-
Aa
+
ფონტის ზომა
დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა დრიოს საუკეთესო ფეხბურთელისთვის ეს მუნდიალი ნამდვილად ბოლო იქნება. მას შემდეგ, რაც მესიმ კატარის მსოფლიო ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულა და როგორც ლეგენდარული პიტერ დრური იტყოდა „საბოლოო პიკი დაიპყრო“ არსებობდა კითხვები, ითამაშებდა თუ არა ლეო მე-6 მსოფლიო თასზე.
რეალობა ისაა, რომ ამაზე დაზუსტებული პასუხი დღესაც არ ვიცით, კონკრეტულ პასუხს არც სკალონი გვცემს და არც მესი, გვეუბნებიან, რომ ეს იმაზე იქნება დამოკიდებული თუ როგორ ფორმაში შეხვდება არგენტინელი ზაფხულს, მაგრამ ყველაფერი იმაზე მიუთითებს რომ ლეო კვლავ კაპიტნის რანგში გაუძღვება ალბისელესტეს ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე.
უნდა ვაღიაროთ, რომ მესისთვის ბოლო კოპა ამერიკა შესაშური ნამდილად არ გამოდგა, მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელმა ზედიზედ მეორედ აღმართა თასი თავს ზემოთ. ლეოს საუკეთესო ფეხბურთელების სიაში ვერ ამოვიკითხავდით, ნაკრებს ლაუტარომ ულიდერა, ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე კი ხამეს როდრიგესი გახდა.
არავისთვის გასაკვირი არ იყო, რომ მესი 2025 წელს „დაბრუნდა“. ინტერ მაიამის სანატრელი MLS მოაგებინა, გახდა საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი 29 გოლით.
სამშაბათს, 31 მარტს არგენტინის ნაკრების ფოტოგრაფმა, მანუელ კორტინამ, ეზეიზას სავარჯიშო ბაზაზე, დანაღვლიანებული მესი დააფიქსირა და მსოფლიოს გვამცნო, რომ ეს დიდი ალბათობით ლეოს ბოლო ვარჯიში იყო არგენტინაში. შემდეგ იყო მესის მაისური ბომბონერას მინდორზე, 5-0 ზამბიასთან, გოლი და ოტამენდისთვის დათმობილი თერთმეტმეტრიანი.
ყველაფერი იმისკენ მიუთითებს, რომ ლეოსთვის ჩრდილოეთ ამერიკული თავგადასავალი ბოლო მატჩები იქნება ეროვნულ გუნდში, უდიდეს ტურნირზე სამყაროში, რომლის ისტორიაშიც მესიზე მეტ გოლში მონაწილეობა არავის მიუღია, ლეოს 26 თამაშში 13 გოლი და 8 საგოლო პასი დაუგროვდა.
მოახლოებული მსოფლიო თასის წინ უამრავი კითხვაა, ექნება თუ არა მბაპეს ზედიზემ მესამე საოცარი მუნდიალი, აწევს თუ არა სანატრელ თასს კრიშტიანუ, გვიცეკვებენ თუ არა ბრაზილიელები მივიწყებულ სამბას, ან იქნებ „ბექ თუ ბექ“ მუნდიალი მოაქვს არგენტინას და მესი ბოლო ცეკვას მე-2 მსოფლიო ჩემპიონატის თასით და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულით ასრულებს, რასთანაც მხოლოდ 3 გოლი აშორებს. „გოუთს“ ჯგუფურ ეტაპზევე ექნება ამის კარგი შანსი, მისი მოწინააღმდეგეები ალჟირი, იორდანიაა და ავსტრია იქნებიან. ხოლო თუ ალბისელესტესთვის (და არამარტო) ყველაფერი კარგად წარიმართა, მეოთხედ-ფინალში „გოუთების“ დაპირისპირების ბოლოჯერ ხილვის ბედნიერება გვექნება...
ლუკა მოდრიჩზე დიდი მემკვიდრეობით მუნდიალებზე ბევრი ფეხბურთელი ნამდილად ვერ დაიკვეხნის. ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები ხორვატიის ნაკრებიდან, 2018 წლის მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი, 2022 - ბრინჯაოს ბურთი, სხვა რომ აღარაფერი ვთქვათ, ზემოთ ჩამოთვლილი რეგალიებიც ძალაინ ბევრ რამეზე მეტყველებს.
