დიკ ადვოკაატი კიურასაოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოულოდნელად დაბრუნდა.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მისმა მემკვიდრემ, ფრედ რუტენმა, მსოფლიო ჩემპიონატის დებიუტამდე 1 თვით ადრე თანამდებობა დატოვა.
ადვოკაატმა ისტორია გასული წლის ნოემბერში დაწერა, როდესაც კარიბის ზღვის კუნძული პირველად გაიყვანა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, თუმცა 3 თვის შემდეგ თავისი ქალიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგა.
მისი მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, ნიდერლანდურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადვოკაატი მზად იყო ყოფილ თანამდებობაზე დასაბრუნებლად.
კიურასაოს ფეხბურთის ფედერაციის (FFK) პრეზიდენტმა გილბერტ მარტინამ დაადასტურა, რომ ადვოკაატი კვლავ ეროვნული ნაკრების სათავეში დაბრუნდა.
78 წლის სპეციალისტი ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელი გახდება, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე იმუშავებს.
რუტენის ხანმოკლე მუშაობის პერიოდში, რომელიც მარტში ჩინეთთან და ავსტრალიასთან მარცხებს მოიცავდა, FFK-ზე მოთამაშეებისა და სპონსორების მხრიდან ზეწოლა იყო, რათა მისი თანამემამულე ადვოკაატი დაებრუნებინათ.
FFK-მ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა რუტენს, თუმცა მხოლოდ 3 დღის შემდეგ განაცხადეს, რომ 63 წლის სპეციალისტმა თანამდებობა დატოვა „ღია და კონსტრუქციული“ მოლაპარაკებების შემდეგ.
„არ უნდა დავუშვათ ისეთი გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც მოთამაშეებსა და სამწვრთნელო შტაბს შორის პროფესიულ ურთიერთობებს დააზიანებს,“ - ნათქვამია განცხადებაში.
გონივრულია, ერთი ნაბიჯით უკან დაიხიო. დრო ცოტაა და კიურასაომ წინ უნდა იაროს.
მსოფლიო ჩემპიონატზე გასული ყველაზე პატარა ქვეყანა კიურასაო 14 ივნისს E ჯგუფის პირველ მატჩში გერმანიას შეხვდება, შემდეგ კი ეკვადორსა და კოტ-დ’ივუარს დაუპირისპირდება.