ამერიკულმა საფეხბურთო კლუბმა ჩიკაგო ფაიერმა საქართველოს ეროვნული ნაკრების 25 წლის ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი ოფიციალურად წარადგინა.
ქართველი ფეხბურთელი MLS-ის კლუბს რუმინული უნივერსიტატეა კრაიოვადან შეუერთდა. სამედიცინო შემოწმების გავლის, ვიზისა და საერთაშორისო ტრანსფერის სერტიფიკატის მიღების შემდეგ, მექვაბიშვილი ამერიკულ გუნდთან კონტრაქტს 2029 წლამდე გააფორმებს, რომელსაც ხელშეკრულების 2030 წლამდე გახანგრძლივების ოფციაც ექნება.
ახალწვეულის შესახებ საუბრისას ჩიკაგო ფაიერის მთავარმა მწვრთნელმა, გრეგ ბერჰალტერმა აღნიშნა:
ჩვენთვის დიდი სიამოვნებაა, რომ გუნდს ანზორის კალიბრის მოთამაშე დაემატა. მისი გამოცდილებაც, როგორც საერთაშორისო, ასევე ევროპულ შეჯიბრებებში, ფასდაუდებელი იქნება. მექვაბიშვილი რუმინეთის ჩემპიონი გუნდის წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს. გვჯერა, რომ ის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩვენი ნახევარდაცვის გაძლიერებაში.