ლუკას მსოფლიო თასის თავგადასავალი 2006 წელს წიყება, რომელიც არც ისე წარმატებული გამოდგა ხორვატებისთვის, შემდეგი გამოჩენა უკვე ბრაზილიის მუნდიალი იყო 2014-ში, სადაც პირველად ვიხილეთ დიდ სცენაზე მოკლეთმიანი ლუკა, არც ეს მსოფლიო თასი აღმოჩნდა „ცეცხლოვანთათვის“ წარმატებული.
დაღვინებული ლუკა მსოფლიოს უდიდეს ფორუმზე გაბრწყინებას 2018-ის მუნდიალის პირველივე თამაშებიდან იწყებს, ნიგერიასთან გოლი, შემდეგ კი განადგურებული არგენტინა და ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი, ულამაზესი გოლი და განაღდებული ნანატრი პლეი-ოფი. შემდეგ ბრძოლები დანიასთან, რუსეთთან და ინგლისთან, სამი დამატებითი დრო, ორი პენალტების სერია და ხორვატიის ნაკრები ფინალშია.
ლუკა გახდა პირველი ხორვატი ისტორიაში, ვინც ეროვნულ გუნდს ფიფას მსოფლიო თასის ფინალში გაუძღვა. გადაღლილმა ხორვატებმა მაინც გაუწიეს წინააღმდეგობა საფრანგეთის სუპერ გუნდს, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ. ლუკა მოდრიჩი კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს ბურთს დაეუფლა. ხორვატები სამშობლოში თავაწეულები დაბრუნდნენ.
2022 წლის მუნდიალზე ლუკა უკვე 37 წლის იყო, მაგრამ მისთვის ამას ხელი არ შეუშლია რომ ისევ დიდებულად ეკაპიტნა ხორვატიისთვის. ლუკამ მეოთხედფინალში ბრაზილიის წინააღმდეგ 120 წუთი ითამაშა და ზედიზედ მეორე ნახევარფინალში გაუძღვა ეროვნულ გუნდს. არგენტინასთან უშანსო მარცხის მიუხედავად, ხორვატიის ნაკრები სახლში არც ამჯერად წავიდა ხელცარიელი, ტურნირის აღმოჩენა, მაროკოს ნაკრების წინაარმდეგ ლუკამ ისევ სრული მატჩი ჩაატარა და ყელზე ბრინჯაოს მედალჩამოკიდებული გაემგზავრა სახლში. გზაში ბრინჯაოს მედალს ბრინჯაოს ბურთიც (ტურნირის მესამე საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო) დააწიეს...
სანამ 40 წლის ლუკა მილანური პუბლიკის გაოცებას არ წყვეტს, ცალი თვალი მოახლოებულ მუნდიალზე უჭირავს და ბოლო ცეკვისთვის ემზადება. პირველ ეტაპზე მაესტროს ინგლისთან, განასა და პანამასთან მოუწევს პაექრობა, შემდეგ კი ვნახოთ - მისთვის ხომ შეუძლებელი არაფერია...
სამხრეთ კორეელი ლეგენდა უდავოდ თავისი ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია, ამ ყველაფერზე მისი შესანიშნავი სტატისტიკაც მეტყველებს - 143 მატჩი, 54 გოლი და 24 საგოლე გადაცემა. სონის რეზიუმეში სამი მსოფლიო შემპიონატია, 2014, 2018 და 2022.
ბრაზილიის მუნდიალი სამხრეთ კორეელებისთვის წარუმატებელი გამოდგა, 21 წლის სონმა ერთი გოლის გატანა მოახერხა ალჟირთან მატჩში, სადაც კორეელები 2-4 დამარცხდნენ.
2018 წელს სონმა ჯერ მექსიკას გაუტანა მეორე ტურში, შემდეგ - გერმანიის ნაკრებს 96-ე წუთზე და სენსაციური ანგარიში 2-0 დააფიქსირა, ტრადიცია გაგრძელდა, მოქმედი ჩემპიონები ჯგუფში ჩარჩნენ, მაგრამ კორეას ეს გამარჯვება არ ეყო და გერმანელებთან ერთად სახლში მოუწიათ გამგზავრება.
