3 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
დღეს, 10 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის ჯგუფის მეორე მატჩს, ალბანეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.
შეხვედრა ტირანაში, აირ ალბანია სტედიუმზე, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.
დღეს საფეხბურთო მოედანზე ერთმანეთს 1 ჯგუფის ლიდერები დაუპირისპირდებიან - ორივე გუნდმა ტურნირი საოცნებოდ დაიწყო. საქართველომ მიხეილ მესხის სტადიონზე სახელოვანი ჩეხეთი გაანადგურა (4:1), ალბანელებმა კი სტუმრად უკრაინას 2:1 მოუგეს. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ სერგეი რებროვის გუნდს ორი ლიდერი, მიხაილო მუდრიკი და არტემ დოვბიკი არ ჰყავდა.
ვილი სანიოლის გუნდი ტირანაში ამაღლებული განწყობით ჩაფრინდა - ბიჭებმა ევრო 2024-ზე კარგი შედეგით მოპოვებული მუხტი ერთა ლიგაზეც გადმოიტანეს და 7 სექტემბერს მესხზე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პერფომანსი შემოგვთავაზეს, რამაც ალბანეთთან რთული გასვლის წინ, გულშემატკივართა მოლოდინი ცალსახად გაზარდა.
თავის მხრივ, ალბანელებიც თავდაჯერებულები არიან, მათი გულშემატკივრები ტრიბუნაზე ჯოჯოხეთის მოწყობას გვპირდებიან. რამდენად გამოუვათ, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ალბანეთის სტადიონებზე სტუმრებს ადვილი მატჩი არასდროს არ აქვთ ხოლმე და ამ მხრივ, ჩვენმა, მეტოქესთან შედარებით მცირერიცხოვანმა ქომაგებმაც უნდა ივაჟკაცონ.
ალბანეთის წინააღმდეგ ისტორიაში 15 მატჩი ჩავატარეთ და დადებითი ბალანსი გვაქვს - 8 მოგება, 4 ფრე და 3 მარცხი.
დღევანდელ მეტოქესთან ისტორიაში პირველი დაპირისპირება 1994 წლის 14 დეკემბერს, სწორედ ტირანაში გაიმართა და მაშინ შოთა არველაძის გოლით 1:0 მოვიგეთ.
უკანასკნელ მატჩს რაც შეეხება, ის 2022 წლის მარტში, ასევე ტირანაში გაიმართა (ამხანაგური) და ფრედ 0:0 დასრულდა. უკანასკნელად ალბანელებმა ჩვენი დამარცხება 2005 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევზე მოახერხეს (3:2), ჩვენ კი ბოლო გამარჯვება 2013 წელს მოვიპოვეთ (გასვლაზე 2:1).
ალბანეთი - საქართველოს დაპირისპირების საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძეა, რომელმაც მეტოქეს 6 გოლი გაუტანა. ჯამში, 15 გამართულ მატჩში საქართველომ მეტოქეს 23 გოლი გაუტანა, თავის კარში კი 13 მიიღო.
ნაკრებები ერთმანეთს რომ შევადაროთ - საქართველოს საერთო ღირებულება Transfermarkt-ზე 177 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც თანხის ლომის წვლილი ხვიჩა კვაარაცხელიაზე (80 მილიონი ევრო) და გიორგი მამარდაშვილზე (45 მილიონი ევრო) მოდის.
ალბანეთის ღირებულება 104 მილიონ ევროს შეადგენს. გუნდის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ინტერის მცველი კრისტიან ასლანია - 18 მილიონი ევრო.
ალბანელების ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბრაზილიელი ყოფილი ფეხბურთელი სილვინიოა, რომელსაც თავის დროზე ბარსელონაში, არსენალში და მან სიტში აქვს ნათამაშები. მან გუნდი 2023 წლის იანვარში ჩაიბარა და მას შემდეგ, 17 მატჩის ჩატარება მოასწრო (8 მოგება, 4 ფრე, 5 მარცხი, ბურთების სხვაობა +10).
დღევანდელ მატჩს ჯგუფური ეტაპის თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა აქვს - ორივე გუნდი ჯგუფს 3 ქულით ლიდერობს და ამ შეხვედრაში გამარჯვება გუნდს 6 ქულით ერთპიროვნულ ლიდერობას მოუტანს.
სავარაუდო შემადგენლობები
ალბანეთი: სტრაკოშა, ჰიუსაი, ისმაილი, კუმბულა, მიტაი, რამადანი, ასლანი, ასანი, ლაჩი, ბაირამი, მანაი
საქართველო: მამარდაშვილი, გველესიანი, კაშია, დვალი, კაკაბაძე, ლოჩოშვილი, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე, კვარაცხელია.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები