… Remember, remember, the fifth of November!... - გვახსენებს ცნობილი პერსონაჟი, საკულტო კომიქს-ფილმიდან V for Vendetta, თუმცა ეს თარიღი ე.წ. გაი ფოკსის ღამის გარდა, სულ სხვა სახის ფოიერვერკების გასაშვები ღამეც აღმოჩნდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიულ მატჩში, რომლის მთავარი გმირი უკრაინელი გოლეადორი იყო.
1997-98 წლების ჩემპიონთა ლიგა პირველი 24-გუნდიანი ტურნირი იყო და წინა წელს არსებული ოთხი ქვეჯგუფის (16 გუნდი) ნაცვლად, წამყვანი ევროპული კლუბები უკვე ექვს ქვეჯგუფში იყვნენ განაწილებული. ამასთანავე, ეს იყო გათამაშება, რომელშიც ერთი ქვეყნიდან ერთზე მეტი კლუბი მონაწილეობდა.
C ჯგუფში ერთად მოხვდნენ „ბარსელონა“, ჰოლანდიის ჩემპიონი „პსვ ეინდჰოვენი“, „ნიუკასლ იუნაიტედი“ და კიევის „დინამო“.
დამეთანხმებით, ევროპის მასშტაბით ბევრი საფეხბურთო არენა იწონებს თავს განსაკუთრებული ატმოსფეროთი, ერთი ასეთი კი უდაოდ ბარსელონის „კამპ ნოუ“ გახლავთ. ეს ლეგენდარული სტადიონი, სადაც გულშემატკივრები ყოველთვის დიად შოუს ელიან, თავისი ისტორიის მანძილზე ხშირად შედარებულა ვირტუოზ გამომსვლელთა თეატრთან თუ ხმაურიან გიგანტურ ქვაბთან, იქნება ეს 70-იანი წლებიდან მოყოლებული, იოჰან კრუიფის შთაგონებით შექმნილი გუნდის სარბიელი თუ ლიონელ მესის სანახაობრივი ეპოქა...
1997 წლის 5 ნოემბერი სწორედ ერთი ასეთი საღამო იყო, თუმცა კატალონიის დედაქალაქში შემდგარი სასტიკი წარმოდგენის მსხვერპლი არა სტუმარი გუნდი, არამედ მასპინძელი „ასულგრანა“ იყო.
იმ წელს ლუი ვან გაალის „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურამდე საშინელი ასპარეზობით მივიდა: საწყისი შეხვედრა სტუმრად „სტ. ჯეიმს პარკზე“ 2:3 დათმო (ფაუსტინო ასპრილიამ 3 გოლი გაიტანა რუუდ ჰესპის კარში), შემდეგ შინ ეინდჰოვენელებთან გაიყო ქულები (2:2), მესამე მატჩში კი კიევში, 95 ათასზე მეტი მაყურებლის წინაშე სამი უპასუხო ბურთით დამარცხდა.
მე-4 ტურის შეხვედრაში კატალონიელებს არამარტო პირველი გამარჯვება სჭირდებოდა ჰაერივით, კიევში შერცხვენისთვის სარევანშოდაც ჰქონდათ საქმე, 7 ქულის მქონე „დინამოელები“ კი „კამპ ნოუს“ ქვეჯგუფის ლიდერის რანგში ეწვივნენ.
„ბარსას“ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი აკლდა, მაგრამ სასტარტო შემადგენლობაში ლუიშ ფიგუ, ჯოვანი და რივალდო იყვნენ, კარს კი კიევში გაძევებული ჰესპის ნაცვლად ვიტორ ბაია იცავდა.
ბაია და ჰესპი კი არა, კარლოს ბუსკეტსიც რომ მათთან ერთად მდგარიყო კარში, 5 ნოემბრის საღამო მაინც „დინამოს“ სუპერვარსკვლავის, ანდრეი შევჩენკოსი იქნებოდა - კიეველთა 21 წლის მარგალიტმა პირველივე ტაიმში შეასრულა ჰეთ-თრიქი - ორი გოლი თავით გაიტანა (მეორე თავური ნამდვილად ვიტორ ბაიას ნამუსზეა), მესამე კი პენალტით.

ვალერი ლობანოვკის გუნდის შემტევები მთელი შეხვედრის განმავლობაში აწიოკებდნენ „ბლაუგრანას“ დაცვას და სერგეი რებროვის მეოთხე გოლიც საკმაოდ ლოგიკური იყო, „ბარსა“ კი ორმატჩიან დუელში 0:7 დაიჩაგრა.
„ბარსელონა“ ქვეჯგუფში ბოლო ადგილით ჩარჩა, პირველადგილოსანი „დინამო“ კი ტურნირის მეოთხედფინალში მარჩელო ლიპის „იუვენტუსთან“ დამარცხდა (1:1, 1:4), თანაც ისე, რომ შინაურ კედლებში სხვა ვარსკვლავის ჰეთ-თრიქი იხილა: ანდრეი შოვკოვსკის კარში სამი ბურთი ფილიპო ინძაგიმ გაიტანა.
ხშირად ამბობდნენ, რომ ლობანოვსკი თავის ფეხბურთელებს მკაცრი სისტემით ზღუდავდა (ალბათ, კომუნიზმის გავლენით უჭერდა მხარს კოლექტიურობას), შევა კი იმ დაუვიწყარ თამაშში გუნდურ ჩარჩოებში მყოფი, ამავდროულად კი ბრწყინვალე ინდივიდუალისტი იყო.
ისეთი გუნდი, როგორიც 90-იანების მიწურულის კიევის „დინამო“ იყო, უპრესტიჟულეს ევროტურნირს გაცილებით მომხიბვლელს ხდიდა. მომდევნო სეზონში კიეველები ნახევარფინალამდე მივიდნენ და მიუნხენური გრანდის ბარიერი ვეღარ დაძლიეს, ანდრეი შევჩენკო კი 8 გატანილი გოლით, ტრიუმფატორ დუაიტ იორკთან ერთად, ტურნირის თანაბომბარდირი გახდა.
