-
Aa
+
ფონტის ზომა
ამ დიად მატჩში ნიჭიერი ფეხბურთელების ნაკლებობა არ იქნება, თუმცა პსჟ-ს ჰყავს ორი ყველასგან გამორჩეული მოთამაშე, რომლებიც ამ შეხვედრაში თამაშის შედეგს გადაწყვეტენ - ასე იწყებს სტატიას პოპულარული ამერიკული ტელეარხის, CBS-ის სპორტული განყოფილების მიმომხილველი ჯეიმს ბენჯი და გვთავაზობს იმ ფეხბურთელთა ხუთეულს, რომლებსაც მისი აზრით, მიუნხენური ფინალის ბედის გადაწყვეტა შეუძლია.
ჩემპიონთა ლიგის მონაწილეებს შორის პარი სენ-ჟერმენი ე.წ. ნეიტრალურ გუნდებში მოულოდნელად იქცა ფავორიტად და ეს იმიტომ, რომ მისმა შედარებით ნაკლებად ცნობილმა რამდენიმე სახემ პარიზული გუნდის ეფექტურობა იმაზე გაცილებით მაღალი გახადეს, ვიდრე - მათმა არაერთმა უფრო სახელოვანმა წინამორბედმა.
პარალელურადკი ინტერმა ბოლო სამი სეზონის განმავლობაში დაამტკიცა თავისი მაღალი დონე, როდესაც ორჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. 2022 წლის გადამწყვეტ მატჩში მილანელებმა ერთადერთი გოლი გაუშვეს, რამაც საბოლოოდ ფინალის ბედი განსაზღვრა. შეუძლიათ თუ არა ამჯერად გოლის გატანა? მათ ნამდვილად ჰყავთ ყველა რგოლში უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელი, ვისმა შედეგიანმა თამაშმაც ბარსელონასა და ბაიერნთან ურთულესი დაპირისპირებები თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვიტეს.
გთავაზობთ ხუთ ფეხბურთელს, რომლებსაც შეუძლიათ, გადამწყვეტი როლი ითამაშონ „ალიანც არენაზე“:
უსმან დემბელე
ამ სეზონის უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ის ვარსკვლავია, რომელიც პსჟ-ს შესანიშნავ ასპარეზობას უდგას სათავეში. იგი მაშინაც ავლენდა ნიჭს, როდესაც მოედანზე კილიან მბაპესა და ლიონელ მესისთან ერთად იდგა. შესაძლოა, ტრავმებმა მის კარიერას კვალი დაატყო, მაგრამ ეს უკვე წარსულია და წელს მსგავსი პრობლემები აღარ არსებობს. დემბელე ლუის ენრიკეს სქემასა და გეგმებში მთავარი ფიგურაა. იანვარში ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე გადასვლის შემდეგ, 28 წლის ფეხბურთელი შეუდარებელი იყო. წლის დასაწყისიდან პსჟ-ს თავდასხმის ლიდერობით ჩატარებულ 19 თამაშში უსმან დემბელემ 18 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა - საშუალოდ 5.15 დარტყმა და 0.98 გოლი 90 წუთში.
არ გეგონოთ, რომ ეს ციფრები ხელოვნურადაა გაბერილი მისი ლიგა 1-ში გამართული თამაშებით, დემბელე ხომ დიდ სცენაზეც ახერხებს თავის გამოჩენას: მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ თამაშის მიმდინარეობა სწორედ მან შეცვალა გამათანაბრებელი გოლით. ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 10 თამაშში დემბელეს ანგარიშზე 8 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. არასტაბილური ფეხბურთელიდან გამარჯვების მომტან ვარსკვლავად ქცეული უსმან დემბელე ჩემპიონთა ლიგის ფინალში მთავარი სახელია.
ხვიჩა კვარაცხელია
თუ ვინმეს შეუძლია საუკეთესო ფეხბურთელობაში დემბელეს შეეცილოს, ეს მარცხენაფლანგელი ხვიჩა კვარაცხელიაა. კვარაცხელია იმ სტილის მოთამაშეა, რომელსაც მარტოს შეუძლია დაცვის გარღვევა და მცველების მიყვანა იმედგაცრუების პაროქსიზმამდე. როდესაც მოწინააღმდეგეები ქართველის წინააღმდეგ გამუდმებით ჯარიმდებიან, ეს ძირითადად იმიტომ ხდება, რომ უბრალოდ სურთ იმ ბიჭის შეჩერება, რომელიც მათ ამცირებდა. სწორედ ეს გამოსცადა ნახევარფინალში იურიენ ტიმბერმა, რომლის მთავარი ამოცანა კვარაცხელიას უწყვეტი დარღვევებით შეჩერება იყო.
