდროს ყოფილა 1/2 ფინალური შეხვედრა, რომელშიც გუნდებს ჯამურად 8 გოლი ჰქონდათ გატანილი - დღეს საერთოდ 9 გავიდა და ყველა დროის ახალი რეკორდი დამყარდა.
თამაში ისტორიული გამოდგა ქართული ფეხბურთისთვისაც. ხვიჩა კვარაცხელიამ მანუელ ნოიერს დუბლი შეუსრულა, წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე 10 გოლი მოაგროვა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის შედეგი გაიმეორა. პსჟ-ს ფეხბურთელთაგან, ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში ყველაზე მეტი, 10-10 გოლი ახლა სწორედ ამ ორ ფეხბურთელს აქვს გატანილი.
ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 15 საგოლე მოქმედება მოაგროვა - 10 გოლი, 5 ასისტი. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის ყველა ეტაპზე აქვს უკვე გოლი გატანილი - ჯგუფური ეტაპი / ლიგის ფაზა, პლეი-ინი, 1/8 ფინალი, 1/4 ფინალი, 1/2 ფინალი და ფინალი.
ყველა ტურნირის ეგიდით, ბოლო 11 შეხვედრაში 11 გოლი და 3 ასისტი შეასრულა. ჯამში 2025-26 წლების საკლუბო სეზონში ჩატარებულ 42 მატჩში 18 გოლი და 9 საგოლე პასი აქვს.
ბაიერნი და პსჟ მომდევნო ოთხშაბათს, 6 მაისს უკვე მიუნხენში, ალიანც არენაზე ითამაშებენ.