2022 წელს, მესამე ტურის წინ, სონს შანსი ჰქონდა პირველად ეთამაშა მუნდიალის ფლეი-ოფში, წინ კი პორტუგალიის ნაკრები ელოდათ. გუნდებმა პირველ ტაიმში თითო გოლი გაცვალეს, თამაში გარდამავალი უპირეტესობით მიმდინარეობდა, 91-წუთზე კი სონმა აიღო ხელში სადავეები, 60-მეტრიანი რეიდი, ბრწყინვალე პასი და ერთი-ერთზე დატოვებული თანაგუნდელი. 2-1. ულევი ემოცია, სიხარულის ცრემლები, სამხრეთ კორეა მერვედფინალშია!
გასაკვირი არაა, რომ კატარში კორეელები ბრაზილიელებთან ვერაფერს გახდნენ. წელს კი სონს და კომპანია კიდევ ერთხელ ცდის ბედს მექსიკასთან, სამხრეთ აფრიკასთან და ჩეხეთთან. და ვინ იცის იქნებ სონის უკანასკნელი ცეკვა მუნდიალზე ცოტა უფრო დიდხანსაც გაგრძელდეს...
კატარში მაროკოსთან მატჩის შემდეგ გულშემატკივარმა საკმაოდ მტკივნეული კადრები იხილა, სანდრო რაჩკოვსკიმ მაქსიმალურად სცადა დრამატული სიტუაციის განმუხტვა მაყურებლის ყურადღების საბავშვო ევროვიზიაზე გადატანით, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოუვიდა...
შეიძლება ბევრმა იფიქრა რომ ეს კრიშტიანუს უკანასკნელი წუთები იყო მუნდიალზე, მაგრამ როდესაც საქმე ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირს და ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს ეხება, აქ საზღვრები არ არსებობს.
რონალდუს გზა მსოფლიო ჩემპიონატზე 2006 წელს იწყება, დრამა ინგლისთან, გაგდებული რუნი და ცნობილი თვალის ჩაკვრა. საფრანგეთთან წაგებული ნახევარფინალი და მეოთხე ადგილი. შემდეგ იყო ბევრი იმედგაცრუება: 2010 - ესპანეთთან მერვედფინალში მარცხი. 2014 - ტრავმა, გერმანისათან განადგურება და ჯგუფში ჩარჩენა.
რუსეთის მუნდიალი კრიშტიანუსთვის ბრწყინვალედ დაიწყო, ჰეთ-თრიქი ესპანეთის ნაკრებთან, 87-წუთზე გატანილი საოცარი გამათანაბრებელი. მაროკოსთან გამარჯვების გოლი და პლეი-ოფი. აქ კი საქმე გართულდა, პირინეის ბინადრები ურუგვაისთან ვერაფერს გახდნენ.
უკანასკნელი მუნდიალი რონალდუსთვის სკანდალური გამოდგა. თითქოს ყველაფერი კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ იყო ბრუნო ფერნანდეშის „მითვისებული“ გოლი და სათადარიგო სკამზე გადაჯდომა. არეულმა სიტუაციამ თავისი ქნა, პორტუგალია მაროკოსთან დამარცხდა.
თუ მესის შემთხვევაში დაზუსტებით არაფერი ვიცით, აქ ყველაფერი პირიქითაა. 41 წლის კრიშტიანუ დიდი იმედებით მიდის მუნდიალზე იმის იმედით, რომ განსაკუთრებით შთამბეჭდავ ბოლო ცეკვას შემოგვთავაზებს. პორტუგალიელის მონაგარი 22 თამაშში 8 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა და ის ამ სტატისტიკის სრულყოფას დასაწყისისთვის კოლუმბიის, უზბეკეთსა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებების წინააღმდეგ შეეცდება.
დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მუნდიალი ბოლო იქნება იმ ვარსკვლავებისთვის, რომლებიც ბელგიის ოქროს თაობიდან შემორჩნენ. ეჭვგარეშეა, რომ კევინ დე ბრუინი ამ თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი და ჩვენი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია.