ნამდვილად არ უნდა დარჩეს უყურადღებო ის ფაქტი, რომ განსაკუთრებული დისციპლინით გამორჩეული და შრომისმოყვარე ხვიჩა კვარაცხელია იდეალურად იქნება მომზადებული დენზელ დუმფრისის წინააღმდეგ ერთ ფლანგზე სათამაშოდ. ქართველის ბუცებში ნამდვილი მაგიაა. თუ ვინმე ამ ფინალში გარეთ ბეილის მაკრატელა დარტყმის ანდა ზინედინ ზიდანის გასროლის მსგავსს იზამს, ასეთი კვარაცხელიაა.
ლაუტარო მარტინესი
ხუთეულის სათავეში პარიზელთა ორი თავდამსხმელის ყოფნა არ ნიშნავს ინტერის გუნდშის ხარისხის ნაკლებობას, მითუმეტეს როდესაც ლაუტარო მარტინესის ჩემპიონთა ლიგაზე ნაჩვენებ შედეგებზეა საუბარი: არგენტინელმა ცენტრფორვარდმა პლეი-ოფის ყველა რაუნდში გაიტანა გოლი. ლაუტარო კუნთის ტრავმის შემდეგ შესანიშნავად დაუბრუნდა გუნდს, რათა ნახევარფინალის განმეორებით მატჩში ბარსელონასთან დაუვიწყარ მოგებულ მატჩში ეთამაშა და მთავარი გმირი გამხდარიყო.
არაერთი წლის განმავლობაში უმაღლეს დონეზე თამაშის შემდეგ, 27 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში შესაძლოა, ძველებურად ვერ ბრწყინავს, მაგრამ საკმარისი ინტელექტი და ნიჭი აქვს, რათა ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები. მარკუს ტურამთან ერთად ორფორვარდიან სისტემაში თამაში უდავოდ თავსატეხს გაუჩენს პარიზელებს. მისი თქმით, „შავ-ლურჯებმა“ პსჟ-ს ძლიერი და სუსტი მხარეები სწორად უნდა განსაზღვრონ და ამავდროულად თამაშიდან სიამოვნება მიიღონ.
იან ზომერი
წინა ხაზში ეფექტური ასპარეზობის მიუხედავად, ძნელი წარმოსადგენია, მიაღწევდა თუ არა ინტერი წარმატებას მეკარე იან ზომერის გარეშე. ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 13 მატჩში მან 11 გოლი გაუშვა.მისი გამოსვლები ნახევარფინალში, მეოთხედფინალსა და ინგლისურ გუნდებთან ასეთია: მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ: 5 კარში დარტყმა და ხუთივე სეივი, 1.2 აღკვეთილი გოლი. არსენალის წინააღმდეგ: 4 კარში დარტყმა და ოთხივე სეივი, 1.6 აღკვეთილი გოლი.
ბაიერნის წინააღმდეგ ორივე შეხვედრა: 13 კარში დარტყმა და 10 სეივი, 0.21 აღკვეთილი გოლი. ბარსელონას წინააღმდეგ ორივე შეხვედრა: 19 კარში დარტყმა, 14 სეივი, 1.74 აღკვეთილი გოლი.როგორც ხედავთ, ამ სეზონში ჯანლუიჯი დონარუმას ბრწყინვალების გადასაფარად დიდი ძალისხმევა იყო საჭირო, რასაც 37 წლის ზომერმა თავი კარგად გაართვა.
აშრაფ ჰაქიმი
ხუთეულის ბოლო საფეხურზე ბევრი ვარიანტი არსებობდა: ალესანდრო ბასტონი, ვიტინია თუ სხვა, მაგრამ პარიზული კლუბის საკვანძო ინსტრუმენტი ის ვარსკვლავია, რომელიც სიაში ყოფნას იმსახურებს. აშრაფ ჰაქიმი პარი სენ-ჟერმენში სწორედ ინტერიდან გადმოვიდა, სადაც ერთი სეზონი ითამაშა, სერია A-ში 7 გოლი გაიტანა და სკუდეტოც მოიგო. ჰაქიმი წინა ხაზშიც ისევე ეფექტურია, როგორც - დაცვაში, რასაც არსენალთან ნახევარფინალში გატანილი გოლიც მოწმობს.
ათლეტურმა აფრიკელმა ფულბეკმა, რომელიც პსჟ-ს მაისურით მეშვიდე სეზონს ასრულებს, მნიშვნელოვნად დახვეწა და გააუმჯობესა დაცვითი ფუნქციები. თუკი ფედერიკო დიმარკოს აჯობებს და აიძულებს, იტალიელმა მხოლოდ დაცვაზე იფიქროს, მაშინ აშრაფ ჰაქიმის ფინალის შედეგზე ნამდვილად ძალუძს გავლენის მოხდენა.
კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია
პაატა ჩახვაშვილი
კომენტარები