2014-ში ჯერ კიდევ ახალგაზრდა „ოქროს თაობას“ გამოცდილება არ ეყო და მომავალ ფინალისტთან, არგენტინის ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.
2018 კი ბელგილების ფორმის პიკი გამოდგა. ლამაზ სტილში დამარცხებული ბრაზილიის ნაკრები და კევინ დე ბრუინის ბენეფისი - ულამაზესი კონტრ-შეტევა და ბრწყინვალე დაგვირგვინება.
ეს ჩემი კარიერის საუკეთესო გოლია
ბელგია მუნდიალს ნახევარფინალში სამუელ უმტიტის ერთადერთმა გოლმა გამოთიშა, დე ბრუინი და კომპანია მესამე ადგილს დასჯერდნენ. ოქროს თაობა ბრინჯაოს თაობად იქცა.
უკანასკნელი ჩემპიონატი ბელგილეთათვის კრახით დასრულდა, „წითელი ეშმაკები“ ჯგუფში ჩარჩნენ. ნეაპოლში გადაბარგებული მაესტრო ბოლოჯერ ცდის ბედს მუნდიალზე და დიდი ალბათობით ისევ ვიხილავთ ფლეი-ოფში. ბელგიელების მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე ეგვიპტე და ახალი ზელანდია იქებიან, ეს რაც დაზუსტებით ვიცით, მესამე მოწინააღმდეგე ირანის ნაკრებია, რომლის შესახებაც რაიმეს დაზუსტებით თქმა გამიჭირდება...
ეჭვგარეშეა, რომ მოჰამედ სალაჰი ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელია. არც ის გაგიკვირდებათ, რომ ეროვნული გუნდის რეკორდსმენია 65 გოლითა და 35 საგოლე გადაცემით. ამ ყველაფერს თავი მომ 113 მატჩში მოუყარა.
113 თამაშიდან კი მხოლოდ 2 მატჩია მსოფლიო თასის ეგიდით. 2018 წლის მსოფლიო თასზე ეგვიპტე ძალიან დრამატულად გავიდა, კონგოსთან 2-1 მოგებულ მატჩში სალაჰმა ორჯერ გაიტანა, გამარჯვების მომტანი გოლი 95-ე წუთზე.
მუნდიალამდე ყველაფერი ბრწყინვალედ მიდიოდა, ეგვიპტეს პლეი-ოფსაც კი უწინასწარმეტყველებდნენ, სალაჰს კი ოქროს ბურთს. სამწუხაროდ ეგვიპტელისთვის ტრაგიკული აღმოჩნდა ჩემპიონთა ლიგის ფინალი, სადაც სერხიო რამოსთან ორთაბრძოლაში სალაჰმა მხრის მძიმე ტრავმა მიიღო და მსოფლიო თასამდე გამოჯანმრთელება ვეღარ მოასწრო.
ურუგვაისთან პირველი თამაში გამოტოვა, ეგვიპტე 0-1 დამარცხდა. მეორე და მესამე ტურში სალაჰი დაბრუნდა და ორივე თამაშში შეძლო გოლის გატანა, მაგრამ ეგვიპტისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, 3 თამაში და 3 წაგება.
33 წლის ასაკში მოს კიდევ მიეცა მუნდიალზე თავის გამოჩენის შანსი, ეგვიპტეს არც ამჯერად აქვს იოლად საქმე, ჯგუფურ ეტაპზე ისინი ბელგიას, ახალ ზელანდიასა და ირანს (თუ რამე არ შეიცვალა) დაუპირისპირდებიან.
ბოლო პერიოდში ერთ-ერთი უმთავრესი განხილვის თემაა, წავა თუ არა ნეიმარი მსოფლიო ჩემპიონატზე. უამრავი გულშემატკივრისდა სამწუხაროდ უახლესი მოვლენები და ცნობები მხოლოდ საპირისპიროზე მიუთითებს.
კარლო ანჩელოტი სელესაოს არც ისე სახარბიელო ფორმაში მყოფ ყველა დროის ბომბარდირს ნამდვილად არ სწყალობს. ეს ბოლო ამხანაგურებში არგამოძახებითაც დადასტურდა. მსოფლიომ ნეიმარის რეაქციაც ნახა სიის გამოცხადებისას:
ჰეი ანჩელოტი, მე?... რათქმაუნდა დასევდიანებული ვარ, მაგრამ ყველაფერი კარგადაა, ახლა დროა მუშაობა განვაგრძო და თუ შესაძლებლობა იქნება მზად ვიყო.
რამდენიმე დღის წინ კი ბრაზილიურმა ESPN-მა ინფორმაციაა გაავრცელა, რომ ანჩელოტის გადაწყვეტილი აქვს ნეიმარის არ წაყვანა.
ნეიმარის ისტორია მსოფლიო თასზე 2014 წელს იწყება, სადაც ბრაზილია მთავარი ფავორიტის სტატუსით ხვდება მუნდიალს თავისივე მიწაზე. 22 წლის ნეი უკვე ნაკრების ლიდერია. წინა ზაფხულს სელესაომ კონფედერაციათა თასი მოიგო, სადაც ახალგაზრდა ვარსკვლავმა იფრინა, 4 გოლი გაიტანა, მათ შორის ფინალშიც (ბრაზილიამ ესპანეთი 3-0 გაანადგურა) და 2 საგოლე გადაცემაც მიითვალა, ოქროს მედალი კისერზე დაიკიდა და ბრაზილიელებს მუნდიალის წინ უდიდესი იმედი ჩაუსახა.
მსოფლიოს თასიც მშვენივრად დაიწყო, ჯგუფურ ეტაპზე 4 გოლი, შემდეგ მძიმე ბრძოლა ჩილესთან და თერთმეტმეტრიანებში გამარჯვება. კოლუმბიასთან ბრაზილიას მცველებმა უშველეს. მატჩის ბოლო წუთები ნეიმარისთვის საბედისწერო გამოდგა, კოლუმბიელი მცველის უხეში თამაში და ხერხემლის გატეხილი მალა.
ექიმებმა მითხრეს რომ ორი ამბავი ქონდათ, ერთი ცუდი და მეორე კარგი, ცუდი ის იყო რომ მსოფლიოზე ვეღარ ვითამაშებდი, ხოლო კარგი რომ სიარულს შევძლებდი...
შემდეგ იყო 2018 წლის მუნდიალი, გოლი და საგოლე პასი მექსიკასთან 2-0 მოგებულ მერვედფინალში და ტიბო კურტუას წინააღმდეგ ვერაფერს გამხდარი ბრაზილიელები. ნეიმარს შეეძლო კიდევ ერთხელ გამხდარიყო გმირი, მაგრამ 93-ე წუთზე ცხრიანში დარტყმულ ბურთს ტურნირის საუკეთესო მეკარემ წაარტყა თითები...
ნეიმარის უიღბლობა კატარშიც გაგრძელდა. პირველივე მატჩში კოჭის ტრავმა მიიღო და ჯგუფური ეტაპის მომდევნო ორი მატჩი გამოტოვა. კორეასთან დაბრუნდა და გოლი და საგოლე პასით გამოირჩა.
ხორვატიასთან ბრაზილიელებს მძიმე მატჩი გამოუვიდათ, 90 წუთში ვერაფერი გადაწყდა. პირველი დამატებითი დროის ბოლო წუთზე კი სცენაზე ნეიმარ ჟუნიორი გამოჩნდა, დრიბლინგით წაღებული ბურთი ორ თანაგუნდელთან გაათამაშა, მეკარეს გვერდი აუარა და სელესაო დააწინაურა. ალბათ მთელი მსოფლიო და ბრაზილიაც უკვე არგენტინასთან ნახევარფინალურ მატჩზე ფიქრობდა, როცა ხორვატებმა ცივი შხაპი გადაასხეს და ბრაზილიელები სახლში გაუშვეს.
თითქოს მოახლოებული მუნდიალი ნეიმარის ბოლო ცეკვა უნდა ყოფილიყო, ჩვენც ხომ სწორედ ასეთი ფეხბურთლების გამო გვიყვარს მოსფლიო ჩემპიონატები, მაგრამ როგორც ჩანს პაპა კარლო გრინჩის როლს მოირგებს და „საფეხბურთო შობის“ ნეიმარისეულ ნაწილს მოგვპარავს...